1 ივნისი, 2021

გოგი ხარაბაძის და ჯანსუღ კახიძის გამორჩეული ამბავი

მსახიობ გოგი ხარაბაძეს და მაესტრო ჯანსუღ კახიძეს აქვთ ერთი გამორჩეული ამბავი, რომელიც რეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმს “იყო შაშვი მგალობელი” უკავშირდება.

ამ შემთხვევას გოგი ხარაბაძე თავის მოგონებებში იხსენებს:

“გიორგობისთვე” ეკრანებზე 1966 წელს გამოვიდა და იმთავითვე დიდი წარმატება ხვდა წილად. კანის ფესტივალზე კრიტიკის პრიზი მიიღო, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჟორჟ სადულის პრემიად წოდებული.

ერთმა ფრანგმა ქართველმა თუ ქართველმა ფრანგმა მითხრა, “საფრანგეთში შენი და რამაზ გიორგობიანის უზარმაზარი პლაკატი იყო გამოფენილი, ძალიან მესიამოვნა, რომ ვნახეო.”

იმას ესიამოვნა და მე მკითხეთ, რა მომივიდა… მაშინ 23 წლის გახლდით…

რუსეთში ვინმე თუ გაიგებდა, რომ “ლისტოპადში” არათუ მთავარ როლს, არამედ საერთოდ თამაშობდი, საყოველთაო აღტაცება გარანტირებული გქონდა.

საქართველოში კი ამ ფილმის წარმატებას ხელი იმდროინდელმა რეჟიმმაც შეუწყო. ფილმი მთლად ვერ აკრძალეს, მაგრამ ერთადერთ კინოთეატრში “სპარტაკში” გაუშვეს მხოლოდ. არ დაიჯერებთ და, რიგი რუსთაველის გამზირიდან ჯორჯიაშვილის, ახლანდელი ჭანტურიას ქუჩის კუთხემდე იდგა…

სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი და ოთარ იოსელიანის მეგობრობა… მომდევნო ფილმის გადაღება ოთარმა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა გახლდით, გამოუცდელი დ ამ თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ, სრულიად ლოგიკურად და სამართლიანადაც მიმაჩნდა, რომ იმ ფილმში მეც უნდა გადავეღე. მაგრამ შენც არ მომიკვდე, გადაღებები დაიწყო და მე არავინ დამიძახა. ამ ლოდინსა და წვალებაში გაიარა რამდენიმე თვემ. ვინ აღარ გადაიღო ოთარმა: მათემატიკოსები, მხატვრები, რეჟისორები, ოპერატორები, მოცეკვავეები, დიასახლისები, მოცურავეები, რეკვიზიტორები, ლოთები, მწერლები, მაგრამ ჩემს დაძახებას არ დაადგა საშველი.

ამასობაში გადაღებებიც დასრულდა. მორჩა! დაუჯერებლად მიმაჩნდა ყოველივე, მაგრამ მწარე სინამდვილე ასეთი იყო. და, აი, ერთ მშვენიერ დღეს რეპეტიციიდან დაბრუნებულს ამბავი დამახვედრეს, ოთარი გეძებს, კინოსტუდიაში მოვიდეს სასწრაფოდო.

– ააააა, დაგჭირდით?! – გამკრა გულში. ალბათ მასალა ნახა, მიხვდა თავის შეცდომას და თავიდან აპირებს გადაღებას. ჰო, რა თქმა უნდა, ასე იქნება. ნეტა რატომ იწვალა ამდენ ხანს? პირდაპირ მე გადავეღე…
ნაწყენი კი ვარ, მაგრამ მეგობარს ხომ არ ვუღალატებ? თანაც ქართული კინოს გადასარჩენად გიხმობენ, ჰოდა, აბა, წაუსვლელობა როგორ იქნება?

წავედი. ოთარი ძველი კინოსტუდიის ეზოში დამხვდა.
“ვა, მოხვედი, როგორ ხარ?” – გადამკოცნა.
ხო, ხო ხო რა მომბალია, – გავიფიქრე. ხელი გადამხვია და ქვემოთ დიდი პავილიონისკენ წამიყვანა.
“ჯანო გადავიღე კახიძე, მშვენივრად თამაშობს, უნდა გამიხმოვანო”…
“რა ღვთის წყრომაა – ჯანოს უნდა იღებდნენ და მე მახმოვანებინებდნენ? პირიქით რომ იყოს, კიდევ ჰო. სულ შეიშალა ეს ხალხი…” – გავიფიქრე ჩემთვის. კამათი არ ღირდა.

დავიკაპიწე ხელები და მუშაობა დავიწყე… მძიმე და უმადური საქმეა გახმოვანება. ჯორივით ფეხზე დგახარ 9-10 საათი, თვალი დაძაბულია, რომ არტიკულაცია არ გამოგრჩეს, სამეტყველო აპარატი მწყობრშია, რომ ყოველი ბგერა დანიშნულების ადგილზე მოხვდეს…. შესაბამისად, სმენაც…. აბა, მეტი რაღა დარჩა. მძიმეა, მაგრამ ჯანოს შემთხვევაში სასიამოვნოა და, როგორც დრომ აჩვენა, ისტორიულიც.

ფანტასტიკური ფილმი გამოვიდა “იყო შაშვი მგალობელი”, ჰოდა, მეც ყველას ყველაფერი ვაპატიე…
მაგრამ არის ერთი დეტალი, რისთვის ამ ყველაფერს ვყვები. არის ფილმში ასეთი სცენა, აბანოში დგას ჯანო და ბანაობს, სტვენს კადრში. გახმოვანება დავამთავრე და ეს ბოლო კადრი მივატოვე. სადაც ტექსტი იყო, ის სცენები გავაკეთე, სტვენით კი ვერ დავუსტვინე.
– რა მოგივიდა, სტვენა არ ცი? – მეკითხება ოთარი.
– არა, სტვენა როგორ არ ვიცი, მთელი ცხოვრება ვუსტვენ, მაგრამ ჯანო ალბათ სხვანაირად უსტვენს, მისი სმენისა და ნიჭის პატრონი… არა, მე ჯანოს მაგივრად ვერ დავუსტვენ, რა მელოდია უნდა დავუსტვინო? რამე ისე რომ არ გამომოვიდეს? მოიყვანე, ძმაო, და თვითონ დაუსტვინოს, მე ამ კადრს ხელს არ მოვკიდებ! – ვთქვი ხმამაღლა.

მოიყვანეს ჯანო მეორე დღეს, ბევრი იცინა, დაუსტვინა და წავიდა…

…წავიდა და დარჩა მის სხეულში ჩემი ხმა…”