8 ივნისი, 2021

უსამართლოდ მივიწყებული ნოდარ წულეისკირი

მწერალი ნოდარ წულეისკირი ქართულ ენაზე უსაზღვროდ შეყვარებული შემოქმედი იყო. ის მთელი ცხოვრება ცდილობდა, დაემკვიდრებინა ქართულ ენაზე ტექნიკური ტერმინოლოგია.

მაია სოფრომაძე-ჟღენტი:

“ქოც ინგა გრიგოლიასთან მისმა ქოცმა დაქალმა ვინმე სტეფნაძემ, რეაქციულობითა და ცენზურით სტყვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხში ერთ სიბრტყეზე დააყენა თეა წულუკიანი და ზვიადის დროინდელი კულტურის მინისტრი, შესანიშნავი მწერალი ნოდარ წულეისკირი.
– რეზო ჩხეიძეს ებრძოდაო და როგორც დაამთავრეს, კარგად გვახსოვსო – ჩაიქირქილა…

ნოდარ წულეისკირი არასოდეს არავის შემოქმედებას არ შებრძოლებია.
თავად მთელი ცხოვრება საბჭოთა ცენზურის მსხვერპლს, არასოდეს არავისთვის უთქვამს, ასე დაწერე, ასე დახატე, ან ასეთი ფილმი გადაიღეო.

არასოდეს შეხებია რეზო ჩხეიძის თვით “რაიკომის მდივანსაც” კი, რომელიც კონიუნქტურულობის და საბჭოთა ჩინოვნიკის გმირად წარმოჩენის მცდელობის მიუხედავად, მაინც კარგი ფილმი იყო.

მარტო ის ეპიზოდი რად ღირს, ვაიოს ველზე ასულ რაიკომის მდივანს თურქეთის მხრიდან ქართულად ნამღერი “ჰერიო ბიჭებო” რომ ესმის.

ნუ, ის სხვა საკითხია, ერუშეთიდან მესხეთში როგორ ისმის ადამიანის სიმღერა, ან დიპლომატიურ ურთიერთობა გაწყვეტილ თურქეთში როგორ გაიგეს მესხეთში რაიკომის მდივნად ასეთი კარგი კაცის მოსვლის ამბავი. მაგრამ ეს სიმღერა, “ჰერიო ბიჭებო” კი გასკდა ატომური ბომბივით მაშინდელ საბჭოთა საქართველოში. დღემდე ბევრი ვერ უსმენს უცრემლოდ ამ მშვენიერ სიმღერას….

ნოდარ წულეისკირი კინოსტუდია “ქართულ ფილმშიც” (სადაც თავადაც იყო ნამუშევარი), და სხვა შემოქმედებით კავშირებშიც შეებრძოლა იმ ტოტალურ კორუფციას და უსამართლო პრივილეგირებულობას, რასაც ასე საამაყოდ და ყველას მოსაწონად ებრძოდა მისი კარგი რაიკომის მდივანი ფილმში…

დიახ, მხოლოდ კორუფციას და არა ვინმეს შემოქმედებას!

პუტჩის შემდეგ ნოდარ წულეისკირმა დატოვა თბილისი და მიხეილ ჯავახიშვილის მშობლიურ სოფელ წერაქვში დასახლდა. ოტია იოსელიანის მსგავსად შრომობდა მიწაზე, აწარმოებდა მეურნეობას. თუმცა, ოტიასგან განსხვავებით, მას არასოდეს არავინ იწვევდა ტელევიზიებში, ხმაურიან და რეიტინგულ ტელე-პროექტებში…

ბევრს არც კი სმენია მისი სახელი.

და ისე გარდაიცვალა 2015 წელს, და ისე დაკრძალეს საკუთარ ეზოში, რომ ძალიან ცოტამ თუ გაიგო ამის შესახებ. ნამდვილად შესანიშნავი მწერალი იყო. შესანიშნავი და უსამართლოდ მივიწყებული, ქართულ ენაზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცი.

დღეს ბევრს კომიკურადაც კი ეჩვებება, როგორი თავგამოდებით ცდილობდა შეემუშავებინა და დაემკვიდრებინა ქართულ ენაზე ტექნიკური ტერმინოლოგია. არადა, შეიძლებოდა მართლაც დამკვიდრებულიყო მისი ტერმინები, რომ არა ეს დევნილობა და, რაც მთავარია, ახალ ტერმინთა ზღვა თუ ოკეანე, 90-იანებიდან მოყოლებული რომ შემოდის და შემოდის ინგლისურიდან….

ბევრმა დღემდე არ იცის, რომ თენგიზ აბულაძის “მონანიება” ნოდარ წულეისკირის “აფთრების” მიხედვითაა გაკეთებული.

თუმცა, მე მაინც “ზესნახესა და ბუძგურიას სიყვარულის ამბავი” მიყვარს ყველაზე ძალიან. ეს საკმაოდ არამომგებიანი სათაურიც მისი ყველაფრის გაქართულების მცდელობითაა განპირობებული. ყველას გირჩევთ მოიძიოთ და წაიკითხოთ, როგორი დამცირებული და შეურაცხყოფილი იყო საბჭოთა საქართველოში ქალი, რომლის სადღეგრძელისაც სუფრაზე ფეხზე ადგომით სვამდნენ გამსკდარი კაცები…. როგორი არასწორი წარმოდგენები ჰქონდათ ღირსებაზეც და შეურაცხყოფაზეც კი. რა მიაჩნდათ სირცხვილად და რა – არა. ბრაზისგან ვიხრჩობი ხოლმე ამას რომ ვკითხულობ…”