11 ივნისი, 2021

გოდერძი ჩოხელის ძალიან კარგი წერილი

მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში “უცნაური კვერცხი” სრული სიზუსტით აღწერს ქართველების ყოფას:

“მაშინ, როცა მთელი ქრისტიანული სამყარო ქრისტეშობის ორი ათასი წლისთავის აღსანიშნავად ემზადებოდა, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს და უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში სატანა ბობოქრობდა.

ვიღაცის უჩინარი ხელი განგებ შლიდა ქართველების ეროვნულ ცნობიერებას. ყველაფერს ქვეყნის პოლიტიკანები განაგებდნენ, რომელთაც იმდენი პოლიტიკური პარტია შექმნეს, რამდენიც, ალბათ, მთელ დანარჩენ მსოფლიოშია ერთად აღებული.

ეს ის ავბედითი დროა, როდესაც საქართველო კარგავს მშვენიერ კუთხეებს და ისინი, ვინც ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკოსებს წარმოადგენენ, სრულებითაც არ ცდილობენ რაიმე ხერხით დაიბრუნონ წინაპართა სისხლით მორწყული მიწები, პირიქით, მგონი, სულაც აღარ ფიქრობენ ამაზე. ისინი ყიდიან ყველაფერს, რასაც საქართველო ჰქვია და საარჩევნი დოღი აქვთ გამართული. ამისათვის უამრავი ფული იხარჯება. და რაკი საარსებო ლუკმაპური ენატრებათ, გარბიან ქართველები. გარბიან საქართველოდან.

სხვებიც გარბიან, მაგრამ ქართველი ყველაზე მეტად დაუცველია და დაჩაგრულია საკუთარ ქვეყანაში. იგი, ამავე დროს, მოტყუებული და დამცირებულია. შერცხვენილია ქართველი კაცი. შელახულია ქართველი ქალის მანდილი, რომელიც ერთ დროს უწმინდესი დროშა იყო ქართველობისა.

ჯერ კიდევ ყველა ვერ აპირებს საქართველოდან გაქცევას. ჯერ რაღაცის იმედი აქვთ. უფრო – ღმერთის, რომელმაც აქამდის მოიყვანა ქართველი ერი.

ერთადერთი საქმიანობა, რაც ამ დროს ქვეყანაში კეთდება, პარტიების შექმნაა. როგორც ჩანს, იმ უჩინარმა თუ გამოჩენილმა, რომელსაც ქართველთა ფესვებიდან ამოგლეჯის და მათი ეროვნული ცნობიერების წაშლა სწადია, იცის, როგორ მოიქცეს, რომ ქართველები საბოლოოდ დააჩოქოს. მან იცის, რომ რაც უფრო მეტ პარტიას შექმნიან, უკეთესია მისთვის, თორემ ამათთვის, რაღა თქმა უნდა, უარესი – თუ აქამდე სამთავროებად დაშლა ასუსტებდა საქართველოს, ახლა პარტიებად დაიშლებიან. მტერსაც მეტი რა უნდა – დაყავი და იბატონე.

მგლებივით ყმუიან პარტიათა ლიდერები; ძაღლებივით გლეჯენ ერთურთს მათი მიმდევარნი. იხარჯება უამრავი ფული საარჩევნო კამპანიებისთვის, იბეჭდება უძვირფასეს ქაღალდზე გაფორმებული პლაკატები (ამ დროს მწერლებს ქაღალდი ენანებათ, რომ რაღაცა დაწერონ და ისე იხოცებიან, ერი ვერც გებულობს ამას).

სადღაც საქართველოს მახლობლად ყმუის ჩასაფრებული მგელი.
ყმუიან პარტიათა ლიდერები.
ყეფენ მათი მიმდევრები.
გაწევ-გამოწევა.
ჩხუბი და დედის გინება.
ცილისწამება და ორპირობა.
გაიძვერობა და – ტყუილი, ტყუილი, ტყუილი…
საქართველოს სახელით მკერდში მჯიღის ბრაგუნი და…
ყოველდღე დამშეული, გაწამებული, სულში ჩაწიხლული ხალხის ერთურთზე წაკიდება. ოღონდ თვითონ ,,გავიდნენ”, მაღლა აცოცდნენ, მთავრობაში მოიკალათონ და რაც კიდევ დარჩა საქართველოს ნაწამებ ძვლებს გამოსახრავი, გამოხრან.

ქვეყანა ჰგავს ერთ დიდ ორმოს, საიდანაც ხალხს ამოსვლა უნდა, მაგრამ ამოსასვლელი კიბე თუ თოკი, არ არის. მოდიან ,,ზევით მძრომარენი” და ლაქარდიანი ენით საარჩევნო ხმებსა სთხოვენ ამ ორმოში ჩაყრილ, გაწამებულ ხალხს. სანაცვლოდ თოკებსა და ოქროს კიბეებს ჰპირდებიან ორმოდან ამოსასვლელად. მეტი რა გზა აქვს ხალხს; იქნებ მართლა ვინმემ მოუტანოს თოკი, იქნებ მართლა ვინმემ ჩააწოდოს კიბე, კი არ სჯერათ, კი აღარ აქვთ იმედი, მაგრამ, იქნებ?

***
დამთავრდა არჩევნები.
ხალხმა დაპირებული კიბეებისა და თოკების სანაცვლოდ აირჩია ,,ძვირფასი ” დეპუტატები, ,,ძვირფასი” პარტიები, რომლებიც თავპირისმტვრევით გაიქცნენ პარლამენტის შენობისაკენ… იქ, ზევით!
ვიღას ახსოვს ხალხი. ვიღას ახსოვს თოკი. ვიღას ახსოვს კიბე.
,,ჭირსაც წაუღია ორმო და ხალხი.
,,თუ გაძლებენ, გაძლებენ, თუ არადა, მით უარესი, ანდა მით უკეთესი მათთვის”.
ტელევიზორი და პრესა კი: ოო, რა საამურია ქართველთა ცხოვრება!
ოო, რა დიდებულად გამოხატა ხალხმა თავისი არჩევანი!
ოო, რა მსოფლიო დონის ხელმძღვანელები გვყავს! ოო, რა დემოკრატია სუფევს საქართველოში! ორმო?
რა ორმო?!
ხალხი?
რომელი ხალხი?!
ეგენი ხო ,,იმისტები” არიან. ბრმა უნდა იყო, რომ ეს ,,სამოთხე” ვერ დაინახო.
ორმოდან კი თანდათან ძლიერდება გოდების ხმა. ტირილი. კვნესა. მიცვალებულები. ისეთი სენი გავრცელდა, რომელსაც მედიცინის ენაზე თვითმკვლელობა ჰქვია.
– გადააფარეთ მაგ ორმოს ზემოდან ვარდები და მოაწყვეთ ზედ საზეიმო შოუები! – ბრძანებას იძლევა ,,დიდი კაცი”.