25 მაისი, 2021

გურამ დოჩანაშვილის საიდუმლო ამოხსნილია

კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის საიდუმლო ამოხსნილია.

გია მურღულია, ფილოლოლგი:

გურამ დოჩანაშვილმა თავის ვრცელ მოთხრობაში “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, ზოგადად, გომბეშოს სახე უკვდავყო – აი, ის, ტვინი მარტივად რომ აქვს მოწყობილი და ფიქრი აუტანელ დისკომფორტს აყენებს. თურმე მხოლოდ მაშინ რეაგირებს გარემოზე, როდესაც წინ მწერი ჩაუფრენს – კვება ხომ ნაკლებად გონიერებსაც სჭირდებათ. დანარჩენ დროს მას თვალწინ ნაცრისფერი უძრავი ეკრანი აქვს.

ამ გომბეშოს კაცობრიობამ დიდი და შთამბეჭდავი ძეგლი უნდა დაუდგას (შესაძლოა ეკრანითაც) – ერთმა ნაწილმა იმისთვის, რომ მუდმივად შეიხსენოს, რას ჰგავს ადამიანი, რომელიც ამ არსებასავით ემალება აზროვნებას, მეორემ კი – ფაქტობრივად, საკუთარი თავის უკვდავსაყოფად, რათა უკიდურესად კმაყოფილი დარჩეს.

გომბეშო არც ლამაზია, არც მომხიბვლელი და არც საყვარელი. როგორც გავიგეთ, ჭკუითაც არ გამოირჩევა, მაგრამ ეს არ უშლის ხელს “იცხოვროს” – ზოგჯერ, ალბათ, წარმატებულადაც. მას აქვს უფლება, ასეთი იყოს.

ცუდი ის იქნება, გომბეშოებმა საკუთარი ცხოვრების წესის საყოველთაო დამკვიდრება რომ მოინდომონ – ბევრნი თუ მოგროვდნენ, დასაბუთებაც არ გაუჭირდებათ (ეს პროცესი, დიდი ალბათობით, დაწყებულიც აქვთ).

მერე მოგვიწევს ყველას იმ ძეგლთან ყვავილებით სიარული.

ღმერთმა არ ქნას, ვინმემ უკმაყოფილება ან, მითუმეტეს, საჯარო პროტესტი გამოხატოს – გომბეშოთა უფლებები თანამედროვე სამყაროში სრულად დაცულია და მათი დარღვევა წინა მარჯვენა ფეხზე კოცნით ისჯება.

ცოტა ჩვეულებრივ ადამიანთა დაცვა მოიკოჭლებს, მაგრამ არა უშავს – გომბეშოები ოქროს სარაიას აგვიშენებენ, საკუთარს რომ მორჩებიან, მერე.

უცნაური ჟამი დაგვიდგა – სხვებზე გამორჩეულად იმას აღიარებენ, ვინც ყველაზე უსახურია. ასეთ დროს ნიჭიერება გამოუსწორებელი ნაკლია, ხოლო სტატისტიკური “საშუალოობა” – წარმატებისთვის აუცილებელი ღირსება.

გომბეშოს ძეგლი გვჭირდება სასწრაფოდ – დავინახოთ მაინც, რა იმპოზანტურად გამოიყურება.

ძეგლს დიდი ასოებით უნდა ეწეროს:

“ჭკუა არ არის საჭირო ბედნიერებისთვის.”