21 ივლისი, 2021

უსინათლოთა კულტურის ცენტრის მოთხოვნა

საქართველოს უსინათლოთა კულტურის ცენტრის დირექტორი ცირა ვეფხვაძე საგანგებო განცხადებას აქვეყნებს:

“მივმართავ უსინათლოთა კულტურის ცენტრის თანამშრომლებს: ხვალ დილით, ათ საათზე, ვიკრიბებით კულტურის სამინისტროსთან (ყოველგვარი ბანერებისა და ტელევიზიების გარეშე) მინისტრთან შეხვედრის თხოვნით. იმედი ჯერ კიდევ გვაქვს, რომ არ გაგვაწბილებენ.

მოგმართავთ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს: უსინათლოთა ერთადერთ ცენტრს თქვენი დახმარება ახლა ჰაერივით სჭირდება. იგი უკვე მეორე თვეა, დაფინანსების გარეშე დარჩა, თუმცა მაინც სრული დატვირთვით მუშაობს. უსინათლოთა კავშირმა თავისი პირობა შეასრულა და მაისის ბოლომდე დაგვაფინანსა. ახლა ჯერი კულტურის სამინისტროზეა, რომელიც ცენტრის საქმიანობას 2013 წლიდან აფინანსებდა, წელს კი ჩვენთვის ვეღარ მოიცალა.

თავს არ გაცოდებთ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ უსინათლოობა ინვალიდობის ყველაზე მძიმე კატეგორიაა. დაეხმარეთ ჩვენს ცენტრს, რადგან შემოქმედებითი უნარების მქონე უსინათლო სხვაგან ვერსად დასაქმდება. ცხოვრება ისედაც რთულია, ჩვენთვის მით უფრო. ამიტომაც გთხოვთ, კიდევ მეტად ნუ დაგვიმძიმებთ. მოგვეცით შესაძლებლობა: ვიმღეროთ, ვწეროთ, ვიკითხოთ, ვითამაშოთ სცენაზე… ანუ ვიცხოვროთ და საყვარელი საქმე ვაკეთოთ. ვფიქრობ, უსაშველოს არაფერს ვითხოვთ.

ჩვენ გენდეთ და ხმა მოგეცით, ამასვე ვაპირებთ ოქტომბერშიც. გასაჭირის ჟამს, იმედია, თქვენი თანადგომაც არ დააყოვნებს.”