8 მაისი, 2021

ზურა ქაფიანიძის განსაკუთრებული ამბავი

მსახიობ ზურა ქაფიანიძესთან არაერთი საინტერესო და განსაკუთრებული ამბავია დაკავშირებული.

ლეილა არჩემაშვილმა ხელოვანის გამორჩეული ამბები გაიხსენა:

,,ღვინოზე ერთ ლამაზ ზღაპარს გიამბობთ, რომელიც შვიდი ათასი წლის წინანდელია. ქართველმა კაცმა ვაზი იპოვა, მისი ნაყოფი იგემა და მოეწონა. წამოიღო სახლში, დარგო, გაამრავლა, კარგი მოსავალი მიიღო. ვერ მოერია ყურძენს და გადაწყვიტა დაეწურა. დაწურა და წვენი შეინახა. სითხე დადუღდა, მაჭრად იქცა და როცა გლეხკაცმა სასმელს გემო გაუსინჯა, კარგ გუნებაზე შეიქნა. ბოლოს ადგა და ღმერთი დაპატიჟა: ღმერთო, რაღაც სასწაული ხდება და უნდა გასინჯოო.
ღმერთმა სამყაროს არსებებს უხმო. პირველად ბულბულმა შესვა და თქვა: სამი ჯამი ვინც დალიოს, ჩემსავით იგალობოსო.
ლომმა შესვა და თქვა: ხუთი ჯამი ვინც დალიოს, ჩემსავით გალომდესო.
ძაღლმა თქვა: ვინც შვიდი ჯამი დალიოს, ჩემსავით იყეფოს, იჯაჯღანოსო.
ბატმა დალია და თქვა: ვინც ცხრა ჯამი დალიოს, გამობატდესო.
ბოლოს ღორის ჯერიც დადგა. დალია ღორმა ღვინო და თქვა: ვინც თორმეტი ჯამი დალიოს, ჩემსავით ტალახში ეგდოს და იღრუტუნოსო.
ღმერთმა თქვა: რაკი ამ სითხეს ყველა არსების თვისება აქვს, ჩემი სახელის პირველი ასო ,,ღან”-ი უნდა დავარქვაო.
ასე შეერქვა ღვინოს ღვინო…”

***

,,სამშობლოს სადღეგრძელო ძალიან მიყვარს. ამ სადღეგრძელოს შემდეგ ყოველთვის ვამბობ სულეთის სადღეგრძელოს. ქართველების გარდა ღვინით სულებს არავინ იხსენიებს.
ყოველთვის ვამბობ 9 ძმა ხერხეულიძის, 300 არაგველის, დიდგორის ომში დაღუპულთა შესანდობარს, იმათი, ვინც ეს ულამაზესი ტრადიცია დაგვიტოვა; ვინც პირველად პური გამოაცხო და ღვინო დააყენა… მერე ღვინო პურზე დაასხა და თქვა – სულეთის დიდება იყოსო.”

***

ერთხელ ზურაბ ქაფიანიძეს გადაცემაში ,,60 კითხვა” ჰკითხეს: ,,როგორი გინდათ იყოს ტელევიზორი?”
და ასე უპასუხა: ,,ქართულს ჩემი ანიკო მასწავლებელი მასწავლიდა. მან შემაყვარა სამშობლო. ძალიან მინდა, ტელევიზორი ჩემს ანიკო მასწავლებელს ჰგავდესო.”