თბილისის ერთ-ერთი ძველი კინოთეატრი 7 მილიონად იყიდება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ძველი კინოთეატრი 7 მილიონად იყიდება.

ინფორმაცია ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელმა გაგა ჩხეიძემ გაავრცელა:

“სახელმწიფო 7 მილიონად აუქციონზე ყიდის თბილისის ერთ-ერთ ძველ კინოთეატრს. ადრე მას “კომკავშირელი” ერქვა, შემდეგ – “ელისო”.

ეს კინოთეატრი 2012 წლამდე სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” საკუთრება იყო, შემდეგ გადაიტანეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე და გააქირავეს. წლებია, შენობაში მაღაზია “ტერანოვა” ფუნქციონირებს.

ნუთუ ასე უნდა ვექცეოდეთ კულტურის კერებს? რატომ არ შეიძლება, ქალაქის ხელმძღვანელობამ დააარსოს აქ მუნიციპალური კინოთეატრი, მით უმეტეს, რომ მოთხოვნა ასეთ კინოთეატრზე ძალიან დიდია, ხოლო ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა შორის ბევრია ენთუზიასტი, ვინც დიდი სიამოვნებით იმუშავებდა ამ მიმართულებით? მაინცდამაინც უნდა გაიყიდოს და მორიგ სავაჭრო ცენტრად იქცეს?”