13 ივნისი, 2021

მედეა ჯაფარიძის ძალიან საინტერესო ისტორია

მსახიობ მედეა ჯაფარიძის შესახებ მისმა უამრავმა გულშემატკივარმა თითქმის ყველაფერი იცის, მაგრამ არის ისტორიები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

მარიკა ხიდირბეგაშვილი:

“ბევრმა არ იცის, რომ მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე ცნობილი ქუთაისელი მსახიობი, გრიგოლ (გრიშა) კოსტავა იყო.

ჩემი ბებია, ლილი ნუცუბიძე გრიშას ბიძაშვილი იყო და ხშირად ყვებოდა, როგორ წავიდნენ ნათესავები ახლადმოყვანილი რძლის, მედიკოს გასაცნობად. როცა სახლში შესულან, იქვე გადაკიდებული მედეას კაბა დაუნახავთ და ისეთი ვიწრო წელი ჰქონდაო, ნათესავმა ქალებმა გაოცება ვერ დამალეს – აბა, ამ წელით ამას შვილი როგორ უნდა ეყოლოსო…

გრიგოლ კოსტავა მალე ანტისაბჭოური საქმიანობისთვის დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. ბევრჯერ დაიწერა, როგორ შეაწრიალა ახალგაზრდა, სულ რაღაც 20 წლის გოგონამ ლამის მთელი საბჭოთა კავშირი ქმრის გადასარჩენად და მოახერხა დახვრეტის ვერდიქტის გადასახლებით შეცვლა.

თუმცა, მედეაზე კარგახელათი უფროსმა გრიშამ, რომელსაც დაბრუნების იმედი არც ჰქონდა, კარგად იცოდა, ასეთ ლამაზ ქალს არ მოასვენებდნენ და ურჩია, თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდებოდა, გათხოვილიყო.

თუმცა, გრიშა დაბრუნდა და სამსახიობო კარიერაც გააგრძელა. ბებია იმასაც იხსენებდა, რამდენჯერ უნახავს საწერ მაგიდასთან დანაღვლიანებული გრიშა, როგორ უყურებდა ულამაზესი მედეას ფოტოს. თუმცა, არც კი უცდია მისი ოჯახური ბედნიერებისთვის ხელის შეშლა და მალე თავადაც შექმნა ოჯახი.

მედეასაც არ გაუწყვეტია ურთიერთობა “ძველ” ნათესავებთან. ჩვენს ოჯახშიც ხშირად სტუმრობდა და, სხვათაშორის, საკუთარი გავლენაც არაერთხელ გამოიყენა მერაბ კოსტავას დასახმარებლად.

ფოტოზე: კოსტავების ოჯახი
ცენტრში: კატო ნუცუბიძე-კოსტავა (ბებიაჩემის მამიდა)
დგანან მისი შვილები: გრიგოლ (გრიშა) კოსტავა და ივანე (ვანო) კოსტავა
სხედან რძლები: მედეა ჯაფარიძე და ოლღა დემურია-კოსტავა
ბებოს კალთაში: მერაბ კოსტავა
გადაღებულია დაახლ. 1940-იან წლებში.”