2 ივნისი, 2021

ლანა ღოღობერიძე ალექსანდრე რეხვიაშვილზე

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე კოლეგა ალექსანდრე რეხვიაშვილზე სიამოვნებით საუბრობს:

“საშა რეხვიაშვილი!

საშა – ასეთი დახვეწილი, ელეგანტური ცხოვრებაში თუ კინოში.

ჭეშმარიტი არისტოკრატი! ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ანუ სადა, მართალი და შინაგანი ღირსებით სავსე.
მისი ყველა ფილმიც ამ არისტოკრატიზმით არის დაღდასმული.

რეჟისორი, რომელმაც ქართულ კინოში ახალი განზომილება შემოიტანა და სრულიად უნიკალური სტილი, განუმეორებელი და ერთადერთი.

პიროვნებაც გამორჩეული იყო – ღრმად წესიერი და დაუცველი. ადვილად მსხვრევადი. თან სულ პატარა რაიმეს თუ გაუკეთებდი, დაუსრულებლად გამოხატავდა მადლიერებას.

მისი ფილმები ქართული კინოს განძია. დოკუმენტური ფილმები – საოცრება. იმდენი სიღრმეა მათში და იმდენი მოულოდნელი ვიზუალური გადაწყვეტა. საშა ხომ ერთდროულად რეჟისორიც იყო და უნიკალური ოპერატორიც.
ძალიან მტკივა გული, რომ ვერ განახორციელა თავისი ბოლო ორი ჩანაფიქრი – ფილმები პარიზში მოღვაწე გუჯი ამაშუკელზე და ქართველ ებრაელებზე. არა და რამდენი საინტერესო რამ ჰქონდა უკვე გადაღებული, რამდენი გამზადებული მასალა!

ისიც გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან.

აღარასდროს დამავიწყდება ჩვენი ბოლო შეხვედრა: გაზაფხული, შხეფის ქუჩა, ნუცას სახლის ეზო. კორონავირუსი უკვე თავისი წესებით გვაცხოვრებს, არავინ არავისთან არ დადის… საშა კი მოვიდა, ჩვენთან.
ახლაც თვალწინ მიდგას: ვარდებით მოფენილი კედლის ფონზე – თხელი, ყოველთვის რაღაცნაირად მოწესრიგებული, ხაზგასმულად თავაზიანი და მორიდებული, თავმდაბალი, მაგრამ თავისი თავის ფასიც რომ იცის, ისეთი.
ვისხედით დიდხანს. და როცა თავის პროექტებზე ლაპარაკობდა, თვალები შემოქმედის ცეცხლით უელავდა.
ლაპარაკობდა პროექტებზე, რომლებიც ვერ განახორციელა.
ძალიან სამწუხაროდ!
ქართული კინოსთვის და საერთოდ კულტურისთვის.

საშა!
მართლა ძალიან გაფასებდი და უბრალოდ მიყვარდი!
იმ ბოლო შეხვედრაზე ასე მომეჩვენა, რომ ამ გულგრილ სამყაროში ძალიან მარტო გრძნობდი თავს…
ჩვენც ვერაფრით დაგეხმარეთ.”