28 ივლისი, 2021

გამორჩეული ღირსებებით დაჯილდოებული ოთარ თაქთაქიშვილი

კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილზე საუბრისას მისი მეგობრები, უმცროსი კოლეგები თუ რიგითი მსმენელები ერთხმად აღიარებენ, რომ ეს იყო გამორჩეული ღირსებებით დაჯილდოებული ადამიანი.

თამარ წულუკიძე:

“დიდი ქართველი კომოზიტორი და პიროვნება ოთარ თაქთაქიშვილი… ასეთი რანგის პიროვნებები დღეს, სამწუხაროდ, აღარ არიან, თუმცა ის იმ დროსაც გამორჩეული გახლდათ თავისი ღირსებებით. თავისი ინტელექტით, შინაგანი და გარეგნული მომხიბვლელობით, შეიძლება ითქვას, ნუსხავდა ადამიანებს, ნებისმიერ აუდიტორიას.

ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფაქტებს ჰყვებიან, მაგალითად, ერთ-ერთი: თაქთაქიშვილის კულტურის მინისტრობის პერიოდში სსრკ-ს კულტურის მინისტრების დელეგაცია მიავლინეს აშშ-ში, დაბრუნებისას ერთ-ერთ კულტურის მინისტრს ჰკითხეს: ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რამ მოახდინა თქვენზე ამერიკაშიო? და იმან: – ოთარ თაქთაქიშვილმაო… უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.”

ოთარ ტატიშვილი:

“ჩემი პედაგოგი, უგანათლებულესი, დიდი კომპოზიტორი და პიროვნება. დიდი კულტურის მატარებელი. არ მახსენდება არცერთი სიტყვა ან ჟესტი, შემჩნევა თუ მოქმედება, რაშიც რაიმე იოტისოდენა შეურაცხმყოფელი ნიუანსიც რომ ყოფილიყო. აღარაფერს ვიტყვი მის უნიკალურ გაკვეთილებზე, ადამიანურ მხარში დგომაზე და სიკეთეზე სტუდენტებთან მიმართებაში. ნათელში იყოს ბატონი ოთარის სული.”