6 ივლისი, 2021

სანდრო ახმეტელის საოცარი ისტორია

რეჟისორ სანდრო ახმეტელთან დაკავშირებით ხელოვნების მოყვარულებს არაერთი საინტერესო ისტორია გაუგონიათ, მაგრამ ამბავი, რომელსაც ალექსანდრე ქანთარია გვიზიარებს, ნამდვილად გამორჩეულია:

“შორს, ციმბირში, რომელიღაც დუქანში ჩაის დასალევად შევიდნენ ის, ვინც ეს ამბავი მიამბო და ერთი კიდევ სხვა. მედუქნემ სტვენით ერთი გამხდარი კაცი მოიხმო. იმ კაცს წვეტიანი ცხვირი ჰქონდა. მოიხმო და, სტუმრებს ჩაი მიართვიო, უბრძანა. კაცმა ხელის კანკალით მიართვა ჩაი სტუმრებს და შეშინებული გაშორდა მაგიდას.
– იცი, ვინ არის ეს კაცი? – ეკითხება ერთი მეორეს.
– ვინ?
– მეიერჰოლდი!
– ვინ?!
– მეიერჰოლდი! სწორედ ის მეიერჰოლდი…
ტანში გამცრა.

თუმცა მასაც, ვინც ყვებოდა, არ სჯეროდა, რასაც ყვებოდა და მაინც. რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს ეს ამბავი, ხომ შეითხზა, ვიღაცამ ხომ მოიგონა.

ახმეტელზე ასეთ რამეს ვერ მოიგონებ, მისი პორტრეტი ამის საშუალებას არ იძლევა! მისი ცხოვრების წესი ამის საბაბს არ მოგვცემს. და თუ მაინც რაიმეს შეთხზავენ, ის, ალბათ, სულ სხვანაირი იქნება. თუნდაც ასეთი: ირგვლივ სითეთრეა და სიცარიელე. მძიმე და დახურული მატარებელი გრუხუნით ღრღნის ლიანდაგს. ვაგონიდან ხვეულთმიანი კაცი ხტება, თოვლში მიგორავს. მატარებლიდან გამოდევნებული ტყვიები მიზანს აღწევენ. დაჭრილი დგება, მერე ეცემა, ხოხვით მიიწევს. სულ ახლოს მგლის, ან იქნებ სულაც ვეფხვის ღმუილი ისმის. დაჭრილისაკენ მიჰქრის ტაიგის მშიერი ვეფხვი. კაცი ყელში მიაწვდენს ხელებს. ვეფხვი ბრდღვინავს, დაჭრილი მაინც არ უშვებს. ბოლოს ორივე დუნდება…

რაღა გავაგრძელო, მე ხომ მწერალი არა ვარ, ის მინდა ვთქვა, რომ ორივე კვდება.

ასეთი რამ შეიძლება მოიგონო სანდრო ახმეტელზე და ხალხი დაიჯერებს. დაიჯერებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახმეტელი ვეფხისა და მოყმის ავტორის ქვეყანაში ცხოვრობდა, არამედ იმიტომაც, რომ მისი ცხოვრება ასეთი ყოფილა.”