2 მაისი, 2021

ყველაზე ლამაზი აღდგომა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უდიდესი დღესასწაულია მორწმუნეთათვის. ეს დღე არაერთი მწერლის, პოეტის, კომპოზიტორის, მხატვრის შთაგონების წყარო გამხდარა.

“არტ ინფო” გთავაზობთ ამონარიდს გურამ დოჩანაშვილის რომანიდან “სამოსელი პირველი”, სადაღ აღდგომის დღესასწაული ძალიან ლამაზად არის აღწერილი:

“წელიწადის ამ დროს და ამ დღეს კანუდოსში ლამაზი ზეიმი იციან… ჯერ დოლს ააბრაგუნებს გრეგორიო პაჩეკო და ამ დოლის ხმაზე თიხის ნედლ ქოხებს ტოვებენ მაღალი, ხმელი, ამაყი მიხვრა-მოხვრის მქონე ვაკეიროები…

პატარა ეკლესიასთან მათ მენდეს მასიელი – კონსელეირო ელოდებათ: “ქრისტე აღსდგა!” – მიმართავს ის შეკრებილებს და ტუჩის კუთხეში ოდნავ, სულ ოდნავ შესამჩნევი ღიმილი უკრთის.

“ჭეშმარიტად აღსდგა!” – პასუხობენ კანუდოსელები და წითლად შეღებილ კვერცხებს მაღლა სწევენ, მერე ერთმანეთს ეხვევიან და კვერცხებს უჭახუნებენ, მთელს დამტვრეულის პატრონს აძლევენ, დამტვრეულს თვითონ იტოვებენ, მერე ერთმანეთს სამჯერ კოცნიან… – ქრისტე აღსდგა, ჟოაო ბიძია! – ღიმილით უახლოვდება ჟოაო აბადოს დონ დიეგო და წინ გაშვერილ ხელში წითელი კვერცხი მოუჩანს.

– ვინაა შენი ბიძია!.. – პირს განზე იბრუნებს ჟოაო, მერე ეტიკეტს მაინც არ არღვევს, – ჭეშმარიტად აღსდგა! – მაგრამ კვერცხს მაინც არ იღებს ჯიბიდან, ცხენს უმოწმებს უკანა ტორს, ვითომ ნალს ეჩალიჩება. მანუელო კოსტა ლაღი ჭენებით ბაზრობათა ქალაქში მიჭენაობს და დროდადრო აივანზე გადმომდგარ ბანოვანებს ქუდს უხდის: – ქრისტე აღსდგა, კოლომბინა! გილოცავ, როზეტტა! მომენატრე, პატრიცია!

– იფ, იფ, ყმაწვილს დამიხედეთ, აღდგომასაც არ ისვენებს, ქალაქიდან ბრუნდება ბიჭი! – ისევ ბუზღუნებს ჟოაო კანუდოსს მობრუნებული კმაყოფილი მანუელოს დანახვაზე.

– რას ერჩით, ჟოაო ბიძია, იქნება მართლაც დაქალებს მიულოცა აღდგომა? – მისი გაცეცხლებული სახის დანახვა თუ მოუნდა, გულუბრყვილოდ ეკითხება დონ დიეგო.

– კი, კი, როგორ არა! დაქალი კი არა, ფოცხვერს არ გაუშვებს ტყეში! – ბრაზდება ჟოაო და გვიან ახსენდება: – ვინაა შენი ბიძია!

ჩაფიქრებული მენდეს მასიელი კი მდინარის პირას დააბიჯებს, ტყეს გასცქერის და ფიქრობს.
დომენიკო მდინარეში წელამდე შესულა,ნაპირისკენ უილაჯოდ მიცურავს, კი არ მიცურავს, წყალს მიაქვს, აი, გამოჩნდა ნაპირიც, აღდგომაა და ის აღდგომას ბრუნდება – ეს დომენიკოს ბავშვობისდროინდელი თამაშია, სადღაციდან დაბრუნება…

ასე გათენდა აღდგომა კანუდოსში…

მოდით, ჩამჭიდეთ ეგ უნდო ხელი და თიხის ქალაქი შემოვიაროთ…
ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე…
კანუდოსი აღდგომას ეგებება…
კიდევ უფრო გაკეთილშობილებულან ისედაც კეთილშობილი კანუდოსელები.
კანუდოსი, ეჰ…
თავისთვის იდგა, ვის უშავებდა რამეს…”