საქართველოში დაბრუნებული ღვთისმშობლის უნიკალური ხატი

საქართველოში დაბრუნებული ღვთისმშობლის უნიკალური ხატისაქართველოში სრულიად უნიკალური, XVII საუკუნის სამხელა ღვთისმშობლის ხატი დაბრუნდა.

გიორგი ჩიკვაიძე:

“13 ივნისს მე და ირაკლი პაპიაშვილი გავფრინდით საფრანგეთში, მარსელში, საიდანაც ერთი დიდი იახტა უნდა წამოგვეყვანა მონტენეგროში. იახტა მარსელში ჩამოვიდა ფლორიდიდან. ამ პროცედურას ზღვის გავლით, ამ იახტიანად საშუალოდ 10 დღე საჭიროებდა. მოხდა ისე, რომ მარსელში რეგისტრაციის პროცესი გაიწელა, როგორც იქნა, დავიძარით საფრანგეთიდან.

ერთი ღამე იყო გასული, როდესაც კაპიტანმა გვითხრა, რომ ამინდი ფუჭდება ზღვაში და მოდი შევცვალოთ მარშრუტი და ნებისმიერ კუნძულზე გავჩერდეთ, სადაც იახტების სადგომი და ბენზინგასამართი სადგური იქნებაო, ჩვენც დავეთანხმეთ.

უეცრად ძალიან აირია ამინდი – ქარი, ტალღები, წვიმა. როგორც იქნა, თავი ძლივს შევაფარეთ კუნძულ კორსიკაზე Ajaccio-ს. შევედით მარინაზე და გავჩერდით, ამასობაში ისეთი შტორმი დაიწყო ამ კუნძულის გარშემო, რომ იქ მაცხოვრებლები აღნიშნავდნენ, ბოლო 10 წელია მსგავსი არ გვახსოვსო. ჩვენც ვიფიქრეთ რამდენიმე საათში დამშვიდდება შტორმი და განვაგრძობთ ცურვას.

საბოლოოდ მოხდა ისე, რომ 11 დღე ამინდი არ დამშვიდდა, შესაბამისად, აღმოვჩნდით დატყვევებულები ამ კუნძულზე, აღარ ვიცოდით რა გვექნა და დრო რითი გაგვეყვანა. გადავწყვიტეთ, ქალაქისთვის წრე დაგვერტყა ფეხით, რა დროსაც მივადექით ქალაქის გალავანს. ირაკლის ვეუბნები და ვუთითებ ერთი ძველი სახლის სარდაფზე, აი, იქ უნდა მივიდეთ რაღაც უჩვეულოდ სასიამოვნო სუნი მომდისთქო და მაინტერესებს შიგნით რა ხდებათქო.

მივედით. რკინის დიდი კარი გისოსებით იყო ჩაკეტილი. მთელი დღე იქ ვიჯექით, რა დროსაც იქვე მაცხოვრებელი ბიჭები მოვიდნენ, ვკითხეთ, ხო არ იცოდნენ რა იყო ამ სარდაფში და ვის შეეძლო გაღება. დიდი ხანი გვიყურეს და ბოლოს გვითხრეს, რომ ეს ძველი მიტოვებული ანტიკვარიატის მაღაზია იყო და პატრონს დაურეკეს. მოვიდა მოხუცი კაცი, დაბნეულმა გვკითხა, თუ რას ვეძებდით და თან კარს ხსნიდა. წარმოიდგინეთ პატარა უძველესი ოთახი, არანორმალური ნესტი, ძირს ეყარა ბევრი ნაგავი და ძველი ნივთები დალეწილი.

უეცრად ვხედავთ ულამაზეს მართლმადიდებლურ ღვთისმშობლის ხატს! როდესაც ახლოდან დავაკვირდი, აღმოჩნდა ძალიან ძველი მე-17 საუკუნის სამხელა ღვთისმშობლის ხატი, ამ ხატს დიდი ისტორია აქვს, მან იოანე დამასკელს მოჭრილი ხელი გაუმრთელა, რის შემდეგაც იწოდება სამხელად.

მოკლედ, მოვრიგდით ამ მოხუც კაცთან და ეს ხატიც წამოვაბრძანეთ. მთელი დანარჩენი პერიოდი ზღვაში ჩვენთან ერთად იყო. 13 ივლისს დავბრუნდით საქართველოში. დღეს ეს ხატი არის სამთავროს დედათა მონასტერში, ჩვენი სურვილით გადავეცით იღუმენია ქეთევანს. ასე რომ, ეს XVII საუკუნის ხატი დაბრძანდება სამთავროში.

როგორც გაირკვა, ეს ხატი დიდი ხნის წინ ერთ ბერძენ ქალს მიუტანია იმ ანტიკვარიატის მაღაზიაში მაშინ, როცა ეს მაღაზია მოქმედი იყო, როგორც ამ მოხუცმა კაცმა გვითხრა, აუქციონზე ყოფილა ნაყიდი 90-იან წლებში. მას მერე ბევრი წელი გავიდა, ეს მაღაზიაც დაიკეტა და არც ის ქალი აღარ გამოჩნდა.

მიხარია, რომ დღეს ეს ხატი საქართველოშია!”