ძალიან კარგი ამბავი გურამ შარაძეზე

ძალიან კარგი ამბავი გურამ შარაძეზეფილოლოგ გურამ შარაძეზე ძალიან კარგი ამბავი ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ლევან თაქთაქიშვილმა გაავრცელა:

“2006 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გვეწვია ბატონი გურამ შარაძე და ქართველოლოგიის განყოფილებაში შევხვდი. მაშინ მისი მეუღლე იყო ცუდად, როგორც მახსოვს, ავტოავარიის შედეგად საავადმყოფოში აღმოჩნდა ძალზე მძიმე მოტეხილობებით. იმ დღეს ბატონი გურამი იმედიანი იყო, მითხრეს, ყველაფერი კარგად იქნებაო. მთხოვა, იქნებ დარბაზში დამახვედროთ წიგნებიო, ამოიღო დიდი სია წიგნებისა, ვიცი, რომ ამდენს ერთად არ აძლევთ მკითხველს, მაგრამ მე მხოლოდ გადამოწმება მინდა, დავასრულე გურიაზე ორი ტომი და სქოლიოებს ვუკეთებო. დაგვემშვიდობა და წავიდა.

ერთი წლის თავზე ტრაგედია მოხდა, ტრაგედიამდე რამდენიმე დღის წინ იყო ბიბლიოთეკაში ჩემთან მოსული – რეზო თაბუკაშვილის ფილმის დვდ ვათხოვე, იქიდან ფოტო უნდა ამოეღო ლევაშოვის. მეც ვკითხე-გურიაზე წიგნი რა ფაზაშია მეთქი? დავამთავრე და სპონსორს ვეძებო.
რამდენიმე დღეში ტრაგედია მოხდა.

მის მერე (2007 წელი) მისი კომპიუტერი ინახებოდა ემიგრაციის მუზეუმში.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმის გადმოტანის შემდეგ ეს კომპიუტერიც ბიბლიოთეკაში გადმოვიდა.
პენტიუმის ძველი მოდელი.
მისი მონაცემების ახალ კომპიუტეტში გადმოტანის თხოვნით გვეწვია ბატონი გურამის ქალიშვილი ქალბატონი რუსუდანი. ერთი წლის წინ. მაშინ ეს ვერ განხორციელდა. მისი მეორე ვიზიტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ქალბატონი რუსუდანი ნერვიულობდა, რომ არ დაკარგულიყო მონაცემები. ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელი რუსუდან კობახიძე და თანამშრომელი ქალბატონი დოდო კორსანტია, რომელიც ამ კომპიუტერთან მუშაობდა 2007 წლამდე, ნერვიულობდნენ ასევე. აქ უნდა ყოფილიყო ბატონი გურამის დაუმთავრებელი მასალები და რაც მთავარია, გურიის დასაბეჭდად გამზადებული პეიჯმეიკერში გამზადებული ორტომეული.

ეროვნული ბიბლიოთეკის ასისტირების განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი ავთანდილ ჩიტიძე ორი დღე მუშაობდა ჯერ ამ კომპიუტერის ასამუშავებლად და შემდეგ ამ მასალის გადმოტანისათვის ახალ კომპიუტერში, სერვერზე ასლით.

მინდა გახაროთ: გურიის ორივე ტომი, აკაკის დაუსრულებელი ტომები, ფოტომასალები დღეს ბიბლიოთეკის სერვერზეა. გუშინ ეს ფაილები ქალბატონ რუსუდან შარაძესთან ერთად და დღეს ბიბლიოთეკის დირექციის გადაწყვეტილებით, 2022 წლის დასაწყისში გამოიცემა ბატონი გურამის ბოლო დასრულებული და დღემდე სასწაულად გადარჩენილი წიგნი.

ბატონი გურამი ხარობს ზეციურ საქართველოში. გილოცავთ ქართველო ერო და, განსაკუთრებით, გურულებო!”