17 ივნისი, 2021

გია ყანჩელის შვილის საგანგებო მიმართვა

კომპოზიტორ გია ყანჩელის შვილი – სანდრო ყანჩელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტს საჯარო წერილს უგზავნის:

„მე მუსიკოსის ოჯახში გავიზარდე და მუსიკასთან გამუდმებით მქონდა შეხება. გერმანიაში 25 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ცოდნა შევიძინე საავტორო უფლებების სფეროში. დღესაც ხშირად მიხდება როგორც კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან, ასევე მუსიკალურ გამომცემლობებთან ურთიერთობა.
საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია არის არაკომერციული კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, რომელიც ავტორებმა დააფუძნეს. ასოციაციის საქმიანობა გამჭვირვალეა და ის ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს მოკრეფილი და განაწილებული საავტორო ჰონორარის ოდენობაზე.

ჰონორარის ზუსტი და დროული განაწილება პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, როგორიც გახლავთ გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი მუდმივად ისმის უკმაყოფილო ავტორების მწვავე კრიტიკა ჰონორარის განაწილებასთან დაკავშირებით. მაგრამ ხსენებულ ქვეყნებში ეს სფერო ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მიერ იმართება და პარალელური ორგანიზაციები არ არის დაშვებული. საბედნიეროდ, საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებზეა მორგებული და პარალელურ ორგანიზაციებს კრძალავს.

გთხოვთ, პარალელური ორგანიზაციის საკითხის განხილვისას გაითვალისწინოთ უკრაინაში დაშვებული შეცდომაც. იქ პარალელური ორგანიზაციების დაშვებასთან ერთად დიდი ქაოსი დაიწყო და ჰონორარის მოკრეფა-განაწილება კიდევ უფრო გართულდა. ანალოგიურ ქაოსს მივიღებთ საქართველოშიც, თუ პარლამენტი GERA-ში გაწევრიანებული ავტორების მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

მიმაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობა საავტორო უფლებების სფეროში ძალზე გამართულია, საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და არ საჭიროებს ცვლილებას.”