22 ივნისი, 2021

იან გილანის ქართული ქორწილი

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ლეგენდარული ჯგუფის Deep Purple სოლისტმა იან გილანმა ჯერ კიდევ შორეულ 90-იანებში საქართველოში იქორწინა.

ქართულ ჩოხაში გამოწყობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა და მისმა ჩიხტიკოპიანმა მეუღლემ ბრონმა ქორწილი თბილისში 1990 წელს გადაიხადეს, ჯვარიც დაიწერეს და ფაეტონითაც გაისეირნეს.

რიტუალების სასახლეს წყვილი ფაეტონითა და ცხენოსნების მაყრიონის თანხლებით ეწვია, სადაც საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერა.

იან გილანმა რჩეულთან ერთად რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

ახლადდაქორწინებულებმა თბილისის ქუჩებში ფაეტონით ისეირნეს, ხმლების ქვეშ გაიარეს, ბედნიერების ნიშნად თეფშები გატეხეს და მცხეთაში, რესტორან “მარანში” ქართული სუფრის მრავალფეროვნებითაც ისიამოვნეს.