სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფილმები

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფილმებითითოეული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფილმი სხვადასხვაა. ფილოლოგ გია მურღულიას მიაჩნია, რომ სრულიად საქართველოსთვის საჭიროა ფილმები, რომლებიც საკუთარი ცხოვრების უკეთ წარმოდგენაში დაგვეხმარება:

“ჩვენ არ გვაქვს გადაღებული ფილმები, რომლებიც დაგვეხმარებოდა საკუთარი ცხოვრებისა და საზრისის უკეთ წარმოდგენაში.

თითქმის არაფერი გადაგვიღია საქართველოს ისტორიის შესახებ – სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ქრისტიანობის მიღება, ომები, დამოუკიდებლობის გამოცხადება თუ სახელმწიფოებრიობის აღდგენა, კულტურული საქმიანობა, დიპლომატია, სპორტი…

ასევე, უკიდურესად მწირეა ფილმები იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის მთავარი ორიენტირები შექმნეს, მიზნები დასახეს და მათ მიაღწიეს (ფარნავაზი, მირიანი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე… იოანე საბანისძე, გრიგოლ ხანძთელი, გიორგი ათონელი, შოთა რუსთველი, სულხან-საბა ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, ივანე ჯავახიშვილი, გალაკტიონი…) – ცხადია, ყველას ვერც ჩამოთვლი.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ საკუთარი ცხოვრება არ გვაინტერესებს და სხვისას მეტ ყურადღებას ვუთმობთ.

რა თქმა უნდა, ოდნავ გადავაჭარბე, მაგრამ ამ მსჯელობას, სიმართლის დიდი “ულუფა” ხომ ურევია?

მგონი, უბრალოდ, სირცხვილია, მაგალითად, ილიაზე რომ არაფერი გადაგვიღია – მთელი ცხოვრება მასზე ვლაპარაკობთ, ამდენი დავწერეთ, მაგრამ მისი ეკრანული სახე პრაქტიკულად არ შეგვიქმნია.

თვითშემეცნების კულტურა, მათ შორის – ამ ფორმითაც, ნებისმიერი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

იქნებ სახელმწიფომაც და კერძო სექტორმაც იფიქრონ ამ კულტურის ამაღლებასა და უპატიებელი ხარვეზის თანდათანობით აღმოფხვრაზე – საქართველოს ეს ძალიან სჭირდება.

ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ – თუ გადასარჩენი გვაქვს, რა გადავარჩინოთ, რას მოვუფრთხილდეთ ყველაზე მეტად, რა ღირებულებებსა და მიზნებზე აღვზარდოთ ახალი თაობა და – ყველაზე ძვირფას რაღაცებზე დაფუძნებით – რა მივიჩნიოთ უპირატესი განვითარების ღირსად.

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგაც კი ჩვენ არ გვაქვს გამაერთიანებელ იდეათა სისტემა, რომელიც საერთო მიზნობრივ ენერგიას დაბადებდა.

ამიტომაც გვაქვს ამდენი მოუგვარებელი პრობლემა.”