20 მაისი, 2021

კნუტ ჰამსუნის არაჩვეულებრივი ჩანაწერი საქართველოზე

ნობელის პრემიის ლაურეატი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი საქართველოში მოგზაურობაზე თავის მოგონებებში განსაკუთრებული აღფრთოვანებით საუბრობდა.

მან მოგზაურობა 1899 წელს დაიწყო და რუსეთის გავლით კავკასიაში ჩამოვიდა. წიგნში “ზღაპრულ მხარეში (კავკასიაში ნანახი და ნაოცნებარი)” ყაზბეგისა და დიდებული მყინვარწვერის შესახებ წერს:

“ეს სხვა სამყაროა, იქ ხალხი უფრო ლამაზია, ღვინო უფრო წითელი და მთები უფრო მაღალი. და მე ვფიქრობ, ღმერთი მთელი წლის განმავლობაში ყაზბეგთან ცხოვრობს…

დგას ყაზბეგი, თითქოს სხვა სამყაროდან მოსული, გარშემორტყმული მთებით, რომლებსაც მისთვის ერთგულების ფიცი აქვთ მიცემული. დგას და გვიმზერს…

ჩამოვქვეითდი, ეტლს უკნიდან მოვექეცი, გავჩერდი და სივრცეში ვიყურები. თავბრუ მესხმის, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მაღლა ავდივარ, გზას ზემოდან დავყურებ და ღმერთის პირისპირ ვდგები. ისეთი სიწყნარეა, ყურში სიოს სისინი მესმის, ყაზბეგის მწვერვალიდან კი ქარის ქროლვის ხმა მოდის. ნისლები სადღაც მთის შუაწელზე მიირწევიან, მწვერვალამდე ვერ აღწევენ.

მაღალი მთები უწინაც მინახავს – ჰარდანგერვიდესა და იოტენჰაიმენის მთებში მივლია, ბაიერის ალპებსა და კოლორადოშიც ნამყოფი ვარ და სხვა ბევრი მთიანი ადგილიც მომიხილავს, მაგრამ სხვა დროს არ გამჩენია ცაში აფრენის შეგრძნება. აქ კი ფეხქვეშ მიწა მეცლება და ეტლს მაგრად ვეჭიდები. მერე მწვერვალი ღრუბლებში გაეხვია და ჩვენი მხედველობის არიდან გაქრა, თუმცა ღრუბლების მიღმა ისევ ისმოდა მყინვარის გუგუნი.

ეტლიდან დამიძახეს და კვლავ ჩემს ადგილს მივაშურე…”