31 მაისი, 2021

მარინა ჯანაშიას ასრულებული ოცნება გოჩა კაპანაძისგან

რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ მსახიობ მარინა ჯანაშიას დიდი ხნის სურვილი აუსრულა, როდესაც აღდგენილ “მარიამ სტიუარტში” დედოფალ ელისაბედის როლზე მიიწვია.

ამ მნიშვნელოვან ამბავს მარინა ჯანაშია სიამოვნებით იხსენებდა:

“სამი წლის განმავლობაში ეს სპექტაკლი თავის დროზე მიდიოდა ანშლაგით, არც მესმის და არც ვიცი, რატომ მოიხსნა მაშინ “მარიამ სტიუარტი”. ამ სპექტაკლში ლიკა ჭავჭავაძე შევალე. ის იყო ძალიან კარგი და ძალიან საინტერესო მოხუცი ელისაბედის როლში. როცა გოჩამ ეს როლი შემომთავაზა, თავი შევიკავე, იმიტომ რომ საერთოდ არ მიყვარს, როცა სხვის როლზე შევდივარ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს როცა კარგად ნათამაშევი როლია.

მერე ვთხოვე გოჩას, ცოტა სხვანაირად გაგვეკეთებინა, რომ იგივე არ ყოფილიყო. მაშინ ელისაბედი ჩნდებოდა თავში და ბოლოსკენ. შუაში მაყურებელს ავიწყდებოდა კიდეც მისი არსებობა, მე კი მინდოდა, მოხუცი ელისაბედი პერიოდულად გამოჩენილიყო მაყურებლის წინაშე თავისი ფრაზით “უნდა გავიხსენო, უნდა გავიხსენო” და დადასტურებულიყო ის, რომ ელისაბედი მართლაც იხსენებს, სად დაუშვა შეცდომა, რითი არის ბედნიერი მისი მმართველობის პერიოდში. ის სიყვარული, რომელიც მას ჰქონდა, სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე გახრწნილია ფიზიკურად.

ეს სენი მას მამამისისგან გადაედო გენეტიკურად და მიუხედავად იმისა, რომ მოხუცია, მაინც მისტირის და სულ ამბობს, სიყვარული ღმერთის ღიმილს ჰგავს, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გაგიღიმებს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე გაგყვება, სიკვდილამდე. ეს არის ელისაბედის სიყვარული ლაისტერის მიმართ. ისე მიყვარს ეს სცენა, მიუხედავად იმის, რომ არაფერს ვაკეთებ იმის გარდა, რომ ვამბობ ამ ტექსტს, ჩემთვის მაინც გამორჩეულია. ელისაბედი ბედნიერია იმით, რომ ეს მის ცხოვრებაში იყო, მაგრამ უბედურია იმით, რომ საყვარელმა ადამიანმაც მარიამ სტიუარტთან უღალატა. ეჭვის და ღალატის გამო დასაჯა და გასწირა საყვარელი ადამიანი, სამაგიეროდ, შექმნა უდიდესი სახელწიფო და ის პერიოდი ითვლება ოქროს ხანად ინგლისის ისტორიაში.

ამ სპექტაკლის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ არის სათქმელი, რაც გაუცნობიერებლად ან შეიძლება გაცნობიერებულად, ჩვენს მაყურებელს, მოქალაქეებს, ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს, ჩვენ გვაწუხებს – პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე და პასუხისმგებლობა ჩვენი ცხოვრების წინაშე.

ხშირ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ მოვალეობები ერთმანეთში. ჩემი აზრით, აქ მოვალეობების ჭიდილია, რაც დღეს ჩვენს სახელწიფოში ყველაზე მნიშვნელოვანია. არსებობენ ქვეყნები, სადაც არ აინტერესებთ პოლიტიკა. ჩვენს ქვეყანას ეს ბედი არ ხვდა წილად. ამ ბოლო წლების განმავლობაში სულ იყო იმის გარკვევა რა არის ადამიანის მოვალეობა, იმ ადამიანისა, რომელიც ჩვეულებრივი ჭანჭიკია და იმ ადამიანისა, ვინც ქვეყანა უნდა მართოს. ჩვენი პოლიტიკა ხისტი იმიტომ არის, რომ მასში ქალები ნაკლებად არიან ჩართული. მამაკაცები ძლიერები არიან, მაგრამ ცოტა მეტი ქალი რომ იყოს პოლიტიკაში, არ გაწირავდა ამდენ ადამიანს ციხისთვის, სიკვდილისთვის, დააბალანსებდა მდგომარეობებს და ის სულ სხვანაირად დაარეგულირებდა. აი, ამაზეა ეს სპექტაკლიც.

სულ ვოცნებობდი ელისაბედის როლის თამაშზე. ადრე რომ მეკითხებოდნენ რომელი როლის თამაშზე ოცნებობთო, სულ ვამბობდი, რომ ჩამიარა და აღარ ღირს ამაზე ლაპარაკი-მეთქი. ამას ვამბობ იმ შემთხვევაში, თუკი ეს როლი ვინმემ ითამაშა და თანაც კარგად ითამაშა. ნანუკა ხუსკივაძეს ჰქონდა მაშინ ეს ნათამაშევი და თანაც ძალიან კარგად. ამავე დროს იყო “ლედი მაკბეტი”, რომელზეც ასევე გოჩა კაპანაძემ იმუშავა, მაშინ ეს როლი ითამაშა ნინო კასრაძემ და ძალიან კაგად, ამიტომ ვამბობდი, რომ საოცნებო როლმა ჩამიარა-მეთქი. რადგან ამ ასაკში ელისაბედის რაღაც ნაწილი ვითამაშე, ახლა ვამბობ, რომ დიახ, ელისაბედი იყო ჩემი საოცნებო როლი.

გამოდის გოჩა კაპანაძემ ჩემი ოცნება გამოიცნო – რაღაც ნაწილით მაინც მოვიდა ეს როლი ჩემთან და მადლობელი ვარ. მიხარია ის, რომ მაყურებელი აღნიშნავს, იმ ელისაბედის სიბერე ნამდვილად ვარ მე – მარინა ელისაბედი. გარეგნული მსგავსება დაიჭირა ჩვენს შორის მაყურებელმა და ეს ძალიან მახარებს. გამუდმებით რეკავდა მაყურებელი და ითხოვდა ამ სპექტაკლს, ამიტომ გოჩა კაპანაძემ აღადგინა. მართლა გაუგებარია რატომ მოიხსნა ეს სპექტაკლი, ისევე როგორც “ბერნარდა ალბას სახლი”, ისიც გოჩა კაპანაძემ დადგა.

საერთოდ მისი სპექტაკლები ანშლაგით მიდის. მათ შორის ერთ-ერთია “მოხუცი ჯამბაზები”, რომელიც მართლა გამორჩეულია. როცა ეს სპექტაკლი გვაქვს, ვამბობ – ეს არის დღე სასწაული! მართლა დიდი პატივია ჩემთვის, რომ ასეთ მსახიობებთან მიწევს თამაში. როცა ამ სპექტაკლში იყვნენ ქალბატონები მედეა ჩახავა და ზინა კვერენჩხილაძე, ეს იყო ვარსკვლავთა სრული ნაკრები. მთელი მუშაობის პერიოდში სპექტაკლში იყო ბატონი კარლო საკანდელიძე და მას უშუალო პარტნიორობას ვუწევდი. მერე ძალიან შეუძლოდ გახდა ბატონი კარლო და დაინიშნა პრემიერა, თუმცა გოჩამ გამოაცხადა, როგორც კი ბატონი კარლო შეძლებს თამაშს, მისი როლი არსებობს, ის იმავე დღეს დაბრუნედბა სპექტაკლშიო, მაგრამ ბატონმა კარლომ ვეღარ შეძლო, თუმცა ის პრემიერას დაესწრო. შეიძლება სპექატკლის დადგმა დაგვიანდა, მაგრამ თეატრს თავისი გეგმები აქვს, ამიტომ წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ.

ძალიან მიყვარდა სპექტაკლი “გედის სიმღერა”, რომელიც მოიხსნა. სპექტაკლი იმ პერიოდში მოიხსნა, როცა რუსთაველზე კარვები იდგა და თეატრში მაყურებელი აღარ დადიოდა.”