გია მურღულიას გენიალური წერილი

გია მურღულიას გენიალური წერილიფილოლოგი გია მურღულია ათასობით ადამიანს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წერილებით ანებივრებს.

“არტ ინფო” გთავაზობთ მის ერთ-ერთ წერილს, რომელსაც ნამდვილად შეიძლება გენიალური ვუწოდოთ:

“წარმოიდგინეთ, რომ ახლა გაკვეთილი იწყება და თქვენმა უფროსკლასელმა ასეთი კითხვა დაგისვათ:
– მას, ყველაზე მარტივად როგორ შეგიძლიათ გვითხრათ, ღმერთი არსებობს თუ არა?

შეიძლება, მართლა აინტერესებს, შესაძლოა, უბრალოდ ხუმრობის ხასიათზეა. ნუ გამორიცხავთ იმასაც, რომ ნაღველი შემოეყარა და მხოლოდ საკუთარ თავში კი არა, მის მიღმაც იმედს ეძებს.

სამივე ამ შემთხვევისთვის ვიღაც გონიერმა და კეთილშობილმა, ძველად თუ ახალ დროში. ასეთი იგავი შეთხზა:

ღ მ ე რ თ ი დ ა დ ა ლ ა ქ ი

ერთხელ კაცი სადალაქოში მივიდა, რათა თმა და წვერი წესრიგში მოეყვანა. როდესაც დალაქმა თავისი სამუშაო დაიწყო, კლიენტსა და მას შორის საინტერესო საუბარი ჩამოვარდა. საუბრობდნენ სხვადასხვა საკითხზე და საბოლოოდ ღმერთის თემასაც შეეხნენ.

– არ მჯერა, რომ ღმერთი არსებობს! – თქვა დალაქმა.
– და რატომ ფიქრობთ ასე?! – შეეკითხა კაცი.
– კარგი, მოდით, უბრალოდ გავიდეთ ქუჩაში და მაშინვე მიხვდებით ამას. მითხარი, ღმერთი რომ არსებობდეს, იქნებოდა ამდენი ავადმყოფი ადამიანი? მიტოვებული ბავშვი?! ღმერთი, რომ არსებობდეს, ტკივილი არ იარსებებდა… რატომ დაუშვებდა იგი ასეთ რამეს?

კლიენტი წამით დაფიქრდა, თუმცა პასუხი არ გაუცია, რადგან კამათი არ სურდა. ამასობაში დალაქმა სამუშაო დაასრულა და კაციც გარეთ გამოვიდა. ქუჩაში, სადალაქოსთან ახლოს ერთი კაცი იდგა, რომელსაც გრძელი, ჭუჭყით სავსე თმები და გაუპარსავი წვერი „ამშვენებდა“. კაცი დაუვარცხნელი და ბინძური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

კლიენტი სადალაქოში შებრუნდა და დალაქს უთხრა:
– იცით რა? დალაქები არ არსებობენ!..
– როგორ შეგიძლიათ ამის თქმა? – აღმოხდა დალაქს. – მე, აქ ვდგავარ, თქვენ წინ და სულ რამდენიმე წუთის წინათ თმები და წვერი შეგაჭერით.”
– არა, დალაქები არ არსებობენ, – მიუგო კლიენტმა მას და ქუჩაში მდგომი კაცისკენ მიუთითა. – დალაქები, რომ არსებობდნენ, ქვეყნად ასეთი გრძელთმიანი და წვერგაუპარსავი ადამიანები არ იარსებებდნენ.
– მაგრამ დალაქები არსებობენ! უბრალოდ ისინი არ მოდიან ჩემთან… – აღმოხდა დალაქს.
– გეთანხმებით, ღმერთის შემთხვევაშიც ასეა. უბრალოდ ადამიანები არ ეძებენ და არ მიდიან მასთან. სწორედ ამიტომაცაა სამყაროში ამდენი ტანჯვა და ტკივილი.

სანამ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს (ეს კი სამუდამო საჩუქარიც არის და პასუხისმგებლობაც), ის ვერავის ვერაფერს დააბრალებს, თუ მისი არჩევანი მცდარია.

არ არის აუცილებელი ღმერთის “გაუქმება”, თუ შენ რაღაც არ გამოგდის – რომც არ გწამდეს, მაინც.
აკი თქვა ვოლტერმა, ღმერთი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ის უნდა გამოგვეგონებინაო.

ვირწმუნებთ მის არსებობას თუ არა, ეს ჩვენი თავისუფალი არჩევანია, მაგრამ ერთი რამ სრულიად ნათელია – თუ ის არსებობს, მასთან უნდა მიხვიდე.

როგორ მიხვიდე?
ფიქრით, ქცევით, დუმილით, სიტყვით, სიკეთით, ღირსებით, ღიმილით, სიყვარულით…
მასთან მისასვლელი ათასი გზა არსებობს.
ამ საღამოსაც შეგიძლია ესტუმრო – თუ რასაც მასზე ამბობენ, მართალია, ის ნებისმიერ წამს გელოდება.

დალაქები კი საკუთარ კარგ საქმეს მიხედავენ – ისევე როგორც იგავები.”