1 მაისი, 2021

უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ოქონის ხატზე

ოქონის ხატთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ავრცელებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია:

“პროფესორ ჯუანშერ ვათეიშვილის არქივში ერთი ძალიან საინტერესო ფოტო აღმოვაჩინე: თანდართული აღწერილობის მიხედვით ირკვევა, რომ ეს ოქონის ხატია, რომელიც თურმე მოსკოვში “არუჟენნაია პალატაში” ინახება. მასზე არსებული ასომთავრული ქართული წარწერის მიხედვით: “ოქონის ხატი” მეფე არჩილსა და მის მეუღლეს დედოფალ ქეთევანს ეკუთვნოდა!

გარდა იმისა, რომ ხატი საინტერესო ხელოვნების ნიმუშია, რატომ გავამახვილე მასზე ყურადღება?! ცნობილია, რომ ოსური მხარე უკვე რამდენიმე წელია დაჟინებულად ქართული მხარისაგან ითხოვს 1992 წელს ცხინვალის მუზეუმიდან დაკარგული და 2004 წელს კრისტის აუქციონის მიერ საქართველოსათვის დაბრუნებულ ხატს, რომელსაც ოსები ოქონის ხატად მიიჩნევენ, ციტატა: “2002 წელს ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი მურად ჯიოევი აცხადებდა, რომ ეს ხატის „სამხრეთ ოსეთის ხალხის მონაპოვარი და კულტურული მემკვიდრეობაა“ და აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს მათ.”

ჰოდა, აგერ სამართლიანი გამოსავალი ნაპოვნია! ოსებმა ოქონის ხატი თურმე მოსკოვში უნდა ეძებონ, იქ არის “ოსეთის ხალხსი მონაპოვარი და მემკვიდრეობა”. თან ქართული წარწერით, ქართველი მეფისა და დედოფლის მოხსენიებით!

ასე რომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – მომავალში თუ მოლაპარაკებების დროს ეს საკითხი ოსური მხარის მიერ კვლავ წამოიჭრა, მზად ვართ დოკუმენტურად მივაწოდოთ მასალა მოსკოვის რომელ მუზეუმში უნდა ეძებონ “ოქონის ხატი”.