27 მაისი, 2021

მარინა ჯანაშია – ყველაზე თავმდაბალი მსახიობი

თუკი მსახიობ მარინა ჯანაშიას ჰკითხავდით, რომელი პერსონაჟი იყო მაყურებლისთვის, აუცილებლად გიპასუხებდათ: “მაყურებლისთვის ვარ ქალბატონი ანიკო “კუკარაჩადან”, სიდონია “თეთრი კურდღლიდან” და ჯულიეტა “რომეო და ჯულიეტადან”, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, ბევრად უფრო საინტერესო როლებიც მაქვს ნათამაშევი.”

მსახიობობის სირთულეზე კი ასე საუბრობდა:

“როცა ნიჭი და იღბალი ერთად არის, ეს მსახიობისთვის დიდი გამართლებაა. ამავე დროს შრომისმოყვარეობაა მთავარი. ვფიქრობ, მსახიობს ძალიან უშლის ხელს როცა ის ამპარტავანი და ამბიციურია, არაფრით არ შეიძლება საკუთარი თავით ტკბობა. მსახიობში მთავარი თავმდაბლობაა, მიყვარს თავმდაბლობა, ყველა ასეთი მსახიობი უყვარს მაყურებელსაც. შეიძლება არ ვარ პირველი, მაგრამ სულ ვამბობ, რომ სცენა არის რენდგენი, ვერ გამოაპარებ მაყურებელს ვერაფერს, ჩანს ყველაფერი – რა და ვინ დგას სცენაზე. იმის მიხედვით იყვარებს მაყურებელი მსახიობს, ან არ იყვარებს. შეიძლება მსახიობი სიცოცხლის ბოლომდე უყვარდეს, მაგრამ შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვას, სულ გადაიყვაროს მაყურებელმა. ბეწვის ხიდზე სიარულია მსახიობის ცხოვრება – პირადიც და სცენიურიც.

რამდენი ნიჭიერი მსახიობია საქართველოში, რომელიც არ მოხვდა საჭირო დროს საჭირო ადგილას. ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის მდინარის საწინააღმდეგოდ მივდიოდი და არ ვიცი რატომ და ეს ყოველთვის მაზარალებდა. ამ ყველაფერს რომ არ დავეზარალებინე, შეიძლება ჩემი კარიერა სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ არა უშავს, რაც მოსახდენი იყო, ის მოხდა. ამაში ვგულისხმობ დამოკიდებულებას რეჟისორების მიმართ – არაფრით არ შემიძლია თავის შეხსენება. სულ ამას გვეუბნებოდა ბატონი მიშა, არ დაგინახოთ ფოიეში, არ დაგინახოთ ბუფეტშიო. ჩემი ჯგუფი იყო ამის პატიოსანი შემსრულებელი. რა მოგვიტანა ამან? ჩვენი ჯგუფი დავრჩით კუთხეში, დღემდე არ ვიცით მუჯლუგუნებით სიარული. მგონია, რომ რაღაც კუთხით ეს კარგიც არის, რადგან მთავარია, შენს თავთან ხარ მართალი და მაყურებელსაც გულწრფელად უყვარხარ….

თეატრში ხშირად გარემო პირობების გამო იხსნება სპექტაკლი. ბევრი მიზეზია, რის გამოც სპექტაკლი რეპერტუარში აღარ არის ხოლმე. თუკი სპექტაკლი ბრუნდება, ეს კარგია, მაგრამ თუ აღარ ბრუნდება, მის მიმართ სიყვარული შენს გულში გაქვს ყოველთვის და უნდა გააგრძელო საქმის კეთება, თუკი ღმერთი გასაჩუქრებს იმით, რომ ამ ასაკში ახალ სამუშაოს გაძლევს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრი წელი ვიყავი გაჩერებული. ეს ჩემი ბრალი არ იყო. ეს იმის ბრალი იყო, რომ რეპერტუარში არ იყო ისეთი სპექტაკლები, სადაც ვიქნებოდი დაკავებული, ამით ვიმშვიდებ თავს.

სრული დისკვალიფიკაცია რომ არ მიმეღო, ვახმოვანებდი ფილმებს, რომ სამეტყველო აპარატი მაინც მქონოდა წესრიგში. ამ პერიოდში მომემატა წონა, ერთადერთი სამეტყველო აპარატი შევინარჩუნე, თუმცა მსახიობები როგორც კი ვიწყებთ მუშაობას, წონაზე ფიქრი არ გვიწევს, ყველაფერი თვითონ იფერთხება.

პაუზა საჭიროა, მაყურებელს რომ მოენატრო, მაგრამ არა მგონია 10 და 12-წლიანი პაუზა აუცილებელი იყოს. ბატონი მიშა თუმანიშვილი სულ გვეუბნებოდა, არ გათხოვდეთ, ოჯახი და მსახიობობა შეუთავსებელიაო. ხანდახან ვფიქრობდი, აი, რა მართალი იყო ბატონი მიშა-მეთქი, მაგრამ როცა ასეთი დიდი პაუზა დადგა ჩემს ცხოვრებაში, მივხვდი, რომ ოჯახი აუცილებელია. მე ჩემმა ოჯახმა გადამარჩინა, ოჯახი რომ არ ყოფილიყო, ძალიან გამიჭირდებოდა მორალურად და არც კი ვიცი, ჩემი საქმე როგორ იქნებოდა. ოჯახი კედელივით მედგა მხარში.”