3 ივლისი, 2021

ლაშა მარგიანი: “გიჟს ვგავარ”

პოეტი ლაშა მარგიანი არ მალავს, რომ ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს:

“სინამდვილეში, იცით როგორ ვარ, ნაღმზე ფეხდადგმულივით, დაღლილობისა და სიმწრისგან, სადაცაა რომ ჩაიკეცება და აფეთქდება, ჰაერში აიწევა.

კვირაში მინიმუმ 150 ლარის წამლებს ვსვამ, ფიზიკურად ვეღარ ავუდივარ, გიჟს ვგავარ.

ვიღაცისთვის შესაძლოა ერთი ჭამის ფულია ეს, მაგრამ ჩემთვის, როცა არსაიდან არანაირი შემოსავლის წყარო არ გამაჩნია, გარდა რაღაც მოხატული ნივთებისა, რომლებიც თვეში ერთი თუ გამეყიდება, კვირების საგზლად უნდა ვანაწილებდე ამ თანხას და ვიმყოფინო, რაც შეუძლებელია.

ამას წინათ რამდენიკე კვირით შევეშვი, თავი დავანებე წამლების მიღებას, მაგრამ იმდენად ცუდად გავხდი, ვეღარ შევძელი გაძლება.

გაუსაძლისიდან-გაუსაძლისამდე, ასე ჰქვია დღეს ჩემს ცხოვრებას.

ვიცი, რომ ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში ჩემზე ბევრად უარესად მყოფებიც არიან, მაგრამ მე ჩემი ცუდად ყოფნა მსპობს, ბოლოს მიღებს, შინაგანადაც და გარეგანადაც, სულიერადაც და მით უფრო ფიზიკურად.

ასე მგონია, ყოველ დღე ვკარგავ ადამიანის სახეს.

აბსოლუტური გაჭირვება და განუკითხაობაა გარშემო.”