31 აგვისტო, 2021

გოგი დოლიძის საოცარი ისტორია

მომღერალ გოგი დოლიძის უეცარმა გარდაცვალებამ მის ათასობით მსმენელს საშინლად ატკინა გული.

კომპოზიტორი და მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი გოგი დოლიძესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს:

“გოგი დოლიძე იყო ყველა ქართველის საფიცარი მომღერალი, ჭეშმარიტად ქართველი და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული კაცი! ბევრი ადამიანი მღერის საქართველოში, აქვს ძალიან მაგარი სმენა, არაჩვეულებრივი ხმა, ძალიან კარგად მღერის, მაგრამ გოგი სულ სხვა იყო, გოგი გულით მღეროდა და სწორედ მაგ გულმაც იმიტომ უმტყუნა! როცა მღეროდა გულიდან ამოსული ხმა იყო, რაღაცა სევდაც ჰქონდა ხმაში, ბევრჯერ მინახავს სცენაზე თავის ქვეყანაზე და ხალხზე ატირებული, ჭეშმარიტად დიდი გულის მომღერალი იყო დიდებული ქართველი! როცა პატრიოტულ სიმღერებს მღეროდა საქართველოზე ორმაგად და ათმაგად ქართველი ხდებოდი, ის სიმღერებს არჩევდა, ისე არ იმღერებდა თუ გულთან ახლოს არ იყო, უნდა მოერგო თავის ხმისთვის…

რამოდენიმე ეპიზოდს მეც გავიხსენებ მასთან შეხვედრის: ფილარმონიაში გვქონდა კონცერტი, ჩემი გამოსვლა იყო და, როგორც ყოველთვის, ვნერვიულობდი, ჩემს შემდეგ “ქართული ხმები” მღეროდნენ და უკვე ორმაგი ნერვიულობა დამემატა! გამომაცხადეს, გამოვედი სცენაზე და დავიწყე სიმღერა ,,შემოსულა ოქროსფერი შემოდგომა, ზამთარმაც კი გადმოუშვა ფიფქები, ამ ჩემს გულში სიყვარულმა ჩამოთოვა, ისევ ისე მომერივნენ ფიქრები…” როგორც იქნა, ჩავამთავრე, ძალიან კარგად მიმიღო მაყურებელმა, დიდი ტაშიც მოვწყვიტე, მაგრამ, როგორც ყოველთვის, სცენიდან უკმაყოფილო გამოვედი, ჩვევა მქონდა ასეთი საკუთარ თავს ველაპარაკებოდი, ვუბრაზდებოდი… ეს ესე არ უნდა გემღერა, აქ არ უნდა ამოგესუნთქა და ასე შემდეგ! უცებ ნაცნობი ხმა გავიგე ,,ძალიან კარგად იმღერე, ნუ გაატრაკე საქმე, მამა, ხომ იცი რომ ხოშიანად მღერიხარო” ვა, გამოვიხედე კულისებში და გოგი მიღიმის, მაშინ არ ვიცნობდი გოგის და გაატრაკეო რომ მითხრა, გამიკვირდა, ეტყობა თავისიანად ჩამთვალა-მეთქი გენიოსმა, გავიფიქრე…

საერთოდ ვისაც გოგისთან ჰქონდა ურთიერთობა, ერთი დალაპარაკებით იმდენად შენიანი ხდებოდა, გიკვირდა, ისე შინაურულად გელაპარაკებოდა, გეგონა ერთად გაიზარდეთ. სხვა რომ ყოფილიყო თავს გავუხეთქავდი, მაგრამ გოგი? ისე გულიანად მიღიმოდა, ვერაფერი ვერ ვთქვი, ჩემთვის ჩავილაპარაკე ,,მე მომღერალი არ ვარ, კომპოზიტორი ვარ-მეთქი”, გოგიმ გააგრძელა ,,შენ კარგი სიმღერები გაქვს, მიშა, კონცერტის მერე დარჩი და იქნებ ავარჩიოთ ჩემთვის რაღაც სიმღერაო.” “კარგი-მეთქი”, ვუთხარი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!

“ქართული ხმები” გამოვიდნენ, დაინგრა დარბაზი ოვაციებით და კონცერტი რომ მორჩა, უცებ ფოიეში მეძახიან, გოგი გეძახისო, მივედი და როიალის გვერდით იჯდა სულმნათი გოგი ,,აბა, დაჯექი და მომასმენინეო” და დავიწყე – “გარეთ წვიმდა და აღარ იღებდა, დარდი უდარდელებს გულში გაგვიჩნადა”, თან ხელები მიკანკალებდა, მაინტერესებდა მოეწონებოდა თუ არა. ვა, უცებ პოზა შეიცვალა გოგიმ და უფრო გულისყურით დამიწყო მოსმენა… მერე იყო ერთი ფრაზა ,,ღვინის სმას რომ გადაჰყვება ლოთად გადაიქცევა” მერე მოვაყოლე ,,გარეთ წვიმდა და მოხუცს აწვიმდა, ღმერთო, ნუ გასწირავ საწყალს ამ ქვეყნად…” უცებ გამაჩერა, თვალზე ცრემლი მოადგა “აი, ეს სიმღერა მე უნდა ვიმღერო, ჩემზეა დაწერილიო” და იქვე დააყოლა “შენ არ გეგონოს ყველა სიმღერას ვმღერი, თუ არ მომეწონა, პირდაპირ გეტყვი არ მომწონსო და მორჩაო… მერე მეორეც მოვასმენინე, “მივყვებოდი აღმა ქუჩას” ასე ერქვა ამ სიმღერას და მითხრა, ქართული ჯაზური სიმღერა პირველად მოვისმინე ასეთიო, შემაქო და ამასაც ვიმღერებო და ასე დავშორდით…

საოცარი კაცი იყო. ბელინსკზე შემხვდა ,,მაპატიე, მამაშენის გარდაცვალებაზე აქ არ ვიყავი, საფრანგეთში მქონდა კონცერტებიო, მომიბოდიშა, ბავშვი მყავს საპარიკმახეროში ვკრიჭავო, მითხრა, რა მორიდებული კაცი ხარ, შენ ხო შემპირდი სიმღერებს ჩავწერდითო, რატომ არ ჩანხარო, როცა დარეკავ სახლში, უთხარი მიშა ვარ ზაქარიაშვილი და დამიძახებენ, ისე არ დამიძახებენ მილიონი კაცი მრეკავსო…” და ორი კვირის შემდეგ გოგიც წავიდა… ჩემს მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, ჩემს თავს ვადანაშაულებდი, კიდევ დააგვიანე მეთქი კიდევ, უკვე მერამდენედ… ნათელში იყოს მისი სული! 24-ე სკოლასთან რომ გავივლი და მისი ბიუსტი მხვდება, სევდა მიპყრობს და ჩვენი შეხვედრები მახსენდება.

ასე ახალგაზრდა წავიდა და უამრავი თაყვანისმცემელი, მსმენელი დატოვა. ძალიან გულიანი კაცი იყო, ზოგჯერ გურული სიფიცხეც ჰქონდა, მაგრამ მისი ნაწყენი კაცი არ მახსოვს! გასვენებაშიც მოშორებით ვიდექი ნიკოლოზის ეკლესიასთან და ამხელა კაცი ცრემლებად ვიღვრებოდი. წავიდა კიდევ ერთი ქართველი, ერთი უბრალო კაცი, რომელიც ზეციდან გადმოგვყურებს და გვეუბნება: ,,ქართული იმღერეთ, მამა, ქართული…”