ნინო ნეკერიშვილი – ძილში გარდაცვლილი პოეტი

ნინო ნეკერიშვილი - ძილში გარდაცვლილი პოეტიპოეტი და მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი 34 წლის ასაკში ძილში მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ის ბედისწერით იყო პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიცოცხლე თვალის დახამხამებაში ერთი ამოსუნთქვასავით დასრულდა, მაინც მოასწრო სხვებისგან გამორჩეული ლექსების დატოვება.

ჯერ კიდევ 2003 წელს ნინო ნეკერიშვილი წერდა:

“ლექსი – გრძნობათა უეცარი, უფაქიზესი აფეთქებაა. ეს აფეთქება აუცილებლად უნდა იგრძნო, იგრძნო და გადმოსცე, რადგან იგი ზოგჯერ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის…

„მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი ცხოვრებაც ამ ლექსს თან ახლავს…“

ლექსი ადამიანის სულის უნაზესი ნაწილია და თუ ვინმემ ეს ნაწილი გაგანდო, ჩათვალე, რომ მისთვის ძალიან ძვირფასი ხარ… და მოუფრთხილდი იმ ადამიანს, რადგან მისი სულის დამსხვრევაც ისევე ადვილია, როგორც შუშის ბურთისა. პოეტი ხომ ისეთივე მგრძნობიარეა, როგორც ქარს გაყოლილი ყაყაჩოს ფოთოლი…

აქამდე თუ ამ ლექსებს სხვისგან ვიცავდი, ახლა მათი სხვებისთვის ჩუქება და მათი აზრის გაგებაც მომწყურდა. ნუ იქნებით ძალიან მკაცრნი და ნურც ტყუილად შეაქებთ, უბრალოდ მიიღეთ იგი მცირე საჩუქრად, რომლის მიზანია ხუთიოდე წუთით მაინც მოგწყვიტოთ რეალობას… ამ ბლოკნოტში წლების მიხედვითაა დალაგებული ჩემი ლექსები და მკითხველს შეუძლია თვალი გადაავლოს ჩემს ზრდას თუ დაცემას პოეზიაში…“

ნინოს ლექსი “კვირის სიზმარი” კი მისი ცხოვრების წინასწარმეტყველებად იქცა:

“ხვალ კვირაა ნეკერქალაქში.
სიმშვიდის ნიშნად
მწვანე დროშებს აფრიალებენ ხეები,
სხვა დროს გულგრილნი რომ რჩებიან ხოლმე.

განთიადიდან საკმევლის სუნი მოეფრქვევა
ეკლესიებს და მიმდებარე ტერიტორიებს,
მე კი, როგორც უღმერთოდ დაღლილს
მარჯვენა ლოყა შიშველ მკლავზე მშვიდად მედება.

მე ვიძინებ, ჩემი სული კი ისეირნებს მთავარ ქუჩებში.
აჟივჟივებულ პატარების თვალებს გავყვები
და ზეცაში კუდმოქნეულ ფრანად ვიქცევი…

ნეკერქალაქში – სიზმარეთის მთავარ ჭიშკართან
ხვალ პაემანი დავუნიშნე ლამაზ მომავალს…”