22 ივნისი, 2021

ჯემალ ქარჩხაძე: “რა არის თავისუფლება?”

თავისუფლება ყველას თავისებურად ესმის. მწერალი ჯემალ ქარჩხაძე მიიჩნევდა, რომ თავისუფლებას მრავალნაირი განსაზღვრება აქვს და ყოველი განსაზღვრება თავისებურად სწორიც შეიძლება იყოს:

“თავისუფლება ისეთი ცნებაა, რომელიც ბევრნაირად შეიძლება განისაზღვროს, თანაც ისე, რომ ყოველი განსაზღვრება რაღაც კუთხით სწორი იყოს, სრული და ყოვლისმომცველი კი – არც ერთი.

მე დაახლოებით ასე მესმის: საწუთროს ჩარჩოში, სადაც მატერია და სიმრავლე ბატონობს, ეს არის დამოუკიდებელთა ურთიერთობის ჰარმონია; თუ საწუთროს ჩარჩოს გავცდებით და აბსოლუტური მნიშვნელობით ვილაპარაკებთ, მაშინ ეს არის შინაგანი სახე, გნებავთ, სისტემა, რომლის მეშვეობითაც გრძნობად სამყაროში უმაღლესი პრინციპის გაცხადება ხდება.

მაგრამ ეს პრობლემა “საჯარო პრობლემა” არ არის და ამ შემთხვევაში არც მთავარია. მთავარი აქ არის ის მინიმუმი, რომელიც უეჭველად უნდა იცოდეს საზოგადოებამ, თუ არ უნდა თავისუფლების მაგიერ თავისუფლების ნიღაბი შერჩეს ხელთ: როცა თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ იგულისხმება მთლიანი ცნება. თავისუფლების ნაწილი თავისუფლება არ არის. პურის ნაწილი პურია, მაგრამ კაცის ნაწილი კაცი არ არის და ამ საკითხში მთელისა და ნაწილის აღრევას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში ცნება “თავისუფლება” გაიგივებულია ეროვნულ თავისუფლებასთან, პიროვნული თავისუფლება განიხილება მისი, როგორც მთელის, ნაწილი. ეს უაღრესად საშიში შეცდომაა, რადგან აქ სიმართლე ყირაზეა დაყენებული. სინამდვილეში სწორედ პიროვნული თავისუფლებაა მთელი, ხოლო ეროვნული თავისუფლება – ნაწილი, და ამის არგუმენტად საკმარისია ითქვას, რომ თავისუფალი ადამიანი ღვთის ნებაა, თავისუფალი ერი – ადამიანთა ნება.

თუ ვაღიარებთ იმას, რაც წეღან მოგახსენეთ (და რაშიც პირადად მე დარწმუნებული ვარ), კერძოდ, რომ გრძნობად სამყაროში უმაღლესი პრინციპი თავისუფლების სახედაა გაცხადებული და რომ რელიგიურობის გრძნობის ერთი არსებითი ნაწილიც თავისუფლების იდეის პულსაციაა, ამ ფონზე ეროვნული თავისუფლება – პიროვნული თავისუფლებისაგან მოწყვეტილი – შეიძლება ერთგვარ კერპთაყვანისცემას შევადაროთ.

ჭეშმარიტი ღმერთი მხოლოდ პიროვნულ თავისუფლებაში მჟღავნდება, რადგან პიროვნული თავისუფლებაა ის სხივი, რომლითაც ადამიანი ღმერთს შეიგრძნობს. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ჯერ კიდევ ათეისტური საზოგადოება ვართ (იქნებ ამიტომაც ვახსენებთ წამდაუწუმ ღმერთს: წყალს ხომ უდაბნოში უფრო ხშირად ახსენებენ, ვიდრე წყაროსთან!) და თუ ჭეშმარიტ ღმერთს არ ვიწამებთ, ჩვენი ლიტერატურაც კერპთაყვანისმცემლური იქნება.

ჩვენ წინაშე ორი გზა დევს: ერთი შიშველი დამოუკიდებლობისაკენ მიდის, მეორე – სრული თავისუფლებისაკენ. განსხვავება ძალიან დიდია. შიშველი დამოუკიდებლობა ნამდვილი თავისუფლების მხოლოდ ნაწილია – გარეგნული, კოლექტიური, სახელმწიფოებრივი თავისუფლება; სრული თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიაა, პიროვნული თავისუფლება, შინაგანი დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელ მოქალაქეთა თავისუფალ ნებაზე და თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული დამოუკიდებლობა.

პირველი გზა უფრო მოკლეა, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, ზოგადადამიანური სულის გარეშე დარჩენილი ჩვენი ხომალდი ამ გზაზე მეკობრეთა ხელში აღმოჩნდეს.

მეორე გზა უფრო ხანგრძლივია, მაგრამ ეს გზა ინტელექტის სინათლითაა განათებული და ამ სინათლეზე შეგვიძლია ყველა საუნჯე – ეროვნული შეგნება, გონიერება, ზნეობა, დამოუკიდებელი ნება, დემოკრატია – ერთ განუყოფელ ორგანიზმად შევკრათ, რაც საბოლოოო გამარჯვების უტყუარი გარანტიაა.”