14 მაისი, 2021

გივი სიხარულიძის მადლობა

მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე საჯაროდ იხდის მადლობას იმისთვის, რომ ღმერთმა საქართველოში ცხოვრება არგუნა:

“საქართველო ძმაკაცობის სამშობლოა!

მთელი ჩემი ცხოვრება საინტერესოდ განვვლე. დავიბადე იქ, სადაც უნდა დავბადებულიყავი, შემიყვარა ჩემმა ქართველმა ხალხმა, რომელიც ჩემთვის მშობლიურია. ხშირად დავფიქრებულვარ, რატომ არ წავედი საქართველოდან? მით უფრო მაშინ, როცა სხვადასხვა ქვეყნებიდან არაერთი შემოთავაზება მქონდა. მაგალითად, 1964 წელს შემეძლო არგენტინაში, ბუენოს აირესში დავრჩენილიყავი, საშუალება მქონდა მემუშავა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ნიუ-იორკში, ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენის ქვრივის უახლოესი ადამიანი ვიყავი. შემეძლო მეცხოვრა საფრანგეთში, იტალიაში, უნგრეთში, ქალაქ მოსკოვის ვიცე მერის I თანაშემწის თანამდებობაც შემომთავაზეს, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი.

გავიდა დრო. ამასობაში აგერ უკვე 77 წლის გავხდი. დროდადრო ფიქრი მახსენებდა თავს, იქნებ ჩემს ცხოვრებას სხვა ქვეყანაში უკეთესად წარვმართავდი-მეთქი, მაგრამ ამდენი ადამიანის სითბო და სიყვარული რომ მახსენდება, ვთვლი, რომ მართალი ვიყავი. მე ხომ გივი სიხარულიძედ ჩემმა მშობლიურმა საქართველომ შემქმნა, იმ სამეგობრომ, იმ მკითხევლმა თუ მაყურებელმა, რომელიც ამდენ სიყვარულს მჩუქნის.

და, აი, ჩემი მეგობრის, ნიჭიერი და საყვარელი პიროვნების, გურამ ვარდოსანიძის გარდაცვალებამ მეტად შემაფხიზლა და ჩემს თავს ვუთხარი, – გივი, რა სწორად გიფიქრია. შენ იმ ქვეყნის შვილი ხარ, სადაც დემურ ყიფიანისნაირი ვაჟკაცები ცხოვრობენ, დემურის, რომლის ქცევამაც მთელი საძმაკაცო გააოცა – გურამის დაკრძალვისას, ეს ლომივით კაცი, რომელსაც ყველა ძლიერ და უდრეკ პიროვნებად ვიცნობდით, უეცრად საფლავს გულ-მკერდით დაემხო და მისი ქვითინი მთელ სასაფლაოზე ისმოდა. დემურმა და მისმა ვაჟმა, კოტიკომ, გურამი სახელოვნად დაკრძალეს.

დაკრძალვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დემურმა გურამის მეუღლეს სთხოვა, გურამის ნაქონი ერთ-ერთი სამოსი მიეცა მისთვის. რა თქმა უნდა, ქალბატონმა დემურს ,,ჯემპრი” გადასცა, რაც გურამს სიცოცხლის ბოლო დღეებში ეცვა. დემურს მისი ჩაცმისას სიამოვნების ჟრუანტელი იპყობდა, ამას რომ ვიცვამ დავფრინავო, უთქვამს.
გავიდა რამდენიმე დღე. გურამის მეუღლეს დემურისთვის დაურეკავს და შეხვედრა უთხოვია. რა თქმა უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ისაუბრეს, გაიხსენეს გურამი და ბოლოს ქალბატონი ეუბნება, – დემურ, სიზმარი ვნახე, გურამი გამომეცხადა და მითხრა, ჩემი ბეჭედი დემურს მიუტანე, იმან ატაროსო. მართლაც, დემურს, გურამის სულის საპატივცემლოდ, დღემდე ეს ბეჭედი უკეთია. დიდება შენს ძალას, უფალო!

მანამდე, ვიდრე გურამს ბედისწერა სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაუჩნდა. დემურმა, გურამის ნების მიუხედავად, სახლი გაურემონტა, ახალი ნივთებით გააწყო და დასრულებულ ბინაში შეუშვა საცხოვრებლად.

გურამის სიკვდილმა დემურის შინაგან სამყაროს ფარდა ახადა და რეალური პიროვნება დაგვანახა.
ასეთი ფაქიზი სულის ადამიანია დემურ ყიფიანი, ბავშვივით გულჩვილი, სულგრძელი, ფაქიზი გრძნობების მატარებელი.

აი, თურმე ჩემი ხალხის სიყვარულთან ერთად, რამ არ გამიშვა საქართველოდან! ეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ასე უმძიმთ მეგობართან განშორება, ეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მეგობარს ამგვარად დაიტირებენ, სადაც ამხელა სიყვარულს მოგიძღვნიან! მაშასადამე, საქართველო მეგობრობისა და ძმაკაცობის, სიყვარულისა და ერთგულების დედა სამშობლოა! მადლობა ღმერთს, რომ ბოლომდე საქართველოს ცის ქვეშ ცხოვრება მარგუნა.

P.S ამგვარ მაგალითებზე დაყრდნობით, გპირდებით, მალე გამოვცემ წიგნს სათაურით, ,,საქართველო ძმობის და მეგობრობის აკვანი”.