ედუარდ უგულავას ძალიან კარგი ლექსი

ედუარდ უგულავას ძალიან კარგი ლექსიპოეტი ედუარდ უგულავა თავის ერთგულ მკითხველს უზიარებს ლექსს, რომელიც საკონკურსოდ დაწერა და დიდგორის ბრძოლას მიუძღვნა:

“ძლევაი საკვირველი

ჯერ დილაა,
ჯერ არ არის აგვისტოს მზე მწველი,
ვეღარ იტევს თურქ-სელჩუკთა ჯარს დიდგორის ველი.
მტრის სიმრავლე, ესოდენი, მნახველს ტოვებს სახტად,
დაუჩრდილავს ცის სილურჯე მათთა ბაირაღთა.
მომხვდურს ერთი სურვილი აქვს, ერთი ჟინით იწვის –
სრულად აღგვას საქართველო პირისაგან მიწის…
მაგრამ მამულს არ დათმობენ, სული უდგათ სანამ,
ორ მთას შორის ქართველები ჯებირივით დგანან,
მათ თვალებში სიმტკიცე და უფლის რწმენა სუფევს.
იქვე მდგარი ყივჩაღები აწვალებენ შუბებს.
ამართულა ცისკენ ჯვრები, შლიან სეფე დროშას,
ქართულ ჯარში ასიოდე ჯვაროსანიც მოჩანს.
მოლაშქრენი აღვირებით ძლივს იჭერენ ცხენებს;
ეჰ, რამდენი დღეს ხვალინდელს ვეღარ გაითენებს…
გული მათი აუწონელ ფიქრს და ვარამს იტევს –
ვის დარჩება საქართველო, მაჰმადსა თუ ქრისტეს?!.
ციდან უკვე დამშეული ყვავ-ყორნები ყეფენ.
საქართველოს ჯარს მიმართავს საქართველოს მეფე:
– ეჰა, ქრისტეს მეომარნო, ვიდრე გული გვიცემს,
თუ ღვთის რჯულის დასაცავად,
მტერს დავხვდებით მტკიცედ,
არა მარტო ეშმას მსახურთ დავაფეთებთ ხმლებით,
თვით ეშმაკსაც დავამარცხებთ, უფლის მეოხებით!
ჩვენ შევკარით ვიწროები, ხით ჩავხერგეთ ხევი,
გზა ყოველმხრივ მოჭრილია უკან დასახევი.
მტერს, რომ ზურგი შეაქციოს, ვის მოუვა აზრად?!.
სიკვდილი ან გამარჯვება, არ არსებობს სხვა გზა!..
უცებ მტერი აჩოჩქოლდა, რადგან ნათლად ხედავს,
თავის მხარეს გადმომავალ ორას ქართველ მხედარს.
მცირე რაზმი ურიცხვ ლაშქარს ვერ მოუტანს ზიანს,
გზას უხსნიან, რადგან მოსულთ მოღალატედ თვლიან.
მტრის რიგებში შეაღწიეს ქართველებმა ოდეს,
იძრეს ხმლები, ხერხს მიმართეს ყოვლად მოულოდნელს.
სასიკვდილოდ განწირული, ძალა ერთი მუჭა,
ჯარს ყივილით დაეძგერა, ღვიძლს შიგნიდან უჭამს;
და იმავ წამს ქართველებმა სცეს საომარ ბუკთა,
დაბნეული შეტორტმანდა ჯარი თურქ-სელჩუკთა.
დაძრა ცხენი დავით მეფემ, ურყეველმა გულით,
სმენას ბზარავს ყიჟინა და ფლოქვთა თქარათქური.
ხმლები თეთრად ელვარებენ, მზეზე ჯაჭვი ბზინავს,
რკინა, ცეცხლში გაწრთობილი, ეხეთქება რკინას.
იღეჭება საჭურველი, ილეწება ძვალი,
იბრძვის დავით და ომშიაც მეფეთ მეფე არი…
თავს სწირავენ მეომრები მისაღწევად მიზნის,
იბრძვიან და ხმაურისგან ცა და მიწა იძვრის;
და ფრიადი ცემისაგან ხმალი გალღვა როცა,
მოწყდა მთიდან მხედრიონი, მტერმა გაიოცა, –
რა გრგვინვაა?! რა ზარია?!. რა ღვთის რისხვა არის?!.
ეს დემეტრე უფლისწული თავის რჩეულ ჯარით
დაეშვა და ქვა და ღორღი დაიყოლა თანა,
მომხვდურს ფერდი შეულეწა, გროვად გაიტანა.
გატყდა მტერი, ვეღარ იტევს აურაცხელ ზარალს,
იკლაკნება, ხერხემალი ისე დაებზარა.
თავს შველიან, სიცოცხლე სურს – ჭკვიანსა თუ რეგვენს
და გარბიან, თან ერთმანეთს უმოწყალოდ სჯეგენ.
ძარღვში სისხლი დაძაბუნდა, პირში ნერწყვი გაშრა
და ტფილისმა გაიგონა ქართველების ვაშა…
კვლავ ცხენდაცხენ მიჰყვებიან მეომრები პატრონს,
მტერს საზღვრამდე უნდა სდიონ, სული ამოჰხადონ…
დავითს წამით ჩაეღიმა, არად აგდებს წვრილმანს,
რა ქარქაში კვლავ უარყო ხრმალმან დაღვლარჭნილმან.
გვირგვინოსანს ქვეშევრდომნი შეჰყურებენ რიდით,
დღეს მეფემან, მკლავმაგარმან, „ქმნა წყობანი დიდნი“.
………………………..
ახსოვს მამულს მტერთა ზედა ძლევა საკვირველი,
ახლაც იშრობს თურქ-სელჩუკთა სისხლს დიდგორის ველი…
მადლი იმ დღის მავანს დღემდე გულს ესობა ისრად,
მხნეობითა ქართველთა და შეწევნითა ღვთისა…”