4 ივლისი, 2021

კონსტანტინე გამსახურდიას საოცარი იგავი

მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას იგავი, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ, ნამდვილად კარგად არის გასააზრებელი:

“ძაღლი

მამაჩემს ვენახი ჰქონდა მდინარის გადაღმა, როცა ყურძენი მწიფობაში გადავიდა, დამავალა: ძაღლი გადაიყვანე გაღმა და ვენახში დააბიო.

მთელი ღამე დაუცხრომლად ყეფდა ძაღლი. დღისით ვამჩნევდი: ყურძენს იპარავდა ვიღაც.

მამამ მიბრძანა: ალბათ, ქურდები შემოგვეჩვიენ და დაბმული ძაღლი, აბა, რას დააკლებსო მათ, აქებდა კიდევაც ჩვენს ფხიზელ მყეფარს.

მამაჩემის ბრძანებით ძაღლი ავუშვი, გვიან ღამით თოფიანად დავუდარაჯდი ქურდებს. მთვარიანი ღამე იყო და ვნახე: ძაღლი შუაგულ ვენახში შედიოდა, ერთს დაიყეფებდა… მისწვდებოდა ყურძენს, გადასანსლავდა, ისევ დაიყეფებდა.…

ამ იგავის მორალი ასეთია: ზოგი კაცი თავათ ჩადის ავკაცობას და თავის დანაშაულის დასაფარავად მამაჩემის ძაღლივით უყეფს გამოგონილ დამნაშავეს.”