13 ივლისი, 2021

გია ყანჩელის უძლიერესი ინტერვიუ

კომპოზიტორ გია ყანჩელის ერთ-ერთ უძლიერეს ინტერვიუს თეონა ჯორბენაძე გვიზიარებს. ინტერვიუ ჩაწერილია ფილმისთვის “ვერცხლისფერი მზე” – 2018 წლის 3 აპრილს ჰამბურგში.

გია ყანჩელი:

“ხელოვნებას და მუსიკას რომ შეეძლოს რაღაცის შეცვლა, ამისთვის საკმარისი იქნებოდა ბახის, ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის, შუმანის და მთელი რიგი გენიოსების მუსიკა, ან უდიდესი ფერწერა და ა.შ და ა.შ.

მაგრამ მსოფლიო არ იცვლება. სამწუხაროდ, ის ხდება უფრო ბოროტი, უფრო აუტანელი. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამომდინარეობს ფანატიზმიდან. რელიგიური ფანატიზმი, ნაციონალური ფანატიზმი, შენი ხალხის, შენი ქვეყნის დაყენება განსაკუთრებულ საფეხურზე და დამოკიდებულება სხვა ხალხების მიმართ ქედმაღლური. ეს არის ნაციონალური ფანატიზმი და ამის გამოვლინებები საქართველოში დღეს, სამწუხაროდ, გრძელდება.

ასე დაიწყო ფაშიზმის ჩასახვა გერმანიაში, 30-იან წლებში. ეს კადრები, რომლებსაც ვხედავ ანტვერპენში, ქართული არხები მაქვს, არ ვიცი, ჩემთვის ეს გაუგებარი ამბავია. ეს ადამიანები თავის თავს თვლიან პატრიოტებად და სამშობლოს დამცველებად. ამ დროს ვერ წარმოუდგენიათ, რაოდენ დიდ ზარალს აყენებენ ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს.”