უძვირფასესი საჩუქარი საქართველოს

ხელოვნების სასახლის კულტურის ისტორიის მუზეუმის კოლექციას კიდევ ერთი უძვირფასესი ნივთი შეემატა.

გიორგი კალანდია – ხელოვნების სასახლის კულტურის ისტორიის მუზეუმის ხელმძღვანელი:

“საოცდაექვსმაისოდ ასე მგონია ამაზე უკეთეს საჩუქარს ვერ გავუკეთებდით ვერც საკუთარ თავს და ვერც ქვეყანას. დიახ, დაახლოებით 2000 წელი შემოგყურებთ, შემოგყურებთ ფირუზისა და ვარდისფერი თვლების სახით… გიცქერთ შორეული კოლხური ცივილიზაციის წიაღიდან….

ეს უნიკალური ანტიკური ოქროს გულსაკიდი დაახლოებით 100 წლის წინ სენაკის რაიონში ერთ-ერთ გლეხს საკუთარ ეზოში უპოვნია. გემოლოგიური დასკვნის მიხედვით ვგებულობთ, რომ ის ოქროსგანაა დამზადებული, იწონის 5 გრამზე მეტს და ანტიკურ პერიოდში დამზადდა… ალბათ მდიდარ კოლხ გოგონას ეკუთვნოდა, ან სულაც ქურუმს…

ამ მძიმე დროებაში მოვახერხეთ და ეს ძვირფასი ნივთი ხელოვნების სასახლე კულტურის ისტორიის მუზეუმის კოლექციისათვის შევიძინეთ… მადლობა ამისათვის მუზეუმის თანამშრომლებს, მხარდაჭერისათვის, შრომისათვის, მადლობა ქალბატონ მინისტრს, რომელიც ყველა ჩვენს წამოწყებას მხარში უდგას და ამით განსაკუთრებით გვაძლიერებს, გვაძლევს საშუალებას ასეთი საქმეები ვაკეთოთ…

მადლობა მფლობელს, რომელმაც უცხოელთაგან შემოთავაზებული გაცილებით ძვირი ფასის მიუხედავად, ნივთი მაინც ჩვენ დაგვითმო და სამშობლოს წარსულის ეს ძვირფასი ოქროს ფრაგმენტი არ დაუკარგა!

გილოცავ, საქართველოვ! გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებ სიძლიერეს, სიმდიდრეს, სიმხნევეს… გვიყვარხარ ძლიერ, ძლიერ… შენი უნიკალურობა ყველაფერში იგრძნობა, შენი სიდიადე კი ამ ოქროს პატარა ნივთშიც ძალიან კარგად მოჩანს.”