გია მურღულია მეგობრობაზე

გია მურღულია მეგობრობაზეფილოლოგი გია მურღულია მეგობრობაზე ძალიან საინტერესო ჩანაწერს გვთავაზობს:

“ზოგ მეგობარს

იმიტომ კი არ გემორჩილები და ყოველთვის თუ ყველგან მოგყვები, რომ შენი მეშინია ან აღმატებულად მიმაჩნიხარ – უბრალოდ, ჩვენი მეგობრობა მიყვარს.

იყავი ამის ღირსი, რადგან ამქვეყნად არაფერია მეორე ადამიანის გულწრფელი სიყვარულის უარყოფაზე უარესი.
ეს თავისუფალი არჩევანია და არა ვინმესგან დაკისრებული ან იძულებული ვალდებულება – ამ არჩევანის მიღმა არავინ მჭირდება.

მეგობრობა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა საკუთარი თავის და არა მაინცდამაინც სხვის წინაშე.

ამის გარეშე არც არაფერი მინდა და არც არაფერს დაველოდები – ეს უპრინციპო “სარგებლის ველი” არ არის.

დიოგენეს მიაწერენ ამ ნათქვამს: “მეგობრობა – ეს ერთი სულია ორ სხეულში”.

“გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც” მსგავსად წერია: “ქართლიდან ტაოსკენ მიდიოდა ოთხი ადამიანი, “ვითარცა ერთი სული ოთხსა გუამსა შინა დამტკიცებული”. ამიტომაც გვაქვს ქართველებს სიტყვა “ერთსულოვნება”.

ჰოდა, სულს რა ამქვეყნიური სარგებელი უნდა სჭირდებოდეს? – ის მარადიულია.

მისი ნამდვილი სასიცოცხლო სივრცე მხოლოდ სიყვარულია – დაეჭვება, ერთი სუსტი წუთის შემდეგ, უკვე შეურაცხყოფს.”