ძალიან კარგი წერილი ერეკლე მეორეზე

ძალიან კარგი წერილი ერეკლე მეორეზექართველებისთვის გამორჩეულად საყვარელი მეფე – ერეკლე მეორე სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა საქართველოს, ხმალი არ ჩაუგია, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა და როგორც ამბობენ, მთელი სხეული ჭრილობებით ჰქონდა დასერილი.

“ვერ შეიტყვეთა ქართველნო, რკინის შეგატყდათ ხმალია,
მოგიკვდათ მეფე ერეკლე ბაგრატოვანთა გვარია…
ტირისა ერეკლეს ცოლი, ვაჰ შვილებ თქვენი ბრალია,
ადექი მეფევ ადექი, ნუ დაგვიობლე ყმანია“ – ეს არის ხალხური ლექსი, რომელსაც მეფე ერეკლეს დატირება ჰქვია.

პატარა კახის – საქართველოს ერთ-ერთი უსაყვარლესი გმირის შესახებ ძალიან კარგ წერლს გვთავაზობს კონსტანტინე გამსახურდია:

“როგორც მებრძოლი, ვისაც პრაქტიკულად ნახევარი საუკუნე “ავ მუსაიფად” წოდებული ხმალი ხელიდან არ გაუგდია, ერეკლე მეორე არანაკლებია დავით აღმაშენებელზე და სიმონ პირველზე.

თეიმურაზმა და ერეკლემ ვახტანგ მეექვსის კატასტროფის შემდეგ საქართველოს აჩუქეს სულ ცოტა ნახევარი საუკუნე შედარებითი სტაბილურობის პერიოდი, რომლის დროსაც აშენდა თბილისი, განმტკიცდა ცენტრალური ხელისუფლება, აღორძინდა ვაჭრობა და ხელოსნობა, გაიხსნა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, სარკის, ბროლის, შალის, სანთლის, საპნის, აგურის, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი საწარმოები. ზეთსახდელი, მარილსახდელი, თამბაქოს დამამზადებელი ქარხნები, სამღებროები, სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის, იარაღის, დენთის, ზარბაზნის დამამზადებელი ქარხნები.) ჩამოიტანეს სტამბა, იჭრებოდა ფული, ადგილი ჰქონდა ევროპულ ყაიდაზე პოლიციის შექმნის მცდელობას, (ფაქტობრივად საფუძველი ჩაეყარა) ასევე დაარსდა სამხედრო სასწავლებელი, შეიქმნა “მორიგე ჯარი”, როგორც სწრაფი რეაგირების კორპუსი.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას და რუსეთთან ურთიერთობის თემას:

ახალგაზრდა გერმანელი ისტორიკოსი, ფილიპ ამონი თავის ახლახანს გამოცემულ წიგნში (საქართველო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და რუსულ ოკუპაციას შორის ქართულ-რუსული კონფლიქტის ფესვები მე-18 საუკუნიდან პირველი რესპუბლიკის აღსასრულამდე) ასეთ დასკვნას აკეთებს: “რუსეთისკენ მისწრაფებისას ერეკლემ ზოგიერთი მცდარი შეფასება გააკეთა – ვერ მიხვდა, რომ პატარა ქართლ-კახეთის მეფე რუსების თვალში თანასწორუფლებიან სუვერენად ვერ აღიქმებოდა. კიდევ უფრო ნაკლებად ესმოდა რუსული იმპერიალისტური თამაშის ეგოცენტრული დინამიკა, რომელშიც მისი ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ პატარა კამათელი იყო. ძლიერი, ერთიანი საქართველო, მკვლევარ ვლადიმერ დეგოევს თუ დავესესხებით, სულაც არ შედიოდა რუსეთის ინტერესებში. საქართველოს დაცვა სულაც არ იყო რუსული სტრატეგიის მთავარი მიზანი. პირიქით, საქართველოს პროტექტორატი, „ბერძნულ პროექტთან“ ერთად, რუსეთის დიდი „აღმოსავლური პროექტის“ ნაწილი იყო, რომელიც მისი შემქმნელის, (ანუ გრიგორი პოტიომკინის, ეკატერინეს ფავორიტის, კ.გ.) გარდაცვალებით (ანუ 1791 წ. კ.გ.) დასამარდა.”

დავამატებდი: ამის შემდეგ კი მივიღეთ რუსეთის ორი გუბერნია საქართველოს ადგილზე.

იყო კი სხვა გზა? დღემდე აწვალებს ჩვენ მოაზროვნე საზოგადოებას ეს შეკითხვა.

წინასწარ იმასაც ვიტყვი, იმდენი დეტალი და ნიუანსია, რომ პასუხებში სამართლიანობა და ობიექტურობა მაინც შეფარდებითი იქნება. ამიტომ კითხვების სახით ჩამოვაყალიბებ:

ხომ შეიძლებოდა განგვევითარებინა ბალანსირების პოლიტიკა რეგიონში?

1. ოსმალეთთან ერეკლეს ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ისეთი ცხადია არა, დღეს რომ გვაქვს თურქეთთან – თუმცა ასე თუ ისე მეგობრული, პარტნიორული. თქვენ წარმოიდგინეთ, ასპინძის ბრძოლის შემდეგაც კი. ამ ურთიერთობებს ახალციხის საფაშოს ფაქტორი ამძიმებდა, ესენი რეგიონალური მანიაკები იყვნენ, მაგრამ რაღაცნაირად მაგ საკითხს დროებით მოევლებოდა. თუმცა თვითონ ოსმალეთში უკვე იწყებოდა “თანზიმათი” – რეფორმაცია, ევროპულ ყაიდაზე გადასვლის საშინლად მტკივნეული პროცესი, რაც იწვევდა შიდა არეულობას და იმპერიის რღვევას. ბოლოს – მე-20 საუკუნის დასაწყისში მარტივ მამრავლებად დაიშალნენ კიდეც. შეიძლებოდა ამ ვექტორის შენარჩუნება, განვითარება და აქედან ზემოქმედება ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებზე? კავკასიის მთიელთა დაქირავებულ რაზმებს ერეკლე ზოგჯერ იყენებდა კიდეც.

2. შეიძლებოდა ირანთანაც იგივენაირი ურთიერთობების შენარჩუნება, რაც ნადირშაჰთან ჰქონდა, თან ისე, რომ გაეძლიერებინა ირანში ტრადიციულად არსებული ქართული ლობი? თუმცა გეოეგიევსკის პროცესი მაინც ხელთათმანის სროლა გამოვიდა აღა-მაჰმადთან.

3. ერეკლემ სცადა ელჩობის გაგზავნა ვენაში – მაგრამ ორივე ელჩობა უცნაურად დასრულდა. ელჩები გზაში დაიღუპნენ. შეიძლებოდა მაინც გაგრძელება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ძალისხმევისა კონკრეტულ შედეგამდე? შეიძლებოდა თაღლითი, აფერისტი რეინეგსისთვის არ დაეგდო ყური, რომელიც მხოლოდ ჩრდილოურ ვექტორს ლობირებდა, რახან რუსეთის საგარეო კოლეგიის ემისარი იყო? ამავე დროს ცხადია, რეინეგსის ცოდნა უნდა გამოეყენებინა ევროპული ტიპის რეფორმებისთვის და ასეც მოიქცა. ხომ შეიძლებოდა ასევე ყური არ დაეგდო სომეხი ულტრანაციონალისტი იოსებ არღუთინსკის ემისრებისთვის, (დაშნაკების დიდი პაპები) რომლებიც ასევე რუსეთს ლობირებდნენ, გასაგები მიზეზების გამო?

4. საფრანგეთში ცხადია რევოლუცია და სამოქალაქო ომი იწყებოდა და საქართველოსთვის არავის ეცალა, მაგრამ ბრიტანეთთან, რომლის ფლოტიც მაშინ უძლიერესი იყო, არ შეიძლებოდა გარკვეული ურთიერთობების დამყარება, პირდაპირი გზითაც და ინდოეთიდანაც?

5. რუსეთი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება იქნებოდა, მაგრამ არა ერთადერთი. შეიძლებოდა იმის გაცნობიერება, რომ ეს იმპერია საერთოდ არ ხელმძღვანელობდა მართლმადიდებლობით, რამდენადაც ის (ეკლესიაც, სინოდიც, პატრიარქის ინსტიტუტი ისედაც გაუქმებული იყო) პეტრედან მოყოლებული სახელმწიფო უწყებად და ინსტრუმენტად იყო ქცეული?

6. შეიძლებოდა შიდა პოლიტიკურ საკითხში არაჩვეულებრივი უნარების მქონე ლევან ბატონიშვილის მოკვლის შემდეგ ფსონი არ დადებულიყო გიორგი მეთორმეტეზე? რომელიც კარგი მეომარი იყო, მაგრამ სრულიად ბეცი პოლიტიკაში? და ნაცვლად გიორგისა, ფსონი დადებულიყო ალექსანდრე ბატონიშვილზე, რომელიც იყო ქარიზმატულიც, გამჭრიახიც და გამბედავიც?

ამ ეპოქაში ცხადია, ვერავის ვერ მოვთხოვთ კონსტიტუციური მონარქიის იდეას. თუმცა ეს იდეა პირველად 1832 წლის თავად-აზნაურობის ანტირუსული შეთქმულების აქტორებთან გაჩნდა, მინისტრთა კაბინეტის შექმნის იდეასთან ერთად. თორემ კონსტიტუციურ მონარქიას არაფერი აჯობებდა გაერთიანებულ ქართლ-კახეთ-იმერეთ-გურია-სამეგრელოში, მინისტრთა კაბინეტთან ერთად. ქვეყნის გაერთიანების შესაძლებლობა კი რეალურად სწორედ ერეკლეს დროს გამოიკვეთა. ამასვე ემსახურეობდა სოლომონ მეორის დასმა იმერეთის ტახტზე, რომელიც ერეკლეს შვილიშვილი იყო დედის მხრიდან.

ეს ის საკითხებია, რომლებზეც დიდხანს იქნება კამათი. თუმცა მაინც ვერ მიაყენებს ჩრდილს ამ დიდებული გმირის სახეს.”