21 აგვისტო, 2021

გურამ ოდიშარიას არაჩვეულებრივი ჩანაწერი

მწერალი გურამ ოდიშარია არაჩვეულებრივ ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს:

“ლომა

ლომა ქართული ნაგაზია, ყაზბეგური. მეცხვარე. ასე, 10 წლამდე იქნება. ანუ, ძაღლებში დაახლოებით იმ ასაკისაა, რომელსაც მე ადამიანებისთვის განკუთვნილ ანალოგიურ ასაკში უკვე ფრთხილად მივუკაკუნე.

მთელი თავისი ცხოვრება ცხვარში გახარჯა, მძიმე და ხიფათიან ჯაფაში. ეს მგლებთან და ძაღლებთან ბრძოლისას მიღებულ ჭრილობებზეც ეტყობა. წინა ფეხზე ღრმა ნაიარევი აქვს. ისე, ამ სტრიქონების წერისას რომ დავუფიქრდი, ლომასავით არც მე მქონდა გალაღებული ცხოვრება: ომი. ომები… ტრამვები, უძილო ღამეები, შრამები სხეულსა და გულზე. და გულშიც… არამოკეთეებისა თუ მოკეთეებისაგან ნაწყალობევი.
ორივენი მოვიჟოფრეიპეირაკებთ. ლომაცა და მეც.

შარშან, წლის ბოლოს, როდესაც მწყემსები მთებიდან ცხვრებსა და ძროხებს ბარისკენ მიერეკებოდნენ, ლომამ მეტი ვერ იარა მშობლიურად ქცეულ გზაზე. დაიღალა, სასტიკად დაიღალა ღამეებნატეხი, ჭრილობებატკივებული. და დაეცა ტალახიან გზაზე.

მაშინ ბულაჩაურს გადიოდნენ მისი ფარა და მისი მეცხვარეები, უძველესსა და ულამაზეს ბულაჩაურს. ჩუმად ჩაიარეს, გაიძურწნენ მწყემსები, გაეპარნენ მისი მეგობარი ძაღლებიც, მისი ცხვრებიც, ძროხებიც და სიქაგამოცლილი ლომას ნაღვლიანზე ნაღვლიანი მზერა წაიყოლეს…

ნოემბრის ბოლო დღეები იდგა. დეკემბერიც და მთელი ზამთარიც ძალიან მკაცრი გამოდგა – დაუსრულებელი, დაუნდობელი ყინვებით, უხვი და მოსაბეზრებელი თოვლით. ლომა სოფლის გზაზე ნაგვის ურნებთან თუ პოულობდა გამხმარი პურის ნატეხებს. ხანდახან კიდევ ზოგიერთი მოსახლე გადაუგდებდა საჭმლის ნარჩენს, ის, ვინც ძაღლებში მეტ ადამიანურს ხედავს, ვიდრე თანამოძმეთა უმრავლესობაში. გახდა ლომა, მომაკვდავს დაემსგავსა. თეთრ-ყვითელი ბეწვის ცვენა დაეწყო.

ერთხელაც ჩვენს სახლსაც მოაკითხა. სიტყვები არ ჭირდებოდა – მის მზერაში მთელი მისი ცხოვრება, მთელი მისი ტკივილი იკითხებოდა. ფართოდ გავუღე აგარაკის ჭიშკარი… შარშანდელი დეკემბრის დასაწყისიდან ბულაჩაურში ვცხოვრობ, თბილისში მხოლოდ დროგამოშვებით ჩავდივარ.

მას შემდეგ ლომამ ჩვენს შუკაშიც და ჩემს ეზოშიც დაიდო ბინა. ცისანამ, მეუღლემ, თავი გამოიდო და ძველი დივანის დეტალებისაგან, ფიცრების, პოლიეთილენისა და რემონტს მორჩენილი წყლის მილების გადანაჭრებისაგან სახლაკი აუგო.

სამურაის გავდა, პატრონმოკლულს (რონინს ანუ). სამურაი-მეთქი, როცა დავუძახე, არც შემომხედა. ტაისონ-მეთქი! არც მაშინ ჩამთვალა ყურადღების ღირსად. მერე გამახსენდა ქართული ნაგაზების ყველაზე პოპულარული სახელი და, ლომა-მეთქი… წაჭრილი ყურები ცქვიტა, თაფლისფერი თვალებით გაოცებულმა ამომხედა და მოკლე კუდი აუტოკდა – ჩემი სახელი შენ საიდან იციო.

წელს, როდესაც დედამიწას ისევ დაუბრუნდა გაზაფხული, და მასთან ერთად სრულიად საკაცობრიო იმედი პანდემიის საბოლოოდ დამარცხებისა, ბულაჩაურის თემშარაზე ისევ გამოჩნდნენ ცხვრების ფარები, ზოგიც – ძროხებისა და ხარების ჯოგებშერეული. ფარების უმრავლესობას, როგორც წესი, ან ვაცი მიუძღვებოდა, ან – ყოჩი. უკვე ისინი ბარიდან მთისკენ მიემართებოდნენ.

ბულაჩაური არაგვის მარჯვენა ნაპირზეა განლაგებული, დიდი სოფელია. ის ორ, ქვემო და ზემო ბულაჩაურად იყოფა. ბულაჩაური, ისევე როგორც არაგვის ჭალებთან მდებარე სხვა სოფლები, ძველთაგან მწყემსების გზადაა ცნობილი. ამ გზით მიერეკებიან ცხვარს ფშავ-ხევსურეთის, ფასანაურის თუ ყაზბეგის საძოვრებისკენ ყვარლელი, ახმეტელი თუ ყარაჯალელი მწყემსები.

ადამიანები და ცხოველები ორი-სამი კვირის განმავლობაში წვიმაში, თოვლსა თუ სიცხეში 150-200 კილომეტრს გადიან.

როდესაც ბულაჩაურის გზაზე პირველი ფარას ზანზალაკების ჟღრიალი გაისმა, ლომა თავისი სახლაკიდან წამოფრინდა და გზაზე ყეფით გავარდა. ყეფდა და მწყემსების ყურადღებას ითხოვდა – ლომა ვარ, ლომა!.. აბა, მაჩვენეთ თავი!.. თქვენ ჩემი მწყემსები ხომ არ ხართ? ვერ მცნობთ?.. ლომა ვარ, ლომაო!..

მაგრამ ვერ ცნობდნენ მეცხვარეები ლომას – ისინი სხვა ძაღლების მწყემსები იყვნენ. დღეში ასე რამდენჯერმე მეორდებოდა. ხანდახან ზანზალაკების ხმის გაგონებამდეც ყნოსვითაც გრძნობდა ცხვრების მოახლოებას. წამოვარდებოდა, გაიქცეოდა ფარისკენ, მაგრამ… მწყემსებს შორის კვლავ არც ერთი არ იყო მისი.

რამდენიმე წამში ფარავდა მანძილს თავისი სახლაკიდან გზამდე. შინ კი დიდხანს ბრუნდებოდა, მთელი ნახევარი საათის განმავლობაში, ლასლასით. მოდიოდა და ფეხები უკან რჩებოდა. აი, მაშინ კი ეტყობოდა ასაკი.
ცისანა ლომას რამდენჯერმე გაყვა გზისკენ.

– ამას თუ იცნობთ? – ლომაზე ეკითხებოდა მწყემსებს.
მეცხვარეები უარის ნიშნად თავს აქნევდნენ.
– გაიკითხეთ სხვებთან, შარშან ჩამორჩა ფარას, ლომა ჰქვია! ცოდვაა, სულ თავის პატრონს ელოდება!
ლომას პატრონი კი არც გაზაფხულზე და არც ზაფხულშიც არ გამოჩნდა.

დატოვეს ლომა. ისე… ძალზე ჩვეულებრივად. ვითომც არც იცნობდნენ. ვითომ არც არაფერი აკავშირებდათ.
სამუდამოდ დატოვეს, რა თქმა უნდა. მისი პოვნა რომ ნდომებოდათ, სულ ადვილად იპოვნიდნენ. არც რამეა ამ ამბავში გასაკვირი – ადამიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისების შესაბამისად მოიქცნენ.

ქართულ, საერთოდ, კავკასიურ, შესაძლოა, სხვა ჯიშის ნაგაზსაც გამორჩეული ჩვევა აქვს – ბოლომდე იცავს პატრონს, იმ ვითარებაშიც კი, როდესაც კარგად ხედავს, რომ აუცილებლად დაიღუპება.

თავგანწირვითა და ერთგულებით, ღირსების შეგრძნებით ქართული ნაგაზი ძალიან ჰგავს თავის წინაპარს – მგელს.

ბავშვობაში და სტუდენტობისას მინახავს ხოლმე თუ როგორ მოყავდათ მწყემსებს მხრებზემოკიდებული დაჭრილი ან ფეხმოტეხილი მეცხვარე ძაღლები. დაღლილებიც. ან გადაყავდათ ისინი ცხენზე გადაკიდებული ხურჯინით, ურმით, სატვირთო მანქანით. ბევრჯერ მინახავს.

ღამით, როდესაც მწყემსებსაც ძინავთ, მეცხვარე ძაღლები არ იძინებენ. ისინი მწყემსებსაც დარაჯობენ მაშინ.
დიახ, მაშინ მწყემსების მწყემსები ხდებიან!

ლომა ღამღამობით ყმუის, ვიღაცას უხმობს, ენატრება ვიღაც. კაკლების უბანი კრთება იმ დროს. მეზობლებს გონიათ, მგელი შემოეხეტა სოფელშიო. ზოგიც ეჭვობს, რაღაც ცუდ ამბავს ხომ არ გვიწინასწარმეტყველებს ეს ძაღლი, ჟინვალის წყალსაცავს რამე არ მოუვიდესო. დავუცაცხანებთ და ყუჩდება, მაგრამ მალევე განაგრძობს ყმუილს. ოღონდ უკვე ძალიან ხმადაბლა.

ბოლო დროს, ჩემს მანქანას წინ გადაუდგება ხოლმე და თბილისისკენ არ მიშვებს. ყმუის. ტირის. სალომესაც ასე აცილებს. ვერ ძლებს მარტო. სულ ჩვენს სიახლოვეს უნდა ყოფნა.

თუ სოფელში ფეხით გავისეირნებთ, თან დაგვყვება. ყველასა და ყველაფრისაგან გვიცავს. მენაგვეებისაგანაც კი.
სულ მოფერებას ითხოვს. ეშინია, თქვენც არ მიმატოვოთ. არ მიღალატოთო!
გზის პირას მობალახე ძროხებს უყეფს – სადღაც მიერეკება, ფარას არ ჩამორჩეთო!
ფაქიზად ეპყრობა ლეკვებსა და ბავშვებს. ქალებსაც. კაცებს კი… ყველას ერთნაირად არა – ერთმანეთისგან არჩევს. არც მათ ივიწყებს, მარტოდ დარჩენილს ქვებს რომ ესროდნენ.

თავისუფლებაში გაზრდილი უცნაურობებსაც ავლენს. ვესაუბრები. ვაკვირდები. ვსწავლობ.
ჩემმა აწგარდაცვლილმა მეგობარმა, აკაკი გასვიანმა ერთხელ მითხრა, სვანეთში ასე ამბობენ – არ დაგავიწყდეს ქორწილში მათი წაყვანა, რომლებიც განსაცდელის დროს გვერდიდან არ გშორდებოდნენო!..
ნუ დავტოვებთ, პატივცემულებო, მწყემსების მწყემსებს! ნურც ერთმანეთს დავტოვებთ, ძვირფასებო, მაშინ, როდესაც ძალიან ვჭირდებით ერთმანეთს!

ლომა, ძველო გვარდიელო, ბობოქარი გზების ბელადო, შენს პენსიონერობას ვერასოდეს წარმოვიდგენ, უკვე აღდგენილი გაქვს ძველი ძალაცა და იერიც. მეზობლის კეთილმა ქალბატონმა ყარაჩოღელსაც შეგადარა. თუ საჭირო გახდა, შენს ძველ პატრონსაც მოვძებნი და მერე თავად აირჩიე, ვისთან დარჩე – მასთან თუ ჩემთან. თუ არადა, ვიყოთ ასე, ერთად. მეორედ არავინ დაგტოვებს. სიტყვას გაძლევ!

არ მიაქციო ყურადღება ზოგიერთებს. არ გვიცნობენ ისინი ჩვენ, ამიგო. არც შენ, არც მე. ხომ აკვირდები, როგორ გვითვლიან თითოეულ ღერ ჭაღარას, როგორი უნდო სახეებით გვაკვირდებიან… და რაებს არ მიედ-მოედებიან ეს ჭორების წამიერადდამჯერებლები… არ მიაქციო ყურადღება, თუ ძმა ხარ, მათ, რომლებსაც გულით ხედვა არც შეუძლიათ და ვერც კი წარმოუდგენიათ.

მაგრად, მაგრად უნდა ვიყოთ.
არაგვის სათავისკენ აიხედე, ჩვენგან ხომ კარგად ჩანს, ახედე მშობლიურ კავკასიონს.
ისიც ჭაღარაა, მაგრამ მისი სული ხომ არწივების ფრთებს ზემოთ, ციურ ქარში კრიალებს, გაუტეხელი და მარად ახალგაზრდა, დღესასწაულების მომლოდინე და შემქმნელი…“