19 ივნისი, 2021

ალექსანდრე კობერიძის საამაყო სიტყვა ბერლინალეზე

რეჟისორმა ალექსანდრე კობერიძემ და მისმა ფილმმა „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“ ბერლინალეზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო მიიღო.

რეჟისორმა გამარჯვება რიონის ხეობის მცველებს მიუძღვნა, მათ სოლიდარობა გამოუცხადა და ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე საამაყო სიტყვითაც გამოვიდა:

“ეს არის ჩემი სათქმელი, რომელიც მინდა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს. საინფორმაციო ომი ჩვენს საუკუნეში ერთ-ერთი უმთავრესი ბრძოლაა. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამ ბრძოლაში და რიონის ხეობის მცველებზე გიამბოთ.

ჩემს ფილმში რასაც ნახავთ, ყველაფერს საფრთხე ემუქრება – ქალაქ ქუთაისს, რიონის ხეობას, მდინარე რიონს, იქ მცხოვრებ ადამიანებსაც. ქალაქ ქუთაისთან ახლოს დიდი წყალსაცავის აშენება სურთ, რომელიც, სავარაუდოდ, გაანადგურებს მდინარეს, ხეობას, ქუთაისს და ადამიანების ბედსაც შეცვლის.

ადამიანები, რომლებიც ხეობას იცავენ, იბრძვიან მის დასაცავად უკვე თვეებია და ეს ბრძოლა არის ყოველდღიური. მათ სურთ იმედდაკარგულ საზოგადოებაში იმედის ნაპერწკალი გააჩინონ. ეს ყველაფერი ვიცი, იქიდან მოვდივარ და მათი იმედი მეც თან დამაქვს.

ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებაში ყველაზე დიდი გაკვეთილი ჩამიტარეს. იმედი ჩნდება იქ, სადაც სიმართლეა. მათი სიმართლე კი ის არის, რომ მდინარემ უნდა იდინოს.

უპირობო თანადგომის და განუზომელი მადლიერების ნიშნად, მინდა ეს ჯილდო რიონის ხეობის უდრეკ მცველებს მივუძღვნა, რომლებიც უკვე 233 დღე და ღამეა რიონის ხეობას და სიმართლეს იცავენ.”