22 ივნისი, 2021

რეზო ესაძის განსაკუთრებული ისტორია

რეჟისორი, მსახიობი და მხატვარი რეზო ესაძე მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ისტორიას ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებდა.

ნინო ნატროშვილი შემოქმედის განსაკუთრებულ ამბავს გვიზიარებს:

“ახლა ჩემებზეც გეტყვით ორ სიტყვას. დავოჯახდი მოსკოვში. ჩემი პირველი მეუღლე ნატაშა ვგიკში გავიცანი, ერთად ვსწავლობდით. გვარად იყო რომანოვა. მამა ჰყავდა პოლკოვნიკი, ჩემი დიდი გულშემატკივარი. სამ წელიწადში დავშორდით. თავისთავად მოხდა ყველაფერი, ეტყობა რუს ცოლს ვერ შევეგუე. ბიჭი მყავს, თეიმურაზი, თემო ესაძე. 1962 წელს დაიბადა. მოსკოვში ცხოვრობს, რეჟისორია, სატელევიზიო სერიალებს იღებს. კარგი გამოხმაურება აქვს. ახლა ცოლი და შვილი ჰყავს, ძალიან თბილი და ადამიანური ურთიერთობა გვაქვს.

ციცი გავიცანი დეიდამისის ოჯახში. მშობლები არ ჰყავდა და ყაზბეგში ბებიამ გაზარდა. სკოლა რომ დაამთავრა, თბილისში დეიდასთან ჩამოვიდა, ინსტიტუტში ჩააბარა და სტუდენტი გახდა. მათ ოჯახთან მეგობრობდა ჩემი ძმა გივი და ერთხელაც, ლენინგრადიდან რომ ჩამოვედი, სტუმრად მიმიყვანა. ციცი შეთვალიერებული ჰყავდა და ფარულად მმაჭანკლობდა. წვეულება ჰქონდათ და მე იქ თავი მოვიწონე! როგორ, მოსკოვსა და ლენინგრადში ვმუშაობ, კინორეჟისორი ვარ, ამდენ ხალხს ვიცნობ. ვყვები ტყუილსა და მართალს. მოკლედ, მთელ ოჯახს კარგად დავამახსოვრდი. ციციც მოვხიბლე. რა უნდა 18 წლის ყაზბეგიდან ჩამოსული გოგოს მოხიბვლას?! და წავედი ისევ ჩემს საქმეზე.

71 წლის აპრილში ისევ ჩამოვედი, „წამმზომი“ ჩამოვიტანე. დიდი ჩვენებაა დანიშნული. დედაჩემმა მოიყვანა თავისი ყოფილი მოსწავლეები, სულ ნარჩევი გოგოები და მითხრა, შეხედე და ვინც გინდა, ის აირჩიეო. დედა ზრუნავს შვილზე. არც ერთისთვის არ შემიხედავს, ციცი უკვე გულში მყავდა. მოკლედ, გავაგებინეთ ციცის ჩემი სურვილი, ჯერ სხვებმა, გადაკვრით, მერე მე და ისიც დამთანხმდა. 42 წელიწადია ერთად ვართ. თვითონაც აღიარებს, რომ რა პირობაც მაშინ დეიდამისს მივეცი, მე ვუპატრონებ-მეთქი, შევასრულე. ბევრჯერ გვიჭირდა, ხანდახან ძალიან, მაგრამ არასოდეს არც საყვედური უთქვამს, არც რამე მოუთხოვია. ყველას მიმართ კეთილად განწყობილია, სხვაზე ცუდი ვერ დავაცდევინე. ყოველთვის მარტო მე მამტყუნებს. ახლა ოჯახში ყველაზე უმცროსი მე ვარ, ყველაზე მეტი ყურადღება მე მჭირდება, ექიმი, წამალი. ეს ყველაფერი ციცის კისერზეა, კიდევ როდის სად წავიდე, ვის დავურეკო… მთელი სივრცე ჩემ ირგვლივ ამ ქალბატონით ივსება.

მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, მყოლოდა და. არ მყავდა. მერე ჩემი ვაჟების, მინდიასა და მამუკას იმედი მქონდა, დაქორწინდებიან და გოგო ეყოლებათ-მეთქი. პირველი შვილიშვილი ბიჭი დაიბადა, რეზიკო, მეორეც საბა, სიყვარულით სულხან-საბას ვეძახით, მესამეც თემიკო. ბოლოს კი გაჩნდა ქალიშვილი. პატარა საბამ თავის დას მუცელშივე კატრინა შეარქვა. არადა, ჩემს ბებიასაც ხომ ეკატერინე ერქვა. ყველა გავოცდით. დაიბადა კატრინა და, სახლში დიდი სიჩუმე შემოვიდა, გამჭვირვალე, უსპეტაკესი სიჩუმე. ღმერთმა და ბუნებამ შემივსო ეს სიცარიელე.

კიდევ ერთი რამ მოხდა საოცარი. პატარა კატრინას სანამ გამოიყვანდნენ, საავადმყოფოში მიმიყვანეს მის სანახავად. მინა გვყოფდა და მე მინის გამოღმიდან მივეფერე: ბაბუ, ბაბუ, ჩემო ბაბუ! ვხედავ, პატარამ, დედას რომ ეკავა და თავი გვერდულად ეჭირა, ჯერ მიმიკა შეიცვალა, კაცს რომ რაღაც მოესმის და დაიძაბება, მერე ნელ-ნელა სახე ჩემკენ შემოატრიალა. ამის მოწმე ბევრი იყო, ფიცი არ მჭირდება.”