24 მაისი, 2021

“ნიჭიერთა ათწლედს“ შენობა წაართვეს

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლას “ნიჭიერთა ათწლედს” შენობა წაართვეს.

ინფორმაცია ამის შესახებ “ნიჭიერთა ათწლედის” ყოფილმა ხელმძღვანელმა თამუნა შენგელიამ გაავრცელა:

“ამბობენ, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესიაო. დღეს გავიგე, რომ ათწლედისთვის შენობა წაურთმევია სახელმწიფოს – ასე იცის უმოქმედობამ და პასიურობამ.

ნიკა რურუამ და მე ბევრი შრომა და რესურსი ჩავდეთ, რომ ნიჭიერთა ათწლედისთვის ღირსეული შენობა მოგვენახა და, ამ შენობის პომპეზურობის მიუხედავად, ეს მხოლოდ სახლი იყო, მატერიალური ბაზა, სადაც დიდი შემოქმედებითი და საგანმანათლებლო გეგმები უნდა განმეხორციელებინა და ქვეყნის ერთ-ერთ კულტურულ კერად გვექცია.

„ცისფერი მთები“ ან ფელინის “Prova d’Orchestra” მახსენდება, სადაც მიკროსამყაროს ვაკვირდებით და გლობალურ მოვლენებს ვხედავთ. ასეთივეა ჩემთვის „ნიჭიერთა ათწლედის“ ამბავიც.

ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის დეგრადაციის პროცესის შემყურეს არაფერი გამკვირვებია სწორედ იმიტომ, რომ ათწლედში დავინახე ყველაფერი ის, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად უფრო დიდ მასშტაბს მიიღებდა.

მეცინებოდა, როცა კულტურის მინისტრის სტატუსებს ვაწყდებოდი, სადაც საზეიმოდ წარმოგვიდგენდნენ ათწლედის შენობის პროექტს, პროექტის პროექტის პრეზენტაციას და ათას სისულელეს. მეღიმებოდა გულუბრყვილოდ აღფრთოვანებულებზე, ნიშნისმოგებით გახარებულებზე და მათ ბრიყვულ კომენტარებზე, დაპირებებზე და ოცნებებზე დიად მომამვალზე. რეალურად კი, ამ სკოლაში რომ არაფერი აღარ გაკეთდებოდა, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ქოცების მოსვლიდან 2 თვეში მივხვდი და კარი გავიხურე. ბევრისაგან განსხვავებით კრედიტის დასაფარად ან საკუთარი „სტატუსით“ ტკბობისთვის არასოდეს არსად მიმუშავია.

სამწუხარო და ტრაგიკულია, თუმცა დღევანედელი რეალობიდან გამომდინარე ლოგიკური, რომ გელათის ფრესკების ჩამოფშვნის პარალელურად, თავის არსებობას ასრულებს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლი – „ნიჭიერთა ათწლედი“.

სკოლისათვის შენობის წართმევა ამის მხოლოდ თვალსაჩინო დასტურია (ვინ ოხერი-მამაძაღლი და სულელი გაიმეტებს ამისთანა შენობას კულტურისა და განათლებისთვის?!). თუმცა პრობლემები ბევრად მეტი და მასშტაბურია, მომავალი დაგანახებთ, მაგრამ ამას ცოტა ადამიანი თუ ხვდება დღეს, ან სულაც არ აინტერესებს.”