15 მაისი, 2021

უკეთ გაიცანით კონსტანტინე გამსახურდია

კლასიკოსი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია თავისი მართალი სიტყვით შეიყვარა ათასობით მკითხველმა.

“არტ ინფო” გთავაზობთ მის ჩანაწერს, რომელიც ამ დიდებულ მწერალს სულ სხვანაირად გაგაცნობთ:

“მე მგონია: ქრისტე არავითარი ღმერთი არა ყოფილა. ალბათ, იგი უბრალო მეიგავე ებრაელი იყო”

… ვწუხვარ, მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი ჩემი სიჭაბუკის მანძილზე, ეს იყო სამხედრო. 1918-19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და, პრუსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა, მაგრამ, ეს მაგრამ ძალიან ძლიერი იყო – რომანოვების არმიაში ხომ არ შევიდოდი?
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მე უკვე საკმაოდ მოწიფული ვიყავი და შეგირდობას ვეღარ შევძლებდი. 1923 წელს ისევ მომიარა სიჭაბუკის ოცნებამ პარიზში და ლამის იყო სანსირის სამხედრო აკადემიაში არ შევედი. მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა… სამხედრო კარიერისადმი სიყვარული არც ბარათაშვილს ჩაუნერგია ჩემთვის და არც ლორდ ბაირონს, ოდითგანვე ცხენის კულტი იყო ოდიშის მხარეში. ექვსი წლის ბავშვს განსვენებული მამაჩემი უბელო ცხენზე შემაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა. ბოლოს შევეთვისე ცხენს.

მერე, ის იყო, ისევ მწერლობას დავუბრუნდი… 1924 წელს ძლიერ მომაწვა შემოქმედების დარდი. ერთი თავი ჟურნალ კავკასიონში გამოვაქვეყნე. იმავე თვეში ჟურნალი შეწყდა. არც გამომცემელი მყავდა, არცა ფული მქონდა. საქართველოს პოლიგრაფტრესტი მენდო. მთელი რომანი 9 თვის განმავლობაში ვუკარნახე სტამბას. ხანდახან სადილის ფულიც არ მქონდა. ღამეებს ვათევდი, ზოგიერთი თავი მონოლითურად ჩამოისხმებოდა ხოლმე, ამან გამათამამა…

იოსებ ნიკოლაძემ მითხრა ერთხელ: ეჰ, რა გიშავთ პოეტებს, არც ატელიე გჭირდებათ, არც მოლბერტი, ფანქარი და ქაღალდი თუ გექნათ, ხეზეც რომ ჩამოჯდეთ, კარგად დასწერთო. საქმე არც ისე მარტივია. მე შუშის ნატეხით წანათალი ფანქრითაც მიწერია, მაგრამ კომფორტი აადვილებს შრომას. წერის დროს უთუოდ კარგი თუთუნი უნდა მექნეს (განუზომლად ბევრსა ვწევ). კარგ სავარძელში, ჩემს სავარძელში უნდა ვიჯდე. ფანქრით მოკითხვის ბარათსაც ვერ დავწერ. რამდენიმე ავტოკალამი მაქვს საუკეთესო ფირმისა. ესენია ჩემი მეწინავე ალამდარები. ფოლადის კალმების მთელი ლაშქარი მაქვს სამარქაფოდ შემონახული. ისეთი მაგარი ხელი მაქვს, ფოლადის კალმები სულ იოლად შემომაკვდებიან ხოლმე. ზოგი უცებ დაკოჭლდება, ზოგიერთი კარგად მომერგება ხელზე, ზოგიც რეგვენია, წრიპინა, ჩხიკინა, ჯიუტი და გაურანდავი. ზოგიც გამაგულისებს და მივლეწავ. სხვამ თუ ჩემი სამუშაო კალამი იხმარა, მე იმას ხელს არ ვახლებ. ქაღალდიდან ამდგარი ბეწვი თუ მოადგა კალამს, მომკალით. ცუდი ქაღალდი ხელშესახებადაც მძაგს. ამიტომ წიგნებისა და გაზეთების ხელით ტარება არ შემიძლია, გადანაწერს კონტროლს ვუკეთებ მრავალგზის…

კიდევ ერთი დეტალიც: ნაწერი, გადანაწერი, გადანაბეჭდი სხვადასხვა რიგად მეჩვენება. ამიტომაც, როცა რომელიმე სტამბაში ჩემი იწყობა ან იბეჭდება, იქ ყოფნას არაფერი მირჩევნია. პოლიგრაფიული წამლების სუნი განუზომლად მიყვარს. ასოთამწყობებში ძველი ძმაკაცები მყავს.

რაც 16 წლის გავხდი, სულ სტამბებში დავდივარ. კორექტურაში ძლიერ ვჭირვეულობ… ძველებმა იციან „ცოდვილი კაცი“ ვარ და მუდამ ამხანაგურის თავაზით მშველიან. მე მუდამ ვაფასებდი ასოთამწყობისა და სტამბის სხვა მუშაკის ამაგს, ამიტომაც ეს მე შემოვიღე პირველად 1917 წელს (ჟურნალ „პრომეთეში“) სტამბის მუშების სახელისა და გვარის წიგნის გარეკანზე მოხსენიება. წიგნს რომ დავბეჭდავ, უთუოდ პური უნდა ვჭამო მათთან. დედანს საშინელი სისწრაფით ვწერ…

ძველებს ხომ ჩვენებური სასვენი ნიშნები არ ჰქონიათ, მაინც კარგად წერდნენ… არც ერთ ჩემს ნოველლას მეორე ვარიანტი არ ჰქონია. სწრაფად ვწერ, მაგრამ დიდხანს ვინახავ ხელნაწერს, გამოხდება ხანი, წავიკითხავ, გავქლიბავ და ისევ შევინახავ. მე უმეტესად ნაშუაღამევს ვწერ, ნაწერს დილაობით გადავიკითხავ ხოლმე. ხანდახან ფული მჭირია, მაგრამ ნაადრევად დაბეჭდვას, თარგმანს ვარჩევ, თუმცა თარგმნამ თავი მომაბეზრა. დიდი პოეტური შედევრების ფრაგმენტების თარგმნა დიაღაც სასარგებლოა, მაგრამ დიდი ქმნილების მთლიანად თარგმნა ერთგვარი თვითმკვლელობაა მწერლისათვის…

როცა შემოქმედებითი მუშაობით გართული ვარ, ქალთა სიახლოეს გავურბივარ (გავოცდი, როცა სვანმა მონადირეებმა მიამბეს ერთხელ: ჯიხვზე სანადიროდ წასვლის წინ მთელი კვირა ქალს არ მივეკარებითო). ამ დროს ვცდილობ, საზოგადოებაში ყოფნას და ღვინის სმას თავი ავარიდო…”