25 აგვისტო, 2021

განსაკუთრებული მოგონება გურამ რჩეულიშვილზე

მწერალ გურამ რჩეულიშვილზე მოგონებებს მისი მეგობრები და კოლეგები ხშირად აქვეყნებენ.

“არტ ინფო” გთავაზობთ მოგონებებს შემოქმედის დის – მარინა რჩეულიშვილის მონოგრაფიიდან:

“1960 წლის აგვისტოს ბოლოს თუ სექტემბრის პირველ რიცხვებში არ მახსოვს, ვინ მოიყვანა ჩვენთან გაგრის ამბების უშუალო მონაწილე პეტერბურგელი ქართველი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ღელვისგან შემოსვლაც კი უჭირდა ჩვენთან ოთახში. დედასთვის არაფერი მითქვამს. მეშინოდა მოულოდნლელად არ შეხვედროდა მას და ამიტომ თითქოს სანახევროდ მივიღე და ვცდილობდი, მალე წასულიყო ის ადამიანი, რომელთან შეხვედრაზეც ამაოდ ვოცნებობ ახლა, ოცდაათი წლის შემდეგ. პეტერბურგელი მორცხვად ჩამოჯდა სკამის კიდეზე და ბორძიკ-ბორძიკით ჩუმად თქვა რუსულად, თითქოს თავისთვის: “მე გადამარჩინა გურამმა. თქვენ, ალბათ, ჩემი დანახვაც არ გინდათ…”

“…ჩემი ძმის ერთმა შორეულმა ამხანაგმა მითხრა: იმ დღეს, როდესაც ეს ამბავი მოხდა (ე.ი. 1960 წლის 23 აგვისტოს), გურამი შემხვდა გაგრიფშთან და ახალ და ძველ გაგრას შორის მდებარე ზღვისპირა პავილიონში, სასტუმრო “ჩელუსიკინელებთან”, დამპატიჟა სადილადო. როგორც ჩანს, ასე აღმოჩნდა ჩემი ძმა რესტორანში შემთხვევით ნაცნობებთან ერთად. მათ შორის იყო პეტერბურგიდან ჩამოსული ორი ახალგაზრდა კაცი, ერთი – წარმოშობით ქართველი, მგონი, გვარად აბრამიშვილი. სუფრას, როგორც მითხრეს, თამადობდა გურამი.

ზღვისპირა პავილიონიდან ჩანდა, ბობოქარი ზღვის ტალღები როგორ ეხეთქებოდნენ ხელოვნურად აშენებულ მაღალ ჯებირს. ამბობდნენ, ასეთ ღელვა, ქარიშხალი გაგრის სანაპიროზე აქამდე არა ყოფილაო! საკმაოდ ნასვამ ქართველ პეტერბურგელს უთქვამს: – მოდი, შევეჯიბროთ, ვინ შეძლებს ასეთ ღელვაში ზღვაში შესვლასო. ამბობენ, რომ გურამი არ იყო ნასვამი. ის თურმე ყველანაირად ცდილობდა დაერწმუნებინა სხვები, ხელი აეღოთ თავიანთ განზრახვაზე. გამიკვირდა კიდეცო, მითხრა ერთ-ერთმა იქ მყოფმა ახალგაზრდამ, გურამისგან ასეთ დაჟინებული სიფრთხილე. მაგრამ მან ვერაფერი გააწყო და ორი პეტერბურგელი სახლისოდენა ტალღებში გაუჩინარდა.

ცოტა ხანში, ისინი უკვე ნაპირზე გამოსვლას ცდილობდნენ, მაგრამ ტალღებს ვერ უმკლავდებოდნენ. გურამმა თურმე გაიხადა ზედა ტანსაცმელი და დარჩა “ტილნიაშკით”. როგორც ჩანს, რაღაც მომენტის მოლოდინში ის იდგა ზღვისპირა ჯებირზე, რომელსაც აბობოქრებული ზღვა აწყდებოდა და ზედ გადმოდიოდა.

მერე ყველაფერი, როგორც ჩანს, უეცრად და გაურკვევლად მოხდა. ზოგმა თქვა, ერთ-ერთს, ტალღამ რომ გამორიყა, გურამმა გაუწოდა ხელი ამოსაყვანად, ეს ნაბიჯი თავიდანვე განწირული იყო და, მართლაც, მოვარდნილმა ახალმა ტალღამ ჩაითრიაო. ზოგი ამბობდა, გურამი პირდაპირ გადაეშვა ტალღებში ბიჭების დასახმარებლადო. მთავარი იყო, რომ ყველა იქ მდგარი ადამიანის მახსოვრობაში – მერე ეს მოედო მთელ საქართველოს და ასევე ხალხში დარჩა სამარადჟამოდ – გურამი სხვის გადარჩენას შეეწირა მსხვერპლად.

იგივე მითხრა პირად საუბარში გაგრიდან ჩამოსულმა პეტერბურგელმაც, -“Меня спас Гурам”, – თუმცა არ დაუზუსტებია და არც მე მიკითხავს, როგორ მოხდა ყველაფერი. ყველა იქ მყოფს ცხადად დაამახსოვრდა კიდევ ერთ რამ: გურამის ზღვაში შესვლის შემდგომ ერთმა ტალღამ გურამი ჩაითრია, მეორემ ისევ გამორიყა და უკან წავიდა. ჯებირთან მდგომმა ხალხმა დაინახა, როგორ წამოიმართა რაღაც წამს ტალღის გარეშე დარჩენილი სანაპიროდან გურამი და იმის მაგივრად, რომ მომავალი ტალღის დარტყმამდე ნაპირისკენ გამოქცეულიყო, აუჩქარებლად ასწია მარჯვენა ხელი, ისე როგორც ალავერდის გუმბათზე მისმა გმირმა ერთი წლის წინ, და გარკვევით თქვა: “Секунда!”… ამ დროს გურამს ისევ დაეწია ახალი ტალღა და უკან შეაგდო ზღვაში.

ჩემს მეუღლეს, გეიდარ ფალავანდიშვილს, დიდი ხნის შემდეგ მოსკოვიდან მომავალ თვითმფრინავში შეხვდა გაგრელი მოცურავე მარკ შაგოვი და უთხრა: – წყალში გადავეშვი, ხელი ჩავავლე გურამს, მაგრამ გამიძალიანდა, არ გამომყვა, მითხრა, სხვებს მიხედეო. ეს იყო, დაახლოებით, დღის სამი საათი…”