5 მაისი, 2021

გინახავთ მიხეილ კობახიძე პოდიუმზე?

ალბათ ბევრისთვის უცნობია, რომ ქართველი რეჟისორი მიხეილ კობახიძე 1996 წელს მსოფლიოში აღიარებული დიზაინერის იოჯი იამამოტოს ჩვენებაზე გამოვიდა.

Hammock Magazine-თან საუბრისას გელა წულაძე იხსენებს:

“1996 წელს იოჯი იამამოტოს ქასტინგს ვმართავდი. მაგ დროს მიშა კობახიძე ახალი ჩამოსული იყო პარიზში. იოჯის ვთავაზობდი, რომ შოუში ატიპურ პერსონაჟებს მიეღოთ მონაწილეობა და არა მოდელებს. ვიცოდი, რომ ფულსაც გადაუხდიდნენ და მიშაც დამთანხმდა.

შოუს დღეს, სანამ ბექსთეიჯი ლაგდებოდა, ყველა სადემონსტრაციო მაგიდაზე ფრანგული, იმ დროისთვის ცნობილი გაზეთი – Libération იდო, რომელმაც 2 გვერდი მიუძღვნა მიშა კობახიძის ფილმებს, სახელწოდებით “ახალი ბასტერ კიტონი პარიზშია!”. რა თქმა უნდა, იოჯი და მთელი პერსონალი სტარტზე დადგა და დიდი მოწიწებით უვლიდა ჩემს მიშას. თითქმის ყველა სტუმარს უკვე წაკითხული ჰქონდა სტატია და მიშაც – ახალი კიტონი, პოდიუმზე გამოჩნდა კიტონისებური სერიოზული სახით, პოზებით და სიარულით!

ჩვენება რომ დამთავრდა, იოჯიმ კონტრაქტის მიხედვით გამოყოფილი თანხა შეცვალა და ჰონორარი სამმაგად გაზარდა. სიცილით გამოვედით დარბაზიდან, კაფეში რომ დავსხედით, მიშა მეუბნება: “რას წარმოვიდგენდი, რომ 1964 წელს გადაღებულ ფილმ “ქორწილში” პატარა ბიჭი 40 წლის მერე ამხელა ფულს ამაღებინებდა, მარტო სიარულში და თანაც პარიზში მაესტრო იოჯი იამამოტოს შოუზე.”