7 აგვისტო, 2021

ჯემალ ქარჩხაძე მწერლებზე

მწერალი ჯემალ ქარჩხაძე თავის წიგნში “მარტოობის ჩუმი ედემი” მწერალსა და პატრიოტიზმზე წერს:

“თუ მწერლობის დანიშნულება ადამიანის სულის კვლევაა, ჩვენი მწერლობა ქვეყნის ისტორიული ბედუკუღმართობის გამოისობით ამ სულს უმთავრესად მხოლოდ ერთი კუთხით – სამშობლოსთან მიმართებაში იკვლევს, რის გამოც თვალსაწიერი შეზღუდული აქვს, ასე ვთქვათ მისი ხის მხოლოდ ერთი ტოტი ისხამს. თქმა არ უნდა, ეს ნაკლია, სავსებით ბუნებრივია შინაგანი მოთხოვნილება იმისა, რომ ეს ნაკლი დაძლიოს.

პატრიოტულ მოტივში ჩვენ სარგებელიც ვიპოვეთ, თავშესაფარიც და ამოუწურავი შემოქმედებითი იმპულსიც, ამიტომ ზარების რეკვას, საჭიროება რომ გაივლის, მერეც არ ვწყვეტთ და ქვეყანას ვაყრუებთ.

პატრიოტიზმი არ ისე უხიფათო რამ არის, ის ისეთი სასმელია, რომლის ერთი ჭიქა მარგებელია, ორი ჭიქა – მაწყენარი, სამი – გონების დამაბნელებელი. ამგვარი გონების დაბნელების ნიშნები ჩვენში ბევრია. არ ვიცი, როდის ჩაეყარა საფუძველი ჩვენში პატრიოტულ მოტივს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩვენი ძველები ამ მხრივ გაცილებით უფრო ჯანსაღი ხალხი იყო, გრძნობებს იმის ნებას არ აძლევდნენ, გონების ტერიტორია მიეთვისებინათ.

ჩვენ პატრიოტიზმი თვითმიზნად ვაქციეთ და ორივე უკიდურესობის მიმართულებით წავედით, რომელთაგან ერთს გამოყენებით პატრიოტიზმამდე მივყავართ, მერკანტილურ პატრიოტიზმამდე, რაც სრული უზნეობით მთავრდება, მეორეს – პატრიოტიზმის იდეოლოგიზაციამდე, რომლის უკიდურეს წერტილში ღმერთიც კი სამშობლოს სამსხვერპლოზე იდება და შესაძლებელია საკუთარი სამშობლოს სიყვარულის საზომი სხვისი სამშობლოს სიძულვილი გახდეს.

ჩვენ ვამბობთ – “დედა-სამშობლო”, სწორსაც ვამბობთ, მაგრამ განა საუკეთესო შვილი ის შვილია, რომელიც ყოველ ცისმარე დღეს აივანზე გადმოდგება, მთელი უბნის გასაგონად აქებს საკუთარ დედას და ფიცის კორიანტელს აყენებს, რომ თვალის ჩინივით მოუფრთხილდება და, თუ საჭირო შეიქნა, სიცოცხლესაც ანაცვალებს? ამგვარი პატრიოტიზმი, საფუძვლებში თუ ჩავდევთ, ანტიპატრიოტიზმია. ვინ არ იცის, რომ დროდადრო შეძახება აუცილებელია, მით უფრო ისეთ მრავალტანჯულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ერს თუ ჩასთვლიმა, გამოღვიძება სჭირდება, თუ გაგულგრილდა, დამუხტვა სჭირდება, თუ გალაჩრდა, შეგულიანება სჭირდება, მაგრამ გამუდმებით ყვირილი არ შეიძლება.

ცალკეულმა მწერალმა, ცხადია, ნებისმიერ ეპოქაში შეიძლება მთელი თავისი ნიჭი პატრიოტულ მოტივს მოახმაროს, თუ კი ეს მისი შინაგანი მოთხოვნილებაა, მაგრამ როცა იგი საყოველთაო მოვლენად და – მეტიც – ლიტერატურული კაპიტალის მოგროვების საშუალებად იქცევა, მაშინ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მკითხველიც უკვე მიჩვეულია და უმთავრესად პატრიოტულ მოტივს მოითხოვს – ეს შეთქმულებაა ღმერთისა და ჭეშმარიტი პატრიოტიზმის წინააღმდეგ.

ალბათ, ამიტომც გვეთვლება ასეთი პატრიოტიზმი ნაკლად, თორემ მხოლოდ აუცილებლობით რომ დავკმაყოფილებულიყავით და წამალი საზრდოდ არ გვექცია, სწორედ თვისება იქნებოდა და არა ნაკლი, და, საერთოდ, უფრო ახლოს ვიქნებოდით იმ მდინარესთან, რომელშიც მსოფლიო კულტურა მიედინება.”