1 ივნისი, 2021

გამორჩეული საღამო ამერიკაში მაია შიოშვილისგან

პენსილვანიის შტატის ქალაქ ფისტერვილში, 5 ივნისს, ამერიკაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი მაია შიოშვილი კამერული მუსიკის საღამოს გამართავს.

საღამო ქართული დიასპორის მიერ შეძენილ მიწაზე ჩატარდება და მასში მაია შიოშვილი და მისი ამერიკელი მეგობრები მიიღებენ მონაწილეობას.

მუსიკალურ პროგრამაშია ყველა კატეგორიის მსმენელისთვის განკუთვნილი ნაწარმოებები. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მოისმინოს როგორც საბავშვო და კინო მუსიკა, ასევე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

კოვიდ-19 ის გამო, შეხვედრა ღია სივრცეში გაიმართება. საღამოზე დასწრების სურვილი ამერიკის სხვადასხვა შტატში მცხოვრებმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.

მაია შიოშვილი, მუსიკოსი, კონცერტის ორგანიზატორი:

“თავდაპირველად მცირე მასშტაბის კონცერტის გამართვას ვგეგმავდით ქალაქ ფისტერვილის ადგილობრივ მსმენელთან, თუმცა საზოგადოების მხრიდან გამოჩენილი ინტერესის გამო, მუსიკალური საღამოს მასშტაბები გაიზარდა. მაღალი ინტერესი თავისთავად მეტყველებს ამ ტიპის “შეხვედრების” საჭიროებაზე. პანდემიის გამო, საზოგადოება სულიერი და კულტურული საზრდოს ერთმანეთში გაზიარების ნაკლებობას განიცდის. იმედია, სულ მალე ყველა ერთად დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს.”