გალაკტიონ ტაბიძის შედევრი

მართალია გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში რთულია რომელიმე ლექსი “დაიწუნო”, მაგრამ მათ შორის არიან გამორჩეული ლექსები.

პოეზიის მოყვარულებში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს მისი “მესაფლავე”, “მერი”, “მთაწმინდის მთვარე”, “ქებათა ქება ნიკორწმინდას”, “სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში”…

ლექსი, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ, 1956 წლის 18 თებერვლით თარიღდება. იგი გალაკტიონის უშიშარობის, მტკიცე ხასიათისა და დაუმორჩილებლობის უდიდესი გამოხატულებაა:

“ტრფობას სამშობლოსადმი

ტრფობას სამშობლოსადმი გულში ვინ ამოშლიდა;
რომ არა სჩანს ქართველი, ნეტა ვინ ამოჟლიტა?
სისხლის ღვარი ამდენი ნეტა ვინ დააყენა?
ჭირი სხვადასხვაგვარი კარზე ვინ მოაყენა?
არე კაცთა ცხედრებით ნეტა ვინ გადაფარა?
ვინ წაართვა სამარე, ბნელს ვინ გადააბარა?
რატომ, რისთვის, მითხარით, აქ ვინ რა დააშავა?
მიწა რამ გააწითლა, ზეცა რამ გააშავა?
წინ მიმქროლი მერანი ამ გზად ვინ შეაყენა
და აქამდე ნათელი დიდი გზა ვინ გაჰყინა?
ვინ სად გადაასახლეს? სიბნელევ, რა დაგარქვა?
ცხრა მთას იქით ეს ხალხი ნეტა ვინ გადაჰკარგა?
კაცი, ვისაც სიმტკიცით ვერავინ გადახრიდა,
ვინ, რომელი იუდა-კაცის ხელმა დახვრიტა?
წყლული ვით მოშუშდება საამო მოშუშებით,
მწერლობა, ოჯახები აივსო ჯაშუშებით.
ვინ არის ის, ამდენი სისხლი რომ დააქცია,
ვინ არის ის, ედემი უდაბნოდ რომ აქცია?
ვინ არის ის, სამშობლო სისხლისფრად რომ მოხატა,
ვინ არის ის, ქართველ ერს სული რომ ამოხადა?
………………………………………………………
ბერიაა – ნაშენებ შენობას რომ მოშლიდა,
ბერიაა – ქართველი ერი რომ ამოჟლიტა,
ბერიაა – რომ მოსპო გულთა შვება და ლხენა,
ბერიაა – ზღვა ჭირის კარზე რომ მოგვაყენა,
ბერიაა – ცხედრებით ქვეყანა რომ დაჰფარა,
ბერიაა – სინათლე ბნელს რომ გადააბარა,
ბერიაა – …..”