6 მაისი, 2021

ლიტერატურული პერიოდიკის გამოცემა შეჩერებულია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჟურნალების “არილი”, “ახალი საუნჯე” და “ლიტერატურული გაზეთის” გამოცემა შეაჩერა.

შოთა იათაშვილი, პოეტი:

“საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – გამოფხიზლდით, უვარგისებო!
პროკურორო, ლიტერატურაზე ხელს არ დაგაბანინებთ!”

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი:

“საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – რატომ შეაჩერეთ ლიტერატურული პერიოდიკის გამოცემა? ტექსტების და კონტექსტების ჟურნალი “ახალი საუნჯე”, “არილი”, “ლიტერატურული გაზეთი” წლების მანძილზე ჩვენი მონაპოვარია – თანამედროვე ქართველი მწერლების, პოეტების, კრიტიკოსების, მთარგმნელების, გამომცემლების მონაპოვარი და მათი გაჩერების, დაკონსერვების, გაურკვეველი ვადით გადადების თუ საერთოდ გაქრობის უფლებას არავის მივცემთ!

ლიტერატურული პროცესი უწყვეტი უნდა იყოს, ისევე, როგორც ბიუჯეტიდან გაღებული მიზერული თანხების ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩადება. ჩინოვნიკები საკუთარი ჯიბეებიდან არ აფინანსებენ ამ ჟურნალ-გაზეთებს, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილებები. ეს ხალხის ფულია და სამინისტრო თუ რამეს ნორმალურს აკეთებს, ჯერჯერობით სწორედ ასეთი პროექტების დაფინანსება და მწერალთა სახლის საქმიანობაა, სადაცა ასევე შეჩერებულია ყველა პროექტი.

აღადგინეთ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის და მოგვეცით წერის, გამოცემის და მკითხველთან საკუთარი სიტყვის მიტანის საშუალება!”

ზაზა კოშკაძე, პოეტი:

“შეურაცხმყოფელია რასაც ეს კულტურის ჩინოვნიკები უკეთებენ ამ ქვეყანაში ლიტერატურას და მწერლობას. წელი არ ჩაუგდიათ, რო რამე არ გაეჩერებინათ ან ბიუჯეტი არ შეემცირებინათ. კონკრეტულად ლიტერატურის მიმართ აქვთ ეგ მიდგომა, რასაც მე ვხედავ.

ამ ქვეყანაში ორად ორი ჟურნალი არსებობდა, “ახალი საუნჯე” და “არილი” და ეგეც გააჩერეს. ჯერ ხო ისე შეუმცირეს ბიუჯეტი, რომ ყოველთვიური გამოცემა წელიწადში ექვსი ნომერს გამოსცემდა მხოლოდ. ახლა საერთოდ გააჩერეს.

მწერალთა სახლმა მთელ მსოფლიოში გაუთქვა საქართველოს სახელი და ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალი იყო თბილისის ლიტერატურული ფესტივალი, რაზეც შეიძლება მოხვდე მწერალი ადამიანი. ეს თავხედები მერე დარბიან ამ გახსნებზე, რომლებსაც ბიუჯეტს ყოველდღე უმცირებენ და სხედან იქ და გაიძულებენ მადლობები უხადო საჯაროდ, გეგონება ბებიამისების ფულები გაიმეტეს და არა ბიუჯეტის.

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური – თქვენ თავი ვინ გგონიათ? ძალიან ცუდად შემოგიბრუნდებათ ეს ამბავი.”

ლელა სამნიაშვილი, პოეტი:

“არილს”, “ახალ საუნჯეს” და “ლიტერატურულ გაზეთს” რომ გააჩერებს, მწერლობისთვის ერთადერთ ნორმალურ პლატფორმას, საინტერესოა, რა დიად მიზნებს ემსახურება ამ მომენტში კულტურის სამინისტრო თავისი დაუსრულებელი “მნიშვნელოვანი რეორგანიზებებით”.

ამ ჟურნალებმა კი გაუძლეს რამდენიმე “ეპოქას” და იმედია, კიდევ გაუძლებენ, მაგრამ ქვეყნის მთავარი საჯარო დაწესებულებების მთავარი ფუნქცია ცოცხალი პროცესების დაკონსერვება გახდა. ბიუჯეტის განკარგვას დროულად რომ ვერ ახერხებენ, ჩინოსნებს თავები ალბათ მეცენატები გონიათ და როდის მოვლენ ქველმოქმედების ხასიათზე, უნდა ველოდოთ.”