4 მაისი, 2021

კახი კავსაძის და ბელა მირიანაშვილის გენიალური როლები

მსახიობების კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის როლებიდან მაყურებელს საუკეთესოს გამორჩევა უჭირს – მათთვის ყველა დაუვიწყარია. მთავარი და გენიალური როლები მათ რეალურ ცხოვრებაში “ითამაშეს”, როდესაც ერთმანეთი შეუყვარდათ, სამაგალითო ოჯახი შექმნეს და მათ სიყვარულზე დღემდე ლეგენდები დადის.

ნიკა ჩერქეზიშვილი, პოეტი:

“რომ ვიცოდი, ცუდად იყო, ხშირად მეფიქრებოდა ამ დღეებში კახი კავსაძეზე.
რამდენჯერაც გამეფიქრა, იმდენჯერვე მისი სიყვარული გამახსენდა, როლებზე მეტად.
ალბათ უცნაურია, ან არც არის, არ ვიცი.
როლები გენიალური იყო და ამაზე მეტი თუ შეიძლებოდა რამე ყოფილიყო, მხოლოდ სიყვარულია!
ეს იყო კახი კავსაძის ცხოვრების უმთავრესი “როლი” და მან ეს როლი ბრწყინვალედ შეასრულა!

ერთ პატარა ისტორიას გავიხსენებ კიდევ და ამით დავასრულებ:
როდესაც ბელა მირიანაშვილმა სცენაზე დგომა ვეღარ შეძლო, როგორც ხდება ხოლმე, ის სხვა მსახიობებით ჩაანაცვლეს სპექტაკლებში, რეჟისორმა მედეა კუჭუხიძემ კი ბელას ავადმყოფობის გამო საერთოდ მოხსნა სპექტაკლი, ბელამ იცოდეს, რომ მის გარეშე რაღაცამ შეწყვიტა არსებობაო.

ეს ისტორია სულ მახსოვს.
დიდი მადლობა მედეა კუჭუხიძეს ამ ქმედებისთვის.
ვფიქრობ, ის ნათლად გამოხატავს ადამიანის მნიშვნელობას, უზენაესობას, რომ ვერცერთი სპექტაკლი და დადგმა ვერ იქნება ადამიანზე მნიშვნელოვანი.”