10 ივლისი, 2021

ძალიან კარგი ინციატივა რეზო ლაღიძესთან დაკავშირებით

კომპოზიტორ რეზო ლაღიძესთან დაკავშირებით ძალიან კარგ ინიციატივას აჟღერებს ნუგზარ ფოფხაძე. მას მიაჩნია, რომ ყველა დროის საუკეთესო კომპოზიტორის მთაწმინდაზე გადასასვენებლად საკმარისი დროს გავიდა:

– მთაწმინდა “ითხოვს” აკაკის უკვდავ “განთიადზე” შექმნილი მუსიკალური შედევრის ავტორს თავის უბეში განსასვენებლად!.. – ამბობს ნუგზარ ფოფხაძე:

“10 ივლისს რეზო ლაღიძეს 100 წელი შეუსრულდება.

საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც აღესრულა, მაგრამ… სულაც არ მივუტოვებივართ. ერთი დღე არ გავა, რომ არ ისმოდეს მისი სიმღერები. არცერთ ქართველ კომპოზიტორს, მათ შორის სახელგანსმენილთ, არ ღირსებია ასეთი ბედნიერება. ღირსეულთ არ დაკლებიათ პატივისცემა, სიყვარული, მოგონება, მაგრამ… რეზო ლაღიძე ამ მხრივ უნიკალურია. იგი ჟღერს ყოველდღიურად რადიოთი, ტელეეკრანიდან, სცენიდან, საზეიმო “სუფრიდან”, გუნდურად თუ სოლოდ, სხვადასხვა ინსტრუმენტებით, მიკროფონით თუ უმიკროფონოდ…

რომ არსებობდეს წოდება “სახალხო კომპოზიტორი”, რომ მოეწყოს ყველა თაობაში გამოკითხვა, “თუ ვის უნდა მიენიჭოს, უწინარესად, ეს სახელი”, პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ დ ღ ე ს ა ც(!) ერთ-ერთი პირველი დასახელდება რეზო ლ ა ღ ი ძ ე. ჩემს ასეთ რწმენას მატებს გაბედულებას ის ფაქტი, რომ ამ ასწლეულის დასაწყისში, ერთხელ უკვე ჩატარდა ლამის მსგავსი გამოკითხვა და “პირველ ადგილზე გასული” რეზო ლაღიძე აღიარეს “საუკუნის კომპოზიტორად”!

და ეს სრულებითაც არ აკნინებს სხვა გამოჩენილ ხელოვანთ, რომელთა სახელი ხალხის სიყვარულითაა გარემოსილი, რამეთუ, რეზო ლაღიძე მაინც… რეზოა ლაღიძე!

დიდი ლოდინის შემდეგ, თბილისში, როგორც იქნა, ორიოდე წლის წინ, დაიდგა მისი ძეგლი. 10 ივლისს, ბაღდათს “ახლიდან მოევლინება” ლეგენდარულ სოფელ ოფჩაში დაბადებული მისი უკვდავი შვილი, ოღონდ… ბრინჯაოში ჩამოსხმული!

11 ივლისს კი ქუთათურები, ლადო მესხიშვილის თეატრში, იზეიმებენ მათთვის უსაყვარლესი კაცის, ქუთაისის დიდებული ჰიმნის ავტორის ასწლოვან იუბილეს.

ალბათ, დედაქალაქიც არ დატოვებს უყურადებოდ 1957 წელს შექმნილი შედევრის, მსოფლიოში გახმაურებული “თბილისზე სიმღერის” ავტორის სახელოვან საიუბილეო თარიღს.

მე კი ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ, გულწრფელ მადლობას საჯაროდ ვეტყვი ყველას, ვინც გაისარჯა ადრეც და ახლაც სათაყვანებელი შემოქმედის ღვაწლის დაფასებისა და უკვდავყოფისთვის.

მაგრამ, თავს უფლებას მივცემ და, როგორც დეტალებში ჩახედული ადამიანი, მაინც გამოვყოფ მართლა გულიან კაცს, ნამდვილი (“ადრინდელი”) “ქართული ხმების” ერთ-ერთ ორგანიზატორს და წევრს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, დაუღალავ და უერთგულეს ზურაბ ლ ო ლ ა ძ ე ს, რომელიც, მრავალი წლის მანძილზე, ლამის “გადაჰყვა” დიდი რეზოს უკვდავყოფის საქმეს. ჰოდა, სამართლიანობა მოითხოვს ასე საჯაროდ მადლიერების გამოხატვას.

ისე, ქვეყანა რომ აირია, ბევრი რამ გადაფასდა, გაუქმდა, დაიშალა, გადაგვავიწყდა… მათ შორის “გაჰქრა” საქართველოს ტელევიზიის და რადიოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრიც. გული მწყდება. არა მარტო იმიტომ, რომ “ჩაილურის წყალი დალია” ქართული მუსიკის, ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პროპაგანდის მძლავრმა სტრუქტურამ, არამედ იმიტომაც, რომ ამ ორკესტრს მინიჭებული ჰქონდა დიდი რეზო ლაღიძის სახელი. და ეს გადაწყვეტილება გაფორმებული იყო მაშინდელი უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოს – რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საგანგებო ბრძანებულებით.

ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს ნაბიჯი იოლად გადაიდგა!

მაშინაც იდგა მთაწმინდაზე მის დასვენების საკითხი, მაგრამ არსებული კანონმდებლობა ითხოვდა 25-წლიან პაუზას. არ წყდებოდა მაშინ, დღევანდელივით “ადვილად”, მავანთა “კაპრიზების” და სავარაუდო “წივილ-კივილის” თავიდან აცილების მიზნით, ეს უაღრესად პასუხსაგები “პრობლემა”.

ჰოდა, უკვე მრავალი წელია მთაწმინდა “ითხოვს” აკაკის უკვდავ “განთიადზე” შექმნილი მუსიკალური შედევრის ავტორს თავის უბეში განსასვენებლად!..

ვულოცავ საქართველოს დიდი მამულიშვილის, დიდი კომპოზიტორის, ხალხის უსაყვარლესი შემოქმედის რეზო ლ ა ღ ი ძ ი ს საუკუნოვან იუბლეს.

ბუმბერაზ ქართველს – რეზო ლაღიძეს გაუმარჯოს ზეციურ საქართველოში!”