გურამ დოჩანაშვილის უდიდესი გულისტკივილი

მწერალი გურამ დოჩანაშვილი ღიად საუბრობდა თავის უდიდეს გულისტკივილზე წიგნში “არის და იყოც უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც”.

“არტ ინფო” წიგნიდან მცირე ამონარიდს გთავაზობთ, სადაც მწერლის უდიდესი გულისტკივილი ჩანს:

“სადაც დაიბადე, იქ უნდა იცხოვრო, იქაა შენი ადგილი. ქართველებს რამდენი წმინდანი მეფე გვყავს, რამდენ საქმეს აკეთებდნენ… დიადი მეფეები ვერაფერს გახდებოდნენ, გასაჭირში ქუდზე კაცი რომ არ გამოსულიყო. ერეკლეს დროს ნაკლები ქართველი იბრძოდა, მეტი – ორთაჭალის ბაღებში ქეიფობდა…

მივიღეთ კიდეც შედეგი. უკვალოდ არაფერი ჩაივლის, არც ქიშპობა, არც გულგრილობა. ამიტომ მტკივა გული, ქიშპს რომ ვხედავ. დამონებული ვართო, ვამბობდით და იცით, რამდენი ოჯახი ზეიმობდა 7 ნოემბერს? პურმარილს შლიდნენ… რამდენს შეჰყავდა ბავშვი რუსულ სკოლაში…

მთავარი დამნაშავეები ჩვენ ვართ. ამდენი მიწა წაგვართვეს და ახლა მაინც დავდგეთ ერთად… ციხე შიგნიდან ტყდებაო, – ჩვენზეა ნათქვამი. ჩვენშია ყველა მარცხის მიზეზი იმედი მაქვს, მოვა დრო და ყველა ერთად დავდგებით…ძალიან ახლოსაა ბედნიერება…

გეტყვით: ყველაფერს ეშველება… ხელოვნებაც ამას ემსახურება, რომ ცოტა უკეთესები გავხდეთ… ყოველი შემოქმედის უმთავრესი დანიშნულებაა, ადამიანი გახდეს უკეთესი, ვიდრე არის…”