7 მაისი, 2021

მარიკა კვალიაშვილის დაუჯერებელი სასწაულები

კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის ცხოვრებაში არაერთი სასწაული მომხდარა – შემოქმედი ამას უფლის დიდ წყალობას უკავშირებს:

“ბევრი ისეთი მომენტი მქონდა ცხოვრებაში, რამაც ცოცხლად დამანახა, რომ უფალი ჩემთან არის. როცა უზომოდ გამიჭირდა, მაშინაც კი ვიგრძენი ღმერთის თანადგომა. 21 წლის შვილი გარდამეცვალა და არც მაშინ მივუტოვებივარ ღმერთს. ვერასოდეს ვიტყვი, რომ მისი თავი ღმერთმა წამართვა. ღმერთი არ გართმევს შვილს, მას თავისი მფარველობის ქვეშ მიჰყავს შენი შვილი, რომ ამქვეყნად კიდევ უფრო დიდი უბედურება ააცილოს. მუხლის ჩოქვით ვევედრებოდი ღმერთს და მადლობას ვუხდიდი. დედისთვის შვილის გარდაცვალება უდიდესი ტკივილია, მაგრამ ისიც გავაცნობიერე, რომ ღმერთმა მომცა ჩემი გურამიკო და ღმერთმა წაიყვანა. 17

წლის ვიყავი, როცა სიზმარი ვნახე, ვითომ რაღაც მწვერვალი ავიარე უზომოდ ბედნიერმა და თავზე რომ მოვექეცი, ჩამობნელდა. ცისკენ ავიხედე, გაიხსნა ცა და რაღაც საგანი წამოვიდა ჩემი მიმართულებით. როდესაც ახლოს ვიხილე, აღმოჩნდა სასახლე, რომელზეც რიცხვი 21 მკაფიოდ იკითხებოდა. რომ გავიღვიძე, ჩვენებს მოვუყევი. 21 წლის რომ გავხდი, ეშინოდათ, რამე არ მომსვლოდა. თურმე სად მაფრთხილებდა უფალი, სინამდვილეში ცხოვრებისეული აღმართი რომ ავიარე ბედნიერმა, სწორედ მაშინ გარდამეცვალა 21 წლის შვილი. აი, თურმე რას მიმანიშნებდა უფალი.

როცა მარტო ვრჩები საკუთარ თავთან, იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ვფიქრობ და მგონია, რომ ამას ყველა გონიერი ადამიანი ფიქრობს. სიკვდილის შიში ყველას აქვს. არ გეთმობა ადამიანს აქაურობა, აქ დაიბადე, აქაურობა იცი, თუმცა მქონია ხილვები, რომლებიც პატრიარქამდე მიდიოდა და მას დავუბარებივარ კიდეც თავისთან. საგალობელი რომ დავწერე, ჩემი შვილის გარდაცვალებიდან 15 დღე იყო გასული. მინდოდა, მისთვის ხმა მიმეწვდინა, ეს საგალობელი სიონის ეკლესიაში იგალობეს. იმ საღამოს სიონში ყველა მუხლებზე იდგა. მოიყვანეს პატარა ბავშვები თეთრებში ჩაცმული, იების კონაში ანთებული სანთლით გალობდნენ ამ საგალობელს. პატრიარქისთვის მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, თავისთანაც ამიყვანა, რამდენჯერმე მოისმინა და ჩაიწერა. იქიდან რომ წამოვედით, სასაფლაოზე ავიდეთ-მეთქი, ჩემებს ვუთხარი. ღამის 12 საათი იყო და საფლავს ძაბრისებრი, განსაკუთრებული შუქი ედგა. ჩემი მეუღლე სვანი იყო, მისი ძმისშვილი ძალიან მორწმუნეა, ისინი სვანეთში ცხოვრობენ. მეორე დილით ამ გოგონამ დამირეკა და მეუბნება, გურამი დამესიზმრა ამ დილით, კიბეზე ამორბოდა და მეძახდა, რუსიკო, დედაჩემმა რა დამიწერა, გაიგეო? მათთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ორი კვირის თავზე დავჯდებოდი და საგალობელს დავწერდი.

40 დღე რომ გავიდა, ხილვა მქონდა. ვიღაცის ფარულმა ხელმა შემიყვანა დიდ ოთახში, სადაც ჩემი შვილი ისეთივე ჩაცმული იწვა, როგორიც გავისტუმრე. რომ მივედი, მონატრებულ შვილს ჩავეხუტე და ავტირდი. ჩემს სიხარულს და განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ვხედავდი, რომ თვალწინ მიცოცხლდებოდა და მინდოდა, ყველა დასმულ კითხვაზე მიმეღო პასუხი, როგორ ცხოვრობდა ის ზეციურ სამყაროში. გულის მოოხების შემდეგ, პირველი კითხვა, რაც დამებადა, სიკვდილის შემდეგ არსებობს რამე-მეთქი. წამოიწია, იდაყვზე დაეყრდნო და განმიმარტა: დედა, ყველას გადაეცი და შენც იცოდე, რომ სიკვდილის შემდეგ იწყება ახალი, ნეტარი სიცოცხლეო. ამ სიტყვებს რა დამავიწყებს. ვინ გივლის, ვისთან ხარ-მეთქი. თუ ვინმეა წამოსული ჩვენი, ყველა თავს მევლება. პირველად ღმერთის მეშინოდა, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ, მის კალთას ვარ ამოფარებულიო. რას ჭამ, რას სვამ-მეთქი. რასაც მიკეთებ, საკურთხს, ყველაფერს ვხედავ, ყველაფერი მომდის და დიდი მადლობელი ვარო. აბა, სასაფლაოზე რომ ყოველდღე დავდივარ, იქ ვინ არის-მეთქი. იქაც მე ვარ, იქ ჩემი სხეულიაო, მერე ხელები მაღლა აღაპყრო, ჩემი სული კი იქ არისო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ უკვე უნდა წასულიყო, ჩავეხუტე და თვითონაც ისე ძლიერად მომიჭირა ხელები, გამოფხიზლების შემდეგ მკლავები მტკიოდა.

როცა მიდიოდა, ვუთხარი, გურამიკო, ნუ წახვალ, ან მეც თან წამიყვანე, ან დარჩი-მეთქი. დედა, არავითარი სურვილი აქ დარჩენის არ მაქვს და არც უფლებაო. რომ ვერ ვძლებ უშენოდ-მეთქი? სულ თქვენთან ვარ, უბრალოდ, თქვენ ვერ მხედავთ, რომ მოგენატრები, მოვალ და როგორც ახლა გეჩვენე, ისე გეჩვენებიო და უცებ გაქრა. ამ ხილვით ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანები, საეკლესიო პირები ყველა განცვიფრებული იყო.

ჩემი ქმარი და შვილი ისედაც მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და მათთვის არ მინდოდა ჩემი ცრემლი მეჩვენებინა. როცა ისინი სახლში არ იყვნენ, მაშინ ვიოხებდი გულს. ჩემს სიმღერებში დღესაც არის სევდა. ერთხელაც ისევ ტირილში ჩამეძინა, ისევ ვნახე გურამიკო, რომელმაც მითხრა, დედა, რაც გითხარი, ყველაფერი მართალი და ჭეშმარიტიაო. კატეგორიული და მკაცრი ტონით მითხრა, თითქოს მიმანიშნა, რატომ ტირიხარო.

სულ სასწაულები ხდებოდა ჩემს თავს. დედაჩემი მეწვა მეცხრე საავადმყოფოში. ერთი წამალი იყო, რომელიც მხოლოდ ცხელ წყალში იხსნებოდა. თუ უცბად იმას არ მივცემდი, დედა გარდამეცვლებოდა. შუაღამისას გახდა ცუდად. იმ პერიოდში შუქი ქრებოდა, წყალი ცხელი კი არა, ცივიც აღარ მოდიოდა. მადუღარა მქონდა და მის იმედად ვიყავი. იმ ღამეს არც შუქი იყო, არც თერმოსში მქონდა წყალი. შემოვირბინე მთელი პალატები, არავის აღმოაჩნდა წყალი. დედა თავშეკავებული ქალი იყო, ვგრძნობდი, რომ მიდიოდა და ხმას არ იღებდა. სულ ერთი ჭიქა წყალი მჭირდებოდა. დავდიოდი ჭიქით ხელში გადაკეტილ ონკანებთან და ინსტინქტურად ვაღებდი, თან ვლოცულობდი, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ნიკოლოზ, გევედრები, შემეწიეთ-მეთქი. უცებ გავაღე ის დაჟანგული ონკანი, რომელშიც ოდესღაც მოდიოდა ცხელი წყალი, შევუშვირე ჭიქა, წამოვიდა ცხელი წყალი, გაავსო ჩემი ქიჭა და ისევ დაწყდა. არ არის სასწაული? იმ ღამეს დედა ღმერთმა გადამირჩინა.”