2 მაისი, 2021

სიმართლე ზურა რთველიაშვილზე

პოეტ ზურა რთველიაშვილზე მისი მეუღლე ნინი ამირეჯიბი სიცოცხლის უმნიშვნელოვანეს დღეებს გვიზიარებს:

“იმ ზურას, რომელსაც ნინა უყვარდა, ერთი საათიც უჭირდა ნინას გარეშე ცხოვრება. იმ ნინას, რომელსაც ზურა სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, სწამდა, რომ ზურა უკვდავი იყო და შესაბამისად არც მას შეეძლო ზურას გარეშე ერთ საათზე მეტხანს თავისუფლად სუნთქვა. 192 საათზე მეტი გავიდა ზურას გარეშე და ამ 192 საათში სხვადასხვა შეგრძნებების ქარიშხალია ჩემს სულში.

პირველად ერთი თვის წინ მომიკვდა, როცა ექიმებმა ყველაზე სასტიკი განაჩენი გამოუტანეს ,, პანკრეასის სიმსივნე” შორს წასული მეტასტაზებით. დაგვპირდნენ გადარჩენის 10%-ს, უფრო სწორად არც არავინ დამპირებია, ძალით ამოვაწიწკნე სიტყვები ექიმს და ზურას მეგობრებთან ერთად ამ 10 %-ს ჩამოვეკონწიალე.

მეორედ მაშინ მომიკვდა, როცა მითხრეს რომ დინამიკა უკან მიდის, შვედეთში წასვლას ვერ შევძლებდით, რომ არც ერთი თავმოყვარე კლინიკა არ დაადებდა დანას, ვერც ბიოფსია გაუკეთდებოდა, ვერც ქიმიოთერაპია დაენიშნებოდა, მაინც არ დავიჯერე… არც მე და არც მისმა საოცარმა მეგობრებმა. ექიმისგან ატირებული გამოვდიოდი, ცრემლებს ვიწმენდდი, სახეზე მაკიაჟს ვიკეთებდი და ზურასთან ბედნიერი სახით შევდიოდი. ცხოვრებაში პირველად ვატყუებდი, ვატყუებდი, რომ სიმსივნის პირველი სტადია ჰქონდა, რომ მთავარი პრობლემა თრომბები იყო ფეხზე, რომელიც თანდათან მცირდებოდა, თუმცა დრო იყო საჭირო შვედეთში წასასვლელად.

განიცდიდა, მაგრამ იმედიანად იყო… რამდენჯერმე მითხრა, რა კარგია ირაკლიმ რომ ჩემს დათრომბილ ფეხს მოუსწრო, შენ ხომ კუჭის პრობლემა გეგონაო, რა კარგია რომ არ დაგიჯერე, ექიმთან არ წაგყევი და ზონდი არ გადამაყლაპე, ზონდის გადაყლაპვით ხომ ის თრომბი გასკდებოდა და ისე მოვკვდებოდი, ვერც გაიგებდითო. ესე იგი ,,სიკვდილი არ მიწერიაო”. ეს სიტყვები სამყაროს ნიშნებად და კანონად მივიღე, ექიმებისთვის როგორ დამეჯერებინა, როცა ზურას სიტყვა ყველაზე მაგიური კანონი იყო ჩემთვის… თუმცა, ერთი პატარა დეტალი გამომრჩა… მთელი ერთი თვის განმავლობაში, ამ სიტყვებში თავად დავარწმუნე, დავაჯერე, რომ უკვდავი იყო და ზუსტად ამიტომ უკვე თავად არ აძლევდა თავს უფლებას ჩემს სიტყვებში ეჭვი შეეტანა.

მესამედ მაშინ მომიკვდა, როცა ალადაშვილის რეანიმაციაში მოათავსეს და თქვეს, რომ რეანიმაციაში მის ყოფნას აზრი არ ჰქონდა… რომ უკვე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი და ჯობდა სახლში მიეღო სიკვდილი.

მეოთხედ მაშინ მომიკვდა, როცა სახლში გამოვიყვანეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, წინა ღამით, გარდაცვალებამდე მის მეგობრებთან ერთად სამომავლოდ ისევ შვედეთში სამკურნალოდ წასვლას ვგეგმავდით.

მეხუთედ მაშინ მომიკვდა, როცა ის უკანასკნელი დილა გათენდა, როცა ექიმს დავურეკე სასწრაფოდ სატურაციოს და წნევის დარეგულირება მოვთხოვე, მან კი მიპასუხა, რომ დრო ახლოვდებოდა, ღვიძლი ეთიშებოდა ორგანიზმს და ღმერთი არ იყო, რომ მისთვის ეშველა… მაშინაც ზურას მეგობრებს ხელი ჩავჭიდე და მთელი არსებით მწამდა, რომ თუ ხელებს გავუთბობდით, სატურაციო აიწევდა, ზურა სუნთქვას შეძლებდა, წნევა დაბლა ჩამოვიდოდა, გალურჯებული და გაყინული სხეული თანდათან გალღვებოდა, ყველაფერი დასტაბილურდებოდა, ამ კრიზისს გადავივლიდით და აუცილებლად წავიდოდით შვედეთში სამკურნალოდ.
გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე მითხრა, რომ სულ ჩემთან იქნებოდა, ერთი საათის შემდეგ კი ცხოვრებაში პირველად მომატყუა, პირველად მიღალატა და სამუდამოდ დამტოვა…

ყველას თავის წილი ზურა ჰყავს, თითოეულის წილი ზურა უნიკალური და საოცარია. თუმცა, ეგოისტურად ყველაზე გულწრფელი, რომანტიული, ბობოქარი, არანორმალური და ამავდროულად სენტიმენტალური, ჩემი წილი ზურა იყო… ის წილი ზურა, რომლის სახითაც ჩემს არსებაში ღმერთი მომიკვდა. ის წილი ზურა, რომელიც 25 წლით უფროსი იყო ჩემზე და მამის, მეუღლის, მზრუნველი მეგობრის, შეყვარებულის და ხანდახან შვილის როლსაც ითავსებდა.

ყველაზე ბობოქარ დადა-მეფეს სიყვარულის გამო ყველაზე გულწრფელი ტირილიც შეეძლო… შეეძლო სული მოეცა შენთვის, შენს გამო ყველაზე მაგიური სიყვარულის გიჟური რიტუალები ეკეთებინა და დაერწმუნებინე, რომ ამ სიყვარულმა ქალღმერთად გაქცია. იქამდე სანამ განაყოფიერების ქალღმერთი ჩვენი სიყვარულის ნაყოფს – გიორგის ჩასახავდა ჩემს სხეულში, ექიმებმა მითხრეს, რომ არასდროს შვილი არ გვეყოლებოდა. მითხრეს რომ ბევრი, ძალიან ბევრი მკურნალობა მჭირდებოდა, შემდეგ კი ხელოვნური განაყოფიერებით იყო მცირე შანსი, თუმცა მზად უნდა ვყოფილიყავი – მუცელი ორ თვეში აუცილებლად მომეშლებოდა. ექიმებისგან გამოსულმა მხოლოდ ერთი რამ მითხრა ,,ნინ, შენ ქალღმერთი ხარ! ჩვენს სიყვარულს კი ყველაფერი შეუძლია”… მთელი არსებით ვიწამე და ოთხ თვეში ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე პატარა რთველომ დაიდო ჩემს მუცელში ბინა. მის ამ სამყაროში დაბადებას კი 15 საათი სამშობიარო ბლოკში ელოდა ამ ქვეყნად ყველაზე ბავშვური ზურა, რომელსაც არც ერთი წუთი ჩემთვის ხელი არ გაუშვია.

ზურას გვერდით ცხოვრება ვალდებულებას ჰგავდა, ვალდებულებას, რომლისთვისაც არასდროს არ უნდა გეღალატა. უნდა გეწამა მისი, გაგეგო, მიგეღო, გერწმუნა მისი ძალების და გყვარებოდა მთელი არსებით, სამყაროსხელაზე, იმის იქითაც. სხვა სიყვარულს პოეზიის ღმერთი არ იმსახურებდა, რადგან თავად ატარებდა ყველაზე დიდ და მაგიურ სიყვარულს, რომლის ძალასაც მართლაც ყველაფერი შეეძლო. რომლის ძალასაც ამ ქვეყნად ყველა ომის მოგება და პოეზიის დიქტატურის დამყარება შეეძლო!

ყველაზე მეტად მაინც ამ ქვეყნიდან ფიზიკურ გასვლას ვერ ვპატიობ, თუმცა ერთი რამ შეძლო… სიკვდილის კულტურა დაამარცხა! დაამარცხა სამუდამოდ, ყველა წესზე, კანონზე, დოგმაზე მაღლა დადგა, თავისი მოულოდნელი წასვლა სიკვდილის პერფორმანსად აქცია… პერფორმანსის ბოლოს კი აღდგა ჩემში, ყველაზე დიდი ზებუნებრივი ძალით და მარგუნა პატივი ეს სიყვარული და მისი სახელი საკუთარ სხეულში სამუდამოდ დავაბინავო. ვაქციო ,,ერთსულ” და ,,ერთხორც”, როგორც მანამდე, ახლა უფრო მეტადაც ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ყოველთვის გვახსოვდეს. ახლაც, მერეც, ყოველთვის…

ამ ტკივილს უკვე არც არაფერი ეშველება, ამ ტკივილთან ერთად მომიწევს ცხოვრება… მხოლოდ ის ვიცი ნუგეშად, რომ ახლა ზურას ყველა ოცნება ჩემი ოცნებაა, როგორც ყველა ჩემი ოცნება იყო მისი და უცნაურია სულ არ გვაქვს არც მე და არც მის მეგობრებს შეგრძნება, რომ მარტო ვართ! მეგობრებო! ჩემი, თქვენი, ხალხის წილი ზურა იქნება ყოველთვის! ზურა, მე, ჩვენ, თქვენ ხართ ვენახი!”