14 მაისი, 2021

მედეა ამირანაშვილის ახდენილი წინასწარმეტყველება

ოპერის მომღერალს მედეა ამირანაშვილს წინასწარმეტყველება აბსოლუტური სიზუსტით აუხდა.

ცნობილი ოპერის მომღერლების – პეტრე ამირანაშვილისა და ნადეჟდა ცომაიას შვილს ჯერ კიდევ წლების წინ დიდმა მაესტრომ სანდრო ინაშვილმა დიდი წარმატება უწინასწარმეტყველა.

ერთ-ერთი გაკვეთილის შემდეგ, პეტრე ამირანაშვილს სანდრო ინაშვილმა უთხრა: “დაიმახსოვრეთ – ამ გოგონათი საქართველო იამაყებს!”

მართლაც მედეა ამირანაშვილმა თავისი უკიდეგანო ნიჭიერებით ასახელა სამშობლო და მსოფლიო სცენები დაიპყრო.

მას წილად ხვდა ბედნიერება მშობლებთან ერთად ემღერა “პიკის ქალში”, ნადეჟდა ცომაია გრაფინიას პარტიას მღეროდა, პეტრე ამირანაშვილი – ტომსკის, მათი შვილი კი – პრილეპას.

მედეა ამირანაშვილის უნიკალური ხმით მოხიბლული უცხოელები ხშირად სთავაზობდნენ მათთან დარჩენას და ზღაპრულ კარიერასა და ცხოვრებასაც ჰპირდებოდნენ, თუმცა მომღერალი ყოველთვის სამშობლოში დაბრუნებას არჩევდა და ერთი და იგივე ფრაზას იმეორებდა: – სახლში მინდა!

– ყველგან კარგია, მაგრამ სახლში უკეთესია! – ამბობდა უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული მედეა ამირანაშვილი და დღესაც არ ნანობს, რომ საზღვარგარეთ არ დარჩა.